დეზინფორმაცია: საფრანგეთის მთავრობა ვაქცინისა და გარდაცვალების ფაქტების ურთიერთკავშირზე თვალს ხუჭავს

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება.

სოციალურ ქსელში, ვაქცინის შემდგომ გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელება გრძელდება. ამჯერად „ნიუსფრონტი“ და tvm.ge, საფრანგეთში, ვაქცინაციის შემდგომ ცხრა, 75 წელს გადაცილებული მოხუცის გარდაცვალებით მანიპულირებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ოფიციალური ორგანოები ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საფრანგეთშიც, ვაქცინაციისა და გარდაცვალების ფაქტების ურთიერთკავშირს, ჯიუტად არ იმჩნევენ. ამასთან ერთად, სტატიის ავტორი ვაქცინაციას მოხუცების მიმართ „მზრუნველ ექსპერიმენტს” უწოდებს. გამოცემების მტკიცებით, „საფრანგეთის სამედიცინო სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევები „ნორმალურია“, ვინაიდან იმუნური სისტემა, შესაძლოა, აცრაზე თავის ტკივილებით, გულის აჩქარებითა და მსგავსი სიმპტომებით რეაგირებდეს“.

ნიუსფრონტმა“ და tvm.ge-მ იდენტური სტატიები 24 იანვარს გამოაქვეყნეს. 22 იანვრისთვის, 800 000 ადამიანის ვაქცინაციის შემდეგ, საფრანგეთში 9 გარდაცვალების შემთხვევა ოფიციალურად იყო დაფიქსირებული. ამასთან ერთად, იმავე დღეს, საფრანგეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ (ANSM) გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ გარდაცვალების შემთხვევები, ვაქცინაციასთან კავშირში არ იყო. ANSM-ის განცხადებით, ყველა გარდაცვლილს მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა და ამასთან ერთად ძლიერ მედიკამენტებს იღებდა.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში, მოხუცებულებში ვაქცინაციის შემდგომ პირველი გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა, 20 იანვარს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა: „როდესაც ვსაუბრობთ ხანდაზმულ ადამიანებზე მოხუცებულთა სახლებში, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მყიფე, ხშირად მრავალი დაავადებისა და მძიმე მედიკამენტური მკურნალობის მქონე პირებზე, ვისთვისაც გარდაცვალების მიზეზები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, ვიდრე კოვიდ-19 ვაქცინაცია“. ამასთან ერთად, მან განაცხადა, რომ შემთხვევები გამოკვლეული იქნებოდა, რის შედეგადაც დადგინდებოდა, მოხუცების გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია, თუ დამთხვევა იყო.

22 იანვრის ოფიციალური განცხადების თანახმად, გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის კავშირში არ დადასტურდა.

საფრანგეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ყოველდღიურად, საფრანგეთში მოხუცებულთა სახლების დაახლოებით 465 ბენეფიციარი იღუპება.

აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ საფრანგეთში ჯიუტად არ იმჩნევენ ვაქცინაციისა და გარდაცვალების ფაქტების ურთიერთკავშირს, ყალბია. საფრანგეთში დღემდე არსებული ყველა ვაქცინის შემდგომი გარდაცვალების შემთხვევა გამოკვლეულია, არც ერთ მათგანში ვაქცინაციასა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ დადასტურდა.

სტატია, ფაქტებით მანიპულირების გზით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, ანტივაქსერული განწყობების გაღვივებასა და Pfizer-Biontech-ის ვაქცინის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მანიპულაცია ვაქცინის შემდგომ გარდაცვალების შემთხვევებზე, როგორც ნორვეგიის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების შესახებაც, აქტიურად ვრცელდებოდა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1; ბმული 2).

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.