სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შუახევის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტმა, ჯამში, 1 580 568 ლარი ვერ აითვისა, რაც ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პრიორიტეტების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს, ხოლო ბიუჯეტის შედგენის არსებული სისტემა მიღწეული შედეგების გაზომვისა და პროგრამის ეფექტიანობის შეფასების საშუალებას არ იძლევა.

აუთვისებლობის მიზეზად აუდიტი რამდენიმე პროექტის არასწორად დაგეგმვასა და განხორციელებას ასახელებს. მათ შორის:

სოფლებში: ფურტიო, ბუთურაული, ნენია სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობისთვის 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 799 997 ლარიდან ათვისებული იყო (სახელმწიფო აუდიტის მიერ შესწავლის პერიოდში) მხოლოდ 144 346 ლარი;

2018 წელს ვერ მოხერხდა სოფელ ბუთურაულის სასოფლო კლუბის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი 130 000 ლარიდან 77 459 ლარის ათვისება. ხელშეკრულებაში ოთხი ცვლილება განხორციელდა, ხარჯთაღრიცხვის პარამეტრების უმრავლესობა შეიცვალა, ძველი სამუშაოები გაუქმდა და ახალი დაემატა. როგორც აუდიტი აღნიშნავს, პროექტისთვის გამოყოფილი სახსრები არასაკმარისი აღმოჩნდა და სარემონტო სამუშაოები დაუსრულებელი დარჩა. ნაწილობრივ მხოლოდ პირველი სართულის სარემონტო სამუშაოები შესრულდა.

საანგარიშო პერიოდში, 149 400 ლარი აუთვისებელი დარჩა პროექტების არამდგრადი კლიმატური პირობების გაუთვალისწინებლად, ზოგ შემთხვევაში კი მათი დაგვიანებით დაგეგმვის გამო. საუბარი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების, წყლით უზრუნველყოფისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზეა.

გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ შიდა კონტროლის სისტემა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოქმედი წესებისა და ნორმების დაცვით შესრულებას ვერ უზრუნველყოფს. რიგი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფარული სამუშაოების აქტები არ არსებობს. ამასთანავე, შესრულებული პროექტების დაგვიანებით მიღება, შესაძლოა, სამუშაოების დაუსრულებლობას უკავშირდებოდეს და პირგასამტეხლოს დარიცხვისგან თავის არიდებისთვის გამოიყენებოდეს. ეს კი, როგორც აუდიტის ანგარიშშია მითითებული, არამართლზომიერი ქმედების რისკს წარმოშობს.

რაც შეეხება კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებს, აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა ტენდერი, რომელიც, ფურტიოს, ბუთურაულისა და ნენიის მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალი წყალსადენი სისტემის მაგისტრალისა და წყალგამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებდა. 2015 წელს 4 916 999-ლარიანი ხელშეკრულება კომპანიასთან „ვლადნეფტპოდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ გაფორმდა, რომელმაც ტენდერში ორი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

შესყიდვა მრავალწლიანი იყო და მისი დასრულება 2017 წლის 1 ნოემბერს არ უნდა გადასცილებოდა. როგორც აღმოჩნდა, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა. სახელშეკრულებო პირობები 16-ჯერ შეიცვალა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ გარკვეულ სამუშაოებზე, არ იყო წარდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შეიცვალა მილების დიამეტრი, მასალათა ღირებულება და სხვა. კომპანიას 536 740 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრა, რომელიც ბიუჯეტშია ჩარიცხულია. თუმცა ამ პროექტის გაჭიანურებამ აღნიშნულ სოფლებში შიგა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოების 2020 წლისთვის გადატანა გამოიწვია.

წყლის სისტემების მოწყობას კიდევ რამდენიმე ტენდერი უკავშირდება, რომელთა ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებით, როგორც აუდიტის სამსახური მიიჩნევს, პროექტების მიზნები მიუღწეველია.

აუდიტის სამსახურმა ხიჭაურის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოებიც არასათანადოდ შესრულებულად მიიჩნია. პროექტის განხორციელების მიზნით, 139 236 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „დიოკნისთან“ გაფორმდა. აუდიტის მიგნებით, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ამასთანავე, ლითონის მოაჯირი, პროექტის თანახმად, 77 გრძივი მეტრი უნდა ყოფილიყო, თუმცა კომპანიამ 66 გრ. მ.-ზე მოაწყო. მიუხედავად ამისა, შემსყიდველმა სამუშაოები ჩაიბარა, შემსრულებელს კი პირგასამტეხლო არ დააკისრა.

ამ და სხვა რამდენიმე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი, შესაბამისობა და სხვა ხარვეზები, აუდიტის ანგარიშის თანახმად, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ დროულად ვერ გამოავლინა. საუბარია ჯამში 6 563 903 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

კიდევ რამდენიმე მიგნება, რომლებზეც ანგარიშში ყურადღება გამახვილდა, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების საქმიანობის სფეროებისა და ფუნქციონირების სათანადო ანალიზის განუხორციელებლობას ეხება, რის შედეგადაც დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ები არსებობს. აღნიშნული გარემოება საბიუჯეტო რესურსის ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების ვალდებულებასთან შეუსაბამოა.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელზეც ანგარიშშია საუბარი, არის ა(ა)იპ „შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრი“. მუნიციპალიტეტმა ის 2019 წელს დააფუძნა და 44 274 ლარი გამოუყო. ორგანიზაციის წესდების თანახმად, ცენტრს შშმ პირთა საჭიროებების გამოვლენა, მათი დაკმაყოფილება, სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება ევალება.

როგორც აუდიტი აღნიშნავს, „შშმ პირთა დღის ცენტრის“ შექმნა და მისი დამოუკიდებელ ერთეულად ფუნქციონირება არ შეესაბამება მუნიციპალიტეტის ინტერესებს, რადგან მერიის პასუხისმგებელმა პირებმა ახალი ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა ვერ დაასაბუთეს.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ორგანიზაციისთვის რა მოცულობის ხარჯი გაითვალისწინა. როგორც აღმოჩნდა, მისი დაფინანსება თანდათან იზრდება. შუახევის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თანახმად, ა(ა)იპ „შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრისთვის“ 2020 წელს 73 700 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 2021 წელს დაფინანსება გაიზარდა და 139 000 ლარს მიაღწია. ორგანიზაცია 6-დან 18 წლამდე 20 ბენეფიციარს უნდა მოემსახუროს, კვირაში ხუთი დღე, 10-დან 18 საათამდე, დღეში ერთჯერადი სამკომპონენტიანი კვებითა და ტრანსპორტირებით.

პარალელურად, შუახევის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „შუახევის სოციალური მომსახურების სერვისცენტრიც“ ფინანსდება, რომელიც სოციალური დახმარების, ჯანდაცვის მხარდაჭერისა და სოციალური ხასიათის მიზნობრივ (მათ შორის, შშმ პირებზე გათვლილ) პროგრამებს ახორციელებს. სწორედ ამ ორი ორგანიზაციის ფუნქციების დუბლირებაზეა საუბარი სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. ორგანიზაციისთვის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 283 931 ლარი, 2020 წელს - 291 500 ლარი, ხოლო 2021 წლის გეგმა 307 651 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია ასევე აუდიტის მიერ გამოვლენილი კიდევ ერთი გარემოება: შუახევის მუნიციპალიტეტმა, 2018-2019 წლებში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, ჯამში, 124 725 ლარი გასცა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა, მერიის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მიზნობრიობის დაცვასა და საქმიანობის ეფექტიანობის გზრდის ხელშეწყობას, ვერ უზრუნველყოფს.


ფოტო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

თეგები: