ზღვისპირა პარკის გაშენების იდეა 1881 წელს, ბათუმის ოლქის გუბერნატორ ა. ი. სმეკალოვს ეკუთვნის. ამ იდეის განხორციელება პრუსიელმა მებაღეებმა, რესლერმა და რეიერმა იტვირთეს.
განაშენიანების პროცესში მოგვიანებით ფრანგი მებაღე მიხეილ დალფონსი ჩაერთო, ხოლო შემდეგ ეტაპზე - მებაღე-დეკორატორი იასონ გორდეზიანი.
ნარგავები, ანტიკური სტილის მარმარილოს ქანდაკებები, კოლონადები, საზაფხულო თეატრი, ფერადი შადრევნები - ყველაფერი დიდი მონდომებით, სკრუპულოზურად შეირჩა და გაკეთდა.
თითქმის სამი საუკუნეა, რაც ბათუმის ბულვარი ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ის ქალაქის ფილტვებიცაა და „ბეტონის ჯუნგლებად“ ქცეულ ქალაქში, ფაქტობრივად, ჟანგბადის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, ბათუმის ბულვარი არაერთხელ აღმოჩნდა განადგურების საფრთხის წინაშე და მის დასაცავად მოქალაქეებს, უკვე წლებია, ბრძოლა უწევთ.
ინფორმაციისთვის: სსიპ „ბათუმის ბულვარი“ შეიქმნა აჭარის ა/რ ქონების საფუძველზე და შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში. ბათუმის ბულვარი სამართავად სწორედ მას გადაეცა, წინა ხელისუფლების დროს.
ცოტა რამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ
ბათუმის ზღვისპირა ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2011 წლის 21 თებერვალს მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კი იცავს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, რომელშიც გარკვევით წერია, რომ ცენტრალური ხელისუფლების გარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა აჭარის ა/რ შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილების ფარგლებში ექცევა. აღნიშნული კანონის თანახმად, სწორედ ის უზრუნველყოფს საკუთარ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას, დაცვას და მისი მდგომარეობის სისტემურ შემოწმებას, ზრუნავს მის მოვლა-პატრონობაზე.
იმავე კანონით, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას, ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუნარჩუნდეს ის თვისებები, მახასიათებლები და გარემო, რომლებიც მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ და სხვა ღირებულებებს განაპირობებს. თუ რაიმე ქმედება აზიანებს, საფრთხეს უქმნის, ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებას, ასეთ შემთხვევაში, ძეგლის გამოყენება დაუშვებელია.
ძეგლზე განზრახ იმგვარი ზემოქმედება, რომლის გამოც მას გამოუსწორებელი დაზიანება ან განადგურება ემუქრება, პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.
მრავალწლიანი ბრძოლა „ბათუმის ბულვარის“ გადასარჩენად
ათი წელი გავიდა, რაც ბათუმის ზღვისპირა ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. იმ დღიდან მის დასაცავად ბრძოლა არ შეუწყვეტიათ აქტიურ მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბათუმის ზღვისპირა პარკში, თითქმის ყოველ წელს, იწყება აქტივობები, რომლებსაც აქტივისტების აზრით, ძეგლის დაზიანების, განადგურების რისკები ახლავს. ბათუმელებს არაერთი აქცია ახსოვთ, როცა ბულვარს ხელისუფლების გადაწყვეტილებებისგან იცავდნენ, აპროტესტებდნენ და ბულვარის კონსერვაციის [1] გეგმას მოითხოვდნენ. რამდენიმე ბრძოლა მოიგეს კიდეც, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა იწყება - კომპანია „ამბასადორი ბათუმი“, პირდაპირ ზღვისპირა პარკში, 15-სართულიანი შენობის ჩადგმას აპირებს და ამას ხელისუფლება მხარს უჭერს.
rეს გადაწყვეტილება იმ პროექტის გაგრძელებაა, რომლის განხორციელებაზეც თავის დროზე ნებართვა გაიცა. კომპანიამ მაშინ ნებართვა ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობაზე მოიპოვა, რომელიც ჯამში შვიდსართულიანი იქნებოდა. აქედან სამი სართული მიწისქვეშ კეთდებოდა. იმ დროს ძველი ბათუმის დამცველებმა იეჭვეს, რომ კომპანიამ აღნიშნული პროექტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით წარადგინა, სინამდვილეში კი, დროთა განმავლობაში, მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავდა. ზუსტად ერთი წლის წინ „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საბჭოსა და საზოგადოება „ბათომის“ წევრი ნინო ინაიშვილი აცხადებდა, რომ „ამბასადორი“ სულ მალე ცენტრალურ ხელისუფლებასთან საქმეს მოაგვარებდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვას მიიღებდა. თუმცა არსებობდა იმედიც, რომ აჭარის მთავრობის მიერ ბულვარის კონცეფციასა და განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება მომავალში ბულვარის დაცვის გარანტია გახდებოდა.
„ამბასადორისთვის“ ბულვარში მშენებლობის ნებართვის გაცემას, მოსახლეობასთან ერთად, ოპოზიციაც აპროტესტებდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ პარკის ხელყოფა სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, როცა მიხეილ სააკაშვილმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა გადაწყვიტა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ფაქტ-მეტრთან იხსენებს, როგორ ცდილობდნენ მაშინ ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ასლან ჭანიძე: „მაშინ სამართლებრივი დავა დავიწყეთ საიასთან [საქართველოს ახალგაზრდა იურისტები] ერთად და გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრეთ. უცნობი იყო პროექტის შინაარსი, ნებართვის გაცემის საფუძველი. მოპასუხეები იყვნენ აჭარის განათლების სამინისტრო და ბათუმის მერია. იმ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის კადრებიც გვქონდა, მაგრამ სასამართლომ გვითხრა, რომ იქ ხეები მოჭრილი არ იყო. სარჩელი არ დაგვიკმაყოფილეს. მერე ქუთაისის სასამართლოში გავასაჩივრეთ. თუმცა იქაც შედეგს ვერ მივაღწიეთ. პრინციპში, ბულვარის ხელყოფა ასლან აბაშიძის დროს დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება. აქ მთავარია, სახელმწიფოს როგორი მიდგომა აქვს. თუ ის ამბობს, რომ იქ უკვე დგას მაღალსართულიანი შენობა და რა პრობლემაა, კიდევ ერთი თუ ჩაიდგმება, მაშინ სამ თვეში სხვა გამოვა და იტყვის, უკვე ბულვარში კორპუსები დგასო და შესაძლოა, კიდევ განთავსდეს მაღლივი კორპუსები. ბიზნესმენი ცდილობს ფულის გაკეთებას და თუ გასდის, გააკეთებს. აქ მტავარი ისაა, რომ სახელისუფლებო რგოლებს, გადაწყვეტილების მიმღებებს ვედაოთ. კანონს თვითონ არღვევს ის, ვინც ეს კანონი მიიღო. ისიც ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილების გამართლება შეიძლება. თუმცა ამ პროექტებს ქალაქისთვის სარგებელი ვერ მოაქვს. ფეისბუქზე ვკითხულობ კომენტარებს, ვიღაცებს მოსწონთ ეს, მე არ მომწონს. იმ კომპანიამ პროექტზე მილიონები დახარჯა და რატომ მისცეს ამის უფლება? უნდა გამოვიდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები და ახსნან, რატომ არის ეს მისაღები. მე ვფიქრობ, რომ ამას სასამართლო დავები მოყჰვება.“
ბულვარის მიმართ კი ბიზნესის ინტერესი მართლაც ძალიან მაღალია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ბულვარის დამცველი აქტივისტები არაერთხელ აღნიშნავენ, საკითხები ადგილობრივ დონეზე არ წყდება, არამედ უფრო „ზევით“, ცენტრალურ ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, ბათუმის მერიამ სწორედ ამიტომ არ დაიბრუნა ბათუმის ბულვარი, თორემ საკითხი დღის წესრიგში 2014 წლიდან დგას, როცა ბათუმის საკრებულომ დაიწყო მსჯელობა ზღვისპირა პარკის დაბრუნებაზე. გიორგი კირთაძემ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ხოლო 2014 წელს საკრებულოს წევრი, ბათუმის ბულვარის მერიისთვის დაბრუნების საკითხს მხარი დაუჭირა, იმ მოტივით, რომ ახალ ხელისუფლებას ბულვარის მოვლის უნარი არ აღმოაჩნდა.
საქმის წარმოება დაიწყო, თუმცა ძალიან გაჭიანურდა. ბათუმის მერები იცვლებოდნენ, ბულვარის დაბრუნების საკითხი კი კვლავ ღიად რჩებოდა. 2018 წელს, ლაშა კომახიძის მერობის პერიოდში, ბულვარის კონცეფციაზე საუბარი კვლავ აქტიურად გაგრძელდა. კომახიძე მაშინ აცხადებდა, რომ ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები მისი განვითარების კონცეფციაში უნდა მოქცეულიყო.
კონცეფციაზე საუბარიც უკვე მრავალი წელია, რაც მიმდინარეობს. თუმცა 2015 წელს მომზადებული გეგმა მიუღებელი აღმოჩნდა ბულვარის დამცველებისთვის, რომლებმაც არაერთი აქცია გამართეს, ზღვისპირა პარკის ახალი კონცეფციისგან დასაცავად. საუბარია ბულვარში არსებული ხეივნების გაერთიანებაზე და მათ შორის მწვანე სივრცის წარმოქმნაზე, რომელიც კაფე-ბარებით დაიტვირთებოდა. ბულვარის დამცველები მიიჩნევდნენ, რომ ზღვისპირა პარკი დასვენებაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი და არა - გართობასა და ეკონომიკურ დანიშნულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელი იყო ახალი ბულვარის ტერიტორიების ათვისება, ძველს კი ისტორიული კონტექსტი უნდა შეენარჩუნებია. არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ბულვარის კონსერვაციის გეგმას, მისი განვითარების გრძელვადიან კონცეფციას ითხოვდნენ, რათა ზღვისპირა პარკის ბედი ხელისუფლებების ცვლილებებსა და მათ ქმედებებზე დამოკიდებული აღარ ყოფილიყო.
წინააღმდეგობამ შედეგი გამოიღო და ბულვარში ორი ხეივნის გაერთიანებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა.
კიდევ ერთი წარმატება, რომელსაც საზოგადოებამ მიაღწია, იყო ბათუმის ბულვარში არსებული კაფე „ფანტაზიის“, იგივე რვაფეხას გადარჩენა. 2015 წელს გადაწყდა, რომ ობიექტი ბულვარის განვითარების კონცეფციაში მოექცეოდა და მას რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. მოგვიანებით, რვაფეხას გადარჩენა საკუთარ წარმატებად მიიჩნიეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მისი გახსნის ღონისძიებაზე იმ ადამიანების ნაწილი არც კი მიუწვევიათ, რომლებიც კაფეს გადასარჩენად თავდაუზოგავად იბრძოდნენ. გახსნას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრო. მან მადლობა ფონდ „ქართუს“ გადაუხადა, რომლის დაფინანსებითაც კაფეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
კაფე „ფანტაზიას“ სხვა აქტივისტებთან ერთად იცავდა საზოგადოება „ბათომის“ წევრი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ირმა ზოიძე, რომელიც ბათუმის ინტერესების დასაცავად გამართული არაერთი აქციისა და კამპანიის ორგანიზატორი და მონაწილეა. ამჯერად ის, სხვა აქტივისტებთან ერთად, კიდევ ერთ საპროტესტო აქციას აორგანიზებს, რომელიც დღეს - 23 იანვარს გაიმართება და ამბობს, რომ ბულვარში მშენებლობის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ.
ირმა ზოიძე: „ასე მოყავთ ადამიანები, რომლებსაც სინდისი არ აქვთ, თანამდებობებზე, მოაწერინებენ ხელს გადაწყვეტილებებზე და უშვებენ სახლში. ასე გაუშვეს ზაურ ახვლედიანის წინამორბედი, მერე - ხაბაძე [არჩილ ხაბაძე, აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე], ლაშა კომახიძე... პასუხი არ უგია არავის ჯერ იმის გამო, რაც ჩაიდინა. არაერთი შეხვედრა და დიალოგი გაგვიმართავს ბათუმის ინტერესების დასაცავად, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, სპეციალისტების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. არაერთი სასამართლო დავა გვაქვს დაწყებული და „ამბასადორის“ საკითხზეც მივმართავთ შესაბამის უწყებას. ხელისუფლებას ყველა ეუბნება, რომ რასაც აკეთებს, არის დანაშაული, მაგრამ არავის ანგარიშს არ უწევს. გამოდის, რომ სისტემა არის კორუმპირებული. მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის გარდა, სხვა გზა მე არ ვიცი, ამიტომ, კანონის ფარგლებში, ყველა არსებულ საშუალებას მივმართავთ.“
ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლების ბათუმის ბულვარში მშენებლობის წინააღმდეგი არიან, გადაწყვეტილების გასაჩივრებას ურჩევს თვითონ ზაურ ახვლედიანიც. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი განმარტავს, რომ პროექტი მოსწონს და მისი მხარდაჭერით კანონი არ დაურღვევია. მან ასევე განაცხადა, რომ კომპანიის მიერ 2019 წელს წარდგენილი პროექტი, რომელსაც სააგენტომ მხარი არ დაუჭირა, ამ ეტაპზე დაიხვეწა და ბულვარის ლანდშაფტს აბსოლუტურად ესადაგება.
ზაურ ახვლედიანი: „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მით უმეტეს, მაშინ, როცა მე ვარ დირექტორი, არც ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დანგრეულა. სისტემურ საკითხებში ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ... მათ აქვთ უფლება, გაასაჩივრონ... გარდა იმისა, რომ პროექტი ჩემთვის და დარგის ბევრი სპეციალისტისთვის მისაღებია, ეს არის ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი და სასტუმრო. ადგილობრივები დასაქმდებიან, ინვესტიცია 40 მლნ დოლარს მოიცავს. თუ იცის ვინმემ თბილისში სასტუმრო „ამბასადორი“ და კაჭრეთი, ალბათ, დარწმუნდება, რომ ეს სასტუმრო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ბათუმში.“
რა წერია სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ოფიციალურ ვებგვერდზე
„ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა.
ტურიზმის მზარდი სტატისტიკით გამორჩეული საქართველო ყოველწლიურად 8 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს, შავი ზღვის მარგალიტად წოდებულ ბათუმს კი 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში ჩამოსული უცხოელისა თუ საქართველოს მოქალაქისთვის ბულვარში გასეირნება აუცილებელ რიტუალს წარმოადგენს, რომლის გარეშეც არავინ ტოვებს ამ ულამაზეს ზღვისპირა ქალაქს.
სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდ კილომეტრიანი სასეირნო, ზღვისპირა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე.
თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად სადაც ყველა პოულობს თავის ადგილს.“ - წერია სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ვებგვერდზე.
ბათუმის ბულვარის დამცველები შიშობენ, რომ თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მალე ზღვისპირა პარკის შესახებ ცნობები მხოლოდ ისტორიულ წყაროებსღა შემორჩება.
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშაა - Icomos-ის საერთაშორისო ორგანიზაცია
აღსანიშნავია, რომ Icomos-მა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) თავის ანგარიშში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეში მყოფ ძეგლებს ეხება, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობაც შეიტანა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემა ემყარება მხოლოდ პროცედურულ საკითხებს და სრულიად დაცლილია რაიმე მნიშვნელობისგან. ეს სისტემა ფოკუსირებულია ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნებართვების გაცემაზე პროფესიონალი ექსპერტების გარეშე, არ არსებობს ურბანული მემკვიდრეობის მართვის სააგენტო, რომელიც პროცესების სწორად წარმართვას კოორდინაციას გაუწევდა.
[1] შენიშვნა: კონსერვაციის გეგმა მინისტრის ნორმატიული აქტია, რომელიც ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოთა სამეცნიერო-მეთოდურ და პრაქტიკულ მითითებებს მოიცავს. ასევე, განსაზღვრავს ძეგლის ყოველ ობიექტზე დასაშვებ ან რეკომენდირებულ სამუშაოთა ნუსხასა და ფარგლებს, მათი ჩატარების თანმიმდევრობის მითითებებით, ადგენს ძეგლის კვლევის, რეაბილიტაციისა და განვითარების ძირითად რეგლამენტს, მისი მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესებს.
ფოტო: შოთა გუჯაბიძე