დეზინფორმაცია: ეპიდემიის დროს სხვა აცრებს არ აკეთებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

სოციალურ ქსელში პანდემიის პერიოდში გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, გამოცემა „ნიუსფრონტის“ ვებ-გვერდზე თინათინ თოფურიას კომენტარი გამოქვეყნდა: „მერე უკვირთ რატომ არ ენდობა ხალხი ექიმებს! გრიპის ვაქცინა გაიკეთეთ და უფრო იოლად გადაიტანთო კოვიდსო! ცნობილია რომ ეპიდემიის დროს სხვა აცრებს არ აკეთებენ, რადგან იმუნიტეტი გადაერთვება ამ ვაქცინის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ის ვირუსი რომ შეხვდეს რომელიც გარშემო მძვინვარებს ორგანიზმი მასზე რეაგირებას ვერ მოახდენს, სრულიად დაუცველი რჩები“. ამასთან, თინათინ თოფურიას მტკიცებით, გრიპის ვაქცინაციის დროს კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში, ლეტალობის რისკი მაღალია, „კარგად იციან, რომ იტალიაში და ესპანეთში სწორედ ის კონტიგენტი დაიღუპა, ვინც გრიპზე იყო აცრილი“. აღნიშნული მტკიცებები მცდარია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

რეალურად კი, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო:

• ვაქცინაცია გრიპის ვირუსებით დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

• გრიპის ვირუსით და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც, თავის მხრივ, ჯანმრთელობის გართულებისა და გარდაცვალების რისკებს ამცირებს.

• გრიპის ვაქცინაცია პანდემიის პერიოდში სამედიცინო სექტორის დატვირთვას ამცირებს.

სეზონური გრიპის ვირუსებით ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ინფიცირდება და ასი ათასობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ვაქცინაცია გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. გრიპის ვაქცინა უსაფრთხოა და ის მთლიან მოსახლეობაში გრიპით დაავადებების რისკს 60%-ით ამცირებს. გრიპის ვაქცინა გრიპის ვირუსების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებისთვის გამოიყენება, აცრის შემდეგ ანტისხეულების გამომუშავება იწყება, რასაც დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. პანდემიის პერიოდში გრიპზე აცრა რომ სახიფათოა, ამის დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულება, არ არსებობს. მეტიც, ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან გრიპის და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირების შემთხვევაში, გართულებების და გარდაცვალების რისკი იზრდება.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თანახმად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კორონავირუსით დაავადების რისკს ზრდის. CDC-ის რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინის მიღება ამ სეზონზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, არა მხოლოდ გრიპის რისკის შესამცირებლად, არამედ ჯანდაცვის სფეროში (პანდემიის გამო) ისედაც შეზღუდული რესურსების დასაზოგად.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში გრიპის ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, გრიპის ეპიდემიების თავიდან ასაცილებლად და მეორე მხრივ, რისკ ჯგუფების (განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანების) დასაცავად, რათა ორმაგად (გრიპით და COVID-19-ით) ინფიცირების რისკის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 თვის ასაკის ზევით ყველა ადამიანისთვის არის რეკომენდებული. ამასთან, აუცილებელია, რომ მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანები აიცრან (65 წელს ზევით ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები), რომელთა იმუნური სისტემაც დაქვეითებულია და ჯანმრთელობის გართულების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ინგლისის ჯანდაცვის ინსტიტუტების წარმომადგენლების თანახმად, გრიპით და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირების შემთხვევაში გარდაცვალების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ისინი მსოფლიო მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

მტკიცება, რომ იტალიასა და ესპანეთში სწორედ ის ხალხი დაიღუპა, ვინც გრიპზე იყო აცრილი, არანაირ სტატისტიკურ მონაცემებს არ ეფუძნება და ყალბი ინფორმაციაა.

პანდემიის პირველი ტალღის დროს იტალიაში და ესპანეთში მოხუცთა თავშესაფრებში COVID-19 გავრცელდა, გარდაცვლილთა უმეტეს წილს სწორედ ასაკოვანი ხალხი შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ასაკოვან ჯგუფშია, რაც დაქვეითებულ იმუნიტეტთან და თანმხლებ დაავადებებთან არის კავშირში. კვლევა ან სხვა სამეცნიერო მტკიცებულება, რომ გრიპის ვაქცინაციასა COVID-19-ით გარდაცვალებასთან რამე კავშირი ჰქონდა, არ არსებობს.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში, 2020-2021 წლებში გრიპის სეზონის პანდემიასთან თანხვედრის გამო, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: