სოციალურ ქსელში ვრცელდება Facebook-ის მომხმარებლის გიორგი ლომიძის ვიდეომიმართვა, რომელიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ წყალბადის ზეჟანგის (პერეკისის) გამოყენებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას შეიცავს. ვიდეო მიმართვაში საუბარია, რომ „წყალბადის ზეჟანგით კოვიდ 19-ის დამარცხება შესაძლებელია, 2 ან მაქსიმუმ 3 დღეში... ადუღებულ წყალში ჩაასხით პერეკისი, თან იორთქლე თან ყლუპეთ, ხოცავს ყველანაირ ინფექციას. პირველივე დალევაზე აქვს უდიდესი ეფექტი“. პოსტის ავტორის მტკიცებით, მას უკავშირდებიან პაციენტები, რომელთაც წყალბადის ზეჟანგი დაეხმარა განკურნებაში. ვიდეო მიმართვაში ასევე არის მტკიცება, რომ წყალბადის ზეჟანგი არის კიბოს წამალი. ასევე, სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ბე ჰეპატიტის, სამკურნალოდ გამოიყენება.

მტკიცება, რომ წყალბადის ზეჟანგით შესაძლებელია, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების, მათ შორის COVID-19-ის დამარცხება, მცდარია. ასევე მცდარია მტკიცება, რომ ის კიბოს წამალია.

წყალბადის ზეჟანგი (Hydrogen Peroxide) ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ის კანის დაზიანებული უბნების დასამუშავებლად გამოიყენება. განსაკუთრებული მითითებაა, რომ წყალბადის ზეჟანგი ღრუების ირიგაციისათვის არ გამოიყენება!

COVID-19-ის, კიბოს ან სხვა დაავადებების დროს წყალბადის ზეჟანგის სამკურნალო მიზნით გამოყენება არ შეიძლება, წყალბადის ზეჟანგის დალევა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა! მცირე რაოდენობით, 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის მიღება იწვევს უმნიშვნელო სიმპტომებს: როგორიცაა მუცლის შებერილობა, კუჭის მსუბუქი ტკივილი და ზოგიერთ შემთხვევაში ღებინება. წყალბადის ზეჟანგის უფრო დიდი რაოდენობით ან უფრო მაღალი კონცენტრაციების მიღებამ კი შეიძლება, წყლულები, პირის ღრუს, ყელის და კუჭის დამწვრობა გამოიწვიოს. მძიმე შემთხვევებში კი შეიძლება, სუნთქვის პრობლემები, გონების დაკარგვა და სიკვდილიც კი განაპირობოს. ამასთან, წყალბადის ზეჟანგის ინჰალაციამ შესაძლოა, სასუნთქი გზების დამწვრობა გამოიწვიოს.

ავერსის კლინიკის ექიმმა, დერმატო-ვენეროლოგმა ნინო ლომსაძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „მედიცინაში წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, ის დაავადებების სამკურნალოდ არ გამოიყენება. „მაგალითად ხდება ჭრილობების დამუშავება, თუმცა ღრმა ჭრილობების დროს წყალბადის ზეჟანგის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და დამწვრობაც“.

COVID-19-ის წინააღმდეგ წყალბადის ზეჟანგის გამოყენებასთან დაკავშირებით ყალბი ამბები სოციალურ ქსელში მუდმივად ვრცელდება. კორონავირუსთან საბრძოლველად წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ ხელის ანტისეპტიკური ხსნარის ან სადეზინფექციო ხსნარის დასამზადებლად შეიძლება, გამოვიყენოთ.

პრეპარატის მიღებაზე რეკომენდაციის გაცემა ხდება შესაბამისი სამედიცინო და სამეცნიერო კვლევის შემდეგ, რომელიც პრეპარატის ეფექტიანობასთან ერთად მისი გვერდით ეფექტებს და უკუჩვენებებს სწავლობს. ამგვარი სამედიცინო დასკვნით, წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ გარეგანი მოხმარების საშუალებაა. შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებების გარეშე და წყალბადის ზეჟანგის გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, ადამიანების დარწმუნება, რომ წყალბადის ზეჟანგის მიღებით ისინი COVID-19-ს, სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს და კიბოსაც კი დაამარცხებენ, განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ადამიანებმა ამით შესაძლოა, ორგანიზმს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: