საქართველოში სეზონური გრიპის პერიოდი უკვე დაიწყო. ახალ კორონავირუსს (COVID-19) და სეზონურ გრიპს, ფაქტობრივად, ერთნაირი სიმპტომები ახასიათებთ და მათი გარჩევა ერთმანეთისგან თითქმის შეუძლებელია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კოვიდინფიცირებულისთვის სეზონური გრიპის ვირუსით დაავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას გამოიწვევს. ამიტომ, მათივე აზრით, გრიპის საწინააღმდეგო აცრებს ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ აცრის შემდეგ, ორგანიზმს, იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მოქალაქეებისთვის, მით უფრო, რისკჯგუფებს მიკუთვნებული პირებისთვის, აცრის გაკეთება ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა იმ დროს ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იყო.

თავდაპირველად ითქვა, რომ ვაქცინა სექტემბრის ბოლოს შემოვიდოდა. მოგვიანებით, მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ სახელმწიფომ სეზონური გრიპის ოთხვალენტიანი ვაქცინის 135 000 დოზა შეიძინა და პირველი პარტია - 25 000, საქართველოში 10 ოქტომბერს შემოვიდოდა.

რამდენიმე დღეში პირველი პარტია ნამდვილად შემოვიდა და თბილისში კლინიკებსა და ამბულატორიებს რისკჯგუფების ასაცრელად გადაეცა. 19 ოქტომბერს დედაქალაქში ვაქცინაცია დაიწყო შემდეგი რისკჯგუფებისთვის: ორსულები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ბავშვთა (მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი.

აჭარის რეგიონში ვაქცინის პირველმა დოზამ მხოლოდ 30 ოქტომბერს შემოაღწია და შესაბამის დაწესებულებებს დაურიგდა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რამდენი დოზა ვაქცინა შემოვიდა აჭარაში, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება.

გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რისკჯგუფებისთვის რეგიონში, პირველ ეტაპზე, 6 350 დოზა ვაქცინა შემოიტანეს, ხოლო უახლოეს დღეებში კიდევ 20 000 დოზა შემოვა. მისივე თქმით, ვაქცინა მოქალაქეებს ოთხი სახის სეზონური გრიპისგან დაიცავს და ჯანმრთელობის გართულების საფრთხეს შეამცირებს.

„წელს ძალიან აქტიურად მიმდინარეობს აცრის პროცესი. ექვსი ათასი დოზიდან, ოთხი ათასი უკვე გახარჯულია. მოთხოვნა დიდია. გასათვალისწინებელია, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევაში, როგორც სხვა მწვავე დაავადებების დროს, ადამიანს არ უტარდება ვაქცინაცია. გამოჯანმრთელებიდან დაახლოებით ათი დღე უნდა გავიდეს, რომ აიცრას. ასევე, კონტაქტში მყოფი პირები, თუ თვითიზოლაციაში იმყოფებიან, 12 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავონ. თუ ამ პერიოდში სიმპტომი არ გამოუმჟღავნდა, შეიძლება ვაქცინის გაკეთება.

თუ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს სეზონური გრიპი დაემატა, მისი მდგომარეობა მძიმდება. დაზღვეული უნდა ვიყოთ იმ დაავადებებისგან, რომლებისგანაც დაცვა შეგვიძლია. ესაა გრიპი და უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს იმასაც, რომ გრიპის ვაქცინაციის დროს იმუნიტეტი იმდენად მაღლდება, რომ შესაძლოა, კორონავირუსის მიმართაც გაიზარდოს ორგანიზმის მედეგობა. რა თქმა უნდა, ეს დამტკიცებული არ არის, მაგრამ თუ განვიხილავთ იმას, რომ ვაქცინის შედეგად აქტიურდება T ლიმფოციტები, [1] შიძლება ჩავთვალოთ, რომ სხვა ვირუსული დაავადების მიმართ ორგანიზმი ან შეუღწევადი იქნება, ან მსუბუქად გადაიტანს. საერთოდ, გრიპის სეზონის წინ ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს ქვეყნები, რომლებიც, გრიპის გარდა, სეზონის დროს სხვა ვაქცინებსაც იყენებს, მაგალითად, პნევმოკოკიის საწინააღმდეგო აცრას. ჯერჯერობით ჩვენთან ფართო მასისთვის ეს ვაქცინა არ შემოდის, თუმცა კერძო სექტორში შეიძლება მისი შეძენა და განსაკუთრებით ასაკში მყოფი ადამიანების ნაწილი იკეთებს.

ეს ვაქცინა, რომელიც ახლა ჩვენთან შემოვიტანეთ, არის მაქსიგრიპი და იმ შტამების საწინააღმდეგოა, რომლებიც ჩვენ გვხვდებოდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: ღორის გრიპი, ქათმის გრიპი და სხვა ნაწილაკები. ვაქცინის გაკეთებიდან ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს ორ კვირაში. აცრიდან ორი კვირის განმავლობაში ადამიანს თუ უწევს ურთიერთობა დაავადებულ პირთან, შეიძლება მსუბუქი ფორმით მაინც დაავადდეს. ბევრისგან გაიგონებთ, აცრა გავიკეთე და მაინც შემეყარა ვირუსიო. თუმცა ეს დამოკიდებულია პერიოდზე და ადამიანის თვითშეგნებაზე, როგორ იქცევა ორი კვირის განმავლობაში. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეს ვაქცინა მყარ იმუნიტეტს არ ტოვებს და მისი გამეორება ყოველ წელს საჭიროა“, - გვითხრა ნანა ჯინჭარაძემ.

გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, აცრის გაკეთებაზე მოთხოვნა გაიზარდა: „წელს უფრო მეტმა იცის, რომ თანმხლები ვირუსული დაავადება არ უნდა დაგვემართოს და ამიტომ საინფორმაციო კამპანია არ გვიწარმოებია. თუმცა ყველა ახალშემოსულ ვაქცინას ზოგი ადამიანი ჯერაც სკეპტიკურად უყურებს და ბევრი ახსნა-განმარტება სჭირდება. ჩვენი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, წელს ვაქცინის „ძალით შეთავაზება“ აღარ ხდება“.

ჩვენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკეთ. გვსურდა, გაგვერკვია, რთულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, ხომ არ იგეგმება საყოველთაო ვაქცინაცია. გვიპასუხეს, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი კამპანია დაგეგმილი არ არის და რისკჯგუფების გარდა, ყველა მსურველს ვაქცინის შეძენა მოუწევს, რომელსაც კომერციული და სადაზღვევო კომპანიები შემოიტანენ. როგორც გავარკვიეთ, შარშან ვაქცინის ღირებულება 25-35 ლარის ფარგლებში მერყეობდა. „ევექსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 ნოემბრიდან „ვაქსიგრიპი“ ხელმისაწვდომი იქნება მისი ქსელის კლინიკებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაოდენობა, პირველ ეტაპზე, შესაძლოა ყველასთვის საკმარისი არ იყოს. ამიტომ „ევექსი“ მოქალაქეებს ურჩევს, წინასწარ დარეგისტრირდნენ და ნოემბრის ბოლოს აიცრან. თუ გავითვალისწინებთ, რომ, ამავე ინფორმაციით, ვაქცინა 70 ლარი ღირს, საეჭვოა, საქართველოს მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა მისი შეძენა შეძლოს.

ინფორმაციისთვის, ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფასოდ უტარდებათ მხოლოდ შემდეგ კატეგორიებს მიკუთვნებულ რისკჯგუფებს:

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დარღვევების მქონე პირები, 65 წლის ზემოთ; დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფები; C ჰეპატიტის მქონე პირები ( მხოლოდ მკურნალობაზე მყოფი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები.

პრიორიტეტულ ჯგუფებში შედიან ასევე: ბავშვთა (მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; პროფესიული ჯგუფები; ჯანდაცვის პერსონალი; ექიმები; ექიმი-რეზიდენტები; ექთნები (მათ შორის, უმცროსი ექთნები და ექთნის თანაშემწეები); საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები; სტომატოლოგები; სტომატოლოგიის ასისტენტები და ექთნები; სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიისა და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან; ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი; ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები, ფერმების თანამშრომლები, მონადირეები; ვეტერინარები და ვეტერინარული ლაბორატორიების თანამშრომლები; ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი; თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი; პატიმრობის დაწესებულება; თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.

სოციალურ ჯგუფებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში რისკჯგუფებს მიკუთვნებულ რამდენიმე მოქალაქეს აცრაზე უარი უთხრეს. ჩვენ დავუკავშირდით შესაბამის სამსახურს, სადაც განმარტეს, რომ ამ ეტაპზე არსებული დოზა განკუთვნილია მხოლოდ მცირე ჩამონათვალის რისკჯგუფებისთვის. უახლოეს რამდენიმე დღეში კი შემოვა ვაქცინის ის რაოდენობა, რომელიც საკმარისი იქნება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას მიკუთვნებული მოქალაქისთვის.

1.T ლიმფოციტები - ლიმფოციტური სახეობის უჯრედები. ისინი შეიცნობენ ანტიგენს და უზრუნველყოფენ სხვადასხვა იმუნურ რეაქციებს.

თეგები: