აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარება კვლავ დაძაბულია. მაღალია ინფიცირების შემთხვევები და კოვიდით გარდაცვალების ფაქტები. სოციალური ქსელებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომ კოვიდინფიცირებულ მოქალაქეებთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ხანგრძლივი დაგვიანებით მივიდა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, როგორც ირკვევა, პაციენტი კოვიდკლინიკაში დროულად ვერ შეჰყავთ, რადგან ადგილები არ არის. შესაბამისად, ვერ ხერხდება პაციენტისთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისის მიწოდება. იყო შემთხვევები, როცა თანმდევი დაავადებების მქონე კოვიდინფიცირებული პაციენტი სასტუმროებში განათავსეს, სადაც გარდაიცვალა. კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა ასევე ერთ-ერთი პაციენტი, რომლის დაავადებაც, როგორც მედიკოსები აცხადებდნენ, უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და პროტოკოლის თანახმად, მისი კლინიკაში დატოვების აუცილებლობა არ იყო. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, მოგვიანებით, თრომბოემბოლიის განვითარება დასახელდა.

აგვისტოს მეორე ნახევრიდან აჭარაში ვირუსმა ახალი ძალით იფეთქა. მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობისა და სწორი რეკომენდაციების გასაზიარებლად ექიმმა სოფო ბერიძემ შექმნა ფეისბუქ-გვერდი stop cov აჭარა, რომელსაც 12 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს. ადამიანები, რომლებმაც კოვიდი უკვე გადაიტანეს, საკუთარ გამოცდილებას გვერდის სხვა მომხმარებლებს უზიარებენ. ასევე პანდემიის მართვაში ჩართული პერსონალის რჩევები, მოწოდებები რეკომენდაციების დაცვის შესახებ და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, სხვადასხვა დეზინფორმაციისგან მოქალაქეების დაცვის მიზნით ხშირად იდება.

სოფო ბერიძე „ფაქტ-მეტრს“ აჭარის რეგიონში კოვიდსიტუაციის მართვასთან დაკავშირებულ სისტემურ ხარვეზებსა და მედპერსონალის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ესაუბრება.


-რა აუცილებლობით იყო გამოწვეული თქვენ მიერ აღნიშნული გვერდის შექმნა და რა როლი შეასრულა მან კოვიდის შესახებ მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით?

-ნებისმიერ ბრძოლაში მნიშვნელოვანია, რომ იყო ინფორმირებული. ჩვენ ვხედავდით, რომ მოსახლეობის ინფორმირება არ იყო ადეკვატური და სათანადო. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა პლატფორმა, რომ ეპიდემიის მასშტაბების შემცირებისკენ მიმართული ნებისმიერი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის და მოსახლეობისგანაც მიგვეღო. ამით შევძლებდით, რომ მოსახლეობას დავხმარებოდით.

ჩვენ ვცადეთ, მხოლოდ სამედიცინო მტკიცებულებაზე, სამედიცინო რჩევებზე, პანდემიასთან გამკლავების უკეთეს გამოსავალზე, ნაკლებ მსხვერპლზე ვყოფილიყავით ორიენტირებული და გაგვებათილებინა ის ინფორმაციები, რომელთა ტირაჟირებაც ხდებოდა და საზოგადოებაში ინფექციის უფრო მეტად გავრცელებას უწყობდა ხელს. მაგალითად: თუ ჩვენ ადამიანებს ვეტყოდით, რომ სიტუაცია სრულად კონტროლირებულია და სისტემა მუშაობს ხარვეზების გარეშე, მათ გაუჩნდებოდათ შეგრძნება, რომ უსაფრთხოა გადაადგილება, სამედიცინო პატრონაჟი ჩაერთვება დაუყოვნებლივ. ისინი იქნებოდნენ ნაკლებად ფრთხილად. იყო კიდეც ასეთი შემთხვევები - ადამიანებმა ვერ აღიქვეს ადეკვატურად პანდემიის გავრცელების მასშტაბები. მოგეხსენებათ, ეპიდემიის სპეციფიკაა ის, რომ ერთი ლოკალური შემთხვევა თავის შედეგს ავლენს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორ კვირაში და ეს ორი კვირა დაკარგული დროა. ის, თუ როგორ იქცევა ადამიანი, ან რას აკეთებენ შესაბამისი ორგანიზაციები ორი კვირით ადრე, აისახება ორი კვირის შემდეგ დამდგარ შედეგზე. მოგეხსენებათ, დამდგარი ცუდი შედეგის გამოსწორება უფრო რთულია, ვიდრე პრევენცია. ის მოითხოვს მეტ ადამიანურ და მატერიალურ რესურსს. რაც მთავარია, ამ ციფრების უკან დგას მომავალი გაზრდილი ციფრები და სამწუხაროდ, გაზრდილი ლეტალობა. თუ ადამიანები იქნებოდნენ ფრთხილად და ინფორმირებული, რომ სისტემა არ იყო მზად, შიდა გავრცელების ციფრებისთვის გაეძლო, ეს ხელს შეუწყობდა გავრცელების შემცირებას.

-ანუ მოქალაქეების არასწორი დამოკიდებულების ბრალიცაა, რომ შიდა გავრცელების მასშტაბები დიდია?

-მოქალაქეების არასწორი დამოკიდებულება მომდინარეობს მათი არასწორი ინფორმირებულობისგან. ამიტომ მე, ექიმმა, რომლისთვისაც იარაღი უნდა იყოს ფონენდოსკოპი, მივიჩნიე, რომ ერთი რომელიმე სამედიცინო სერვისის მიწოდებით ბევრად ნაკლები გავლენა მექნებოდა პანდემიის გავრცელების შემცირებაზე, ვიდრე ადამიანების მასობრივად გაფრთხილებით, ადამიანების ინფორმირებულობის ამაღლებით, რათა შემდგომში შედეგი ისეთი არ ყოფილიყო, რომ მე და ჩემი კოლეგები ვერ გავმკლავებოდით. ამ პლატფორმით ვცადეთ, ზიანი შეგვემცირებინა და მინიმალური დანაკარგით გამოვსულიყავით ამ სიტუაციიდან. ყოველდღიურად გამოცხადებული ციფრების უკან უფრო დიდი საშიშროება დგას, ვიდრე ეს რეალურად ჩანს. ჩვენთვის, ექიმებისთვის, ცნობილი იყო, რომ სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადებული ციფრების უკან იდგა უამრავი კონტაქტირებული ადამიანი, რომელთა დროული არგამოკვლევა და დროულად გაუფრთხილებლობა, ბევრად საზიანო აღმოჩნდებოდა სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში. ასეც მოხდა.

-თქვენი შეფასებით, რა ხარვეზები არსებობს თვითონ სისტემაში, რომლებიც პანდემიის უკეთ მართვას ხელს უშლის?

-ჩვენი მედიცინის სიმძლავრეები და შესაძლებლობები ყველასთვის ნათელი იყო პანდემიამდეც, პანდემიის დასაწყისშიც და ახლაც. მოლოდინი, რომ გავაკეთებდით იმას, რაც ვერ შეძლო განვითარებულმა ქვეყნებმა, რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა. მთავარი იყო მწირი რესურსისა და სხვა ბერკეტების რაციონალური გამოყენება. ეს „სხვა ბერკეტი“ იყო შეკავება. ზუსტად შეკავების ეტაპზე უნდა გვემოქმედა აქტიურად. უნდა გაგვეცნობიერებინა, რომ ამ ეტაპზე მოქმედება უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე შემდეგ გადავსებული კლინიკები, მობილიზება, რეფერირება, სასწრაფო დახმარების ბრიგადის შეუფერხებელი მუშაობა... ზუსტად ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი, რომ იქ გვემუშავა ყველაზე მეტად, სადაც ამის ბერკეტი გვქონდა და ამის ბერკეტი კი შეკავების ეტაპზე გვქონდა. ეს ძალიან კარგად გავაკეთეთ გაზაფხულზე. შემოდგომაზე, როცა გვქონდა ნიშნები, რომ იქნებოდა მასშტაბური შიდა გავრცელება, რაც არ მომხდარა ერთბაშად და ერთ თვეში, ეფექტური იქნებოდა მოწოდებები მასობრივი შიდა გავრცელების აღსაკვეთი ღონისძიებებისკენ.

-სხვა ხარვეზები თუ იყო, მაგალითად, ოჯახის ექიმების გადამზადება დაგვიანდა. გარდა ამისა, თქვენც ახსენეთ, რესურსი არ იყო საკმარისი...

-ძალიან რთულია საუბარი, როცა სისტემა არ არის გამჭვირვალე და ტრანსპარანტული. ჩვენ გვესმის და ვიგებთ, რომ მიმდინარეობს ექიმების გადამზადება, რომ მათ დამხმარე რესურსები მიეწოდებათ. ჩვენ დავიჯერებდით ამას, რომ არა ექიმების დახურულ ჯგუფში იმავე ოჯახის ექიმების მიერ გაზიარებული მოსაზრებები, რომლებიც ითვლება, რომ არიან გადამზადებული. ისინი თვითონვე აღიარებენ, რომ ეს არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ფორსირებულ რეჟიმში მათთვის ამდენი ინფორმაციის მიწოდება და შემდეგ დანერგვა არის ბევრად რთული, თუ ეს ხდება მას შემდგომ, როცა კონკრეტული საჭიროება დადგა, პოსტფაქტუმ. საჭიროების დადგომის შემდგომი ჩართვა, დამუშავება, დანერგვა, თუნდაც ბინაზე მოვლის პროტოკოლით, რთულია. მით უფრო, როცა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ცვალებადია და მას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვე. ეს დიდი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის.

-როგორც ვიცი, თქვენი ეს რეკომენდაციები აღწევდა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებამდე. რამდენად ითვალისწინებდნენ?

-ვისი მისამართითაც იყო ეს მესიჯები, კრიტიკის საკმაოდ სწორი აღქმა ჰქონდათ. შეუძლებელია, ამაში არ დაგვთანხმებოდნენ, რადგან ეს იყო შავით თეთრზე. შესაბამისად, ძალიან ბევრ შემთხვევაში, აღმასრულებლების მხრიდან ისმოდა საპასუხო მესიჯები და რეაგირება, პრაქტიკულად, არსებობდა. მადლობა მათ ამისთვის. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს აქტივობებს აზრი ჰქონდა.

-თუმცა ექიმების გადამზადების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა და აჭარაში ვირუსმა რომ ახალი ძალით იფეთქა, ამის აუცილებლობაზე კვლავ განახლდა საუბარი. ანუ სექტემბრამდე არსებული დროის შუალედში ეს პირობა არ განხორციელდა?

-გაზაფხულზე ნამდვილად სწორად იყო დაგეგმილი ექიმების გადამზადების შესახებ. სამწუხაროდ, გიჭირს იმის შეფასება, თუ როგორ წარიმართა, რადგან პროცესი საკმაოდ არატრანსპარანტულია. როცა საჭიროების წინაშე ვდგებით, მაშინ იწყება ამ ექიმებთან კომუნიკაცია. ფურცელზე არსებობდა რეკომენდაციები, მოწოდებები და გაიდლაინები, რომლებიც, თავისი არსით, არ ჩამოუვარდებოდა მსოფლიოში არსებულ საუკეთესო გაიდლაინებს. თუმცა არსებობს რეკომენდაცია და არსებობს მისი აღსრულების ხელსაწყოები და იმპლემენტაცია. იმპლემენტაციისა და აღსრულების საკითხში ნამდვილად გვქონდა დიდი შეფერხება. ვაცნობიერებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ამ შესაძლებლობების რაციონალურ გამოყენებაზე.

-შეგვიძლია, ვთქვათ, რომ თქვენ მიერ დასახელებული ფაქტორების არა პოსტფაქტუმ, არამედ შეკავბის ეტაპზე გათვალისწინების, ასევე, არსებული რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში, პანდემიის უკეთესად მართვა მოხერხდებოდა?

-თუ უფრო ადრე იქნებოდა, მაგალითად, აჭარაში ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის მოწოდება, შეამცირებდა შიგა გადაცემას. ეს რეკომენდაცია გაიცა გვიან. დაახლოებით ორკვირიანი კოლაფსი იყო ტესტირების შემდეგ პასუხების მიწოდების საკითხში. ეს უნდა ყოფილიყო გაცხადებული, უნდა გვეთქვა მოსახლეობისთვის, რომ გარკვეული შეფერხება არსებობს და დალოდებოდნენ სახლში, სანამ ეს ხარვეზი არ აღმოიფხვრებოდა. ამ შემთხვევაშიც შიგა გადაცემის ინტენსივობა იქნებოდა გაცილებით ნაკლები.

-თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელზეც თქვენსავე შექმნილ გვერდზე მოქალაქეები წერენ. მაგალითად: სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის დაგვიანება, საავადმყოფოში საწოლფონდის შეზღუდული რაოდენობა, რის გამოც რამდენიმე პაციენტი, რომლებსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდათ, ვერ მოხვდნენ კოვიდკლინიკაში და სასტუმროში შეიყვანეს...

-დაინფიცირებული ადამიანების ამ უზარმაზარი რაოდენობის პირობებში, სიტუაციის მართვა, სწორი დეტექცია, საჭიროებების სწორად განსაზღვრა მნიშვნელოვანია. თუნდაც სასწრაფო დახმარების ექიმს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმს, სასტუმროს ექიმსა და ექთანს სჭირდება ბევრად სწრაფად მიწოდება ამ ინფორმაციის, რომ ისიც იყოს დაცული. იმიტომ რომ „ბოლო სერიაში“ მაინც ისე აღმოჩნდება, რომ ყველაფერში დამნაშავეა ექიმი და მედპერსონალი, რომელსაც მართლა არ დაუზოგავს თავი და იბრძვის პანდემიის ზარალის შესამცირებლად. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ სისტემის უკან დგას ექიმი, ექთანი, მძღოლი, პერსონალი, რომლებიც ისევე ზარალდებიან ამ სისტემის გაუმართაობით, ისევ არიან მისი მსხვერპლი, როგორც - პაციენტი. ნებისმიერი ტიპის გაუმართაობა, რომელსაც აქვს სისტემური ხასიათი, გავლენას მხოლოდ ერთ მხარეზე არ ახდენს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ საკუთარი თავის დაცვით, საკუთარი ოჯახის წევრების დაცვით, ვირუსის გავრცელების შეფერხებით, ყველაზე დიდ სიკეთეს გაუკეთებს საკუთარ თავს, ჯანდაცვას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ჯანდაცვა დღეს ბევრად უფრო სჭირდებათ. ყველამ, ვინც ამ სისტემის უკან დგას, ბოლომდე მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა, რომ ამ სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ.

-ეპიდემიოლოგებმა უკვე დააანონსეს, რომ ნოემბერში სიტუაცია კიდევ გართულდება. რომელი რესურსების დეფიციტი გაქვთ განსაკუთრებულად და რომელი ფაქტორებია უმთავრესად გასათვალისწინებელი, რომ აჭარაში სამედიცინო პერსონალმა კოვიდის ახალ შემოტევას გაუძლოს?

-რესურსების დეფიციტზე საუბარი შორს წაგვიყვანს. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა დროული ტრიაჟი და სტაციონარში იმ პაციენტის დროული მოთავსება, რომელსაც ეს სჭირდება. ესაა დღეს ყველაზე დიდი თავსატეხი. აუცილებელია, რომ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ გადაუდებელი დახმარება და ასეთია ინფიცირებულების 20%, მათ შორის 5% - კრიტიკული, არ შეფერხდეს მათი სტაციონარში მოხვედრა. ყოველი საათი, რომელიც მძიმე პაციენტის საავადმყოფომდე მიყვანაში იხარჯება, პირდაპირ აისახება მის საბოლოო გამოჯანმრთელებასა და გადარჩენაზე.

-რატომ გვიანდება, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, არის ეს სისტემური ხარვეზი, საწოლფონდის სიმცირე თუ პერსონალის დეფიციტი, მით უფრო, ვიცით, რომ მედპერსონალის ინფიცირების არაერთი შემთხვევა გვაქვს?

-ამ სისტემით ერთნაირად ზარალდებიან ექიმებიც, ექთნებიც, პაციენტებიც... კი ბატონო, გვაქვს საწოლფონდისა და მედპერსონალის დეფიციტი. ყველა ინფიცირებული პერსონალი სწრაფად დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს. ისინი, გამოჯანმრთელების შემდეგ, კვლავ აქტიურად ებრძვიან პანდემიას და მადლობა მათ ამისთვის.

მთავარი ფოტო: აშშ-ს საელჩო

თეგები: