ყოველთვის, სწორედ არჩევნების წინაპერიოდში, ინფრასტრუქტურული პროექტებით თავის მოწონება ხელისუფლებისთვის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქტივობაა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნულ საკითხს არაერთხელ მიაქცია ყურადღება, მათ შორის, 2018 წელს, პრეზიდენტის არჩევნების წინა პერიოდში. სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველმა გუნდმა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება დააანონსა და უკვე დაწყებულის დასრულება აღნიშნა. მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებამდე ორი დღით ადრე, აჭარის ა/რ მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ და ბათუმის უკვე ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა (რომელიც შემდგომ დააკავეს) როგორ ჩაუყარეს საფუძველი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობას.

დანერგილი პრაქტიკა წელსაც განმეორდა. მართალია, ამას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6 თავის 48-ე მუხლი, წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა) ვერ ჩავთვლით, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებასა და დაწყებას, რატომღაც, ყოველი არჩევნების წინ რამდენიმე დღით ადრე ასაჯაროებს.

2020 წლის პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინ ფაქტ-მეტრმა აჭარის ა/რ მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს თვალი გადაავლო. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოქალაქეებს არაერთი პროექტის დაწყება დაუანონსა. რაც მთავარია, სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი გახსნა კიდეც.

ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დაწყება ჯერ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო. ამის შესახებ ფაქტ-მეტრმა წლების წინ დაწერა. ახალმა ხელისუფლებამ სტადიონის მშენებლობის დაწყებაც და უკვე დაწყებულის დასრულებაც არართხელ დააანონსა. თუმცა მშენებლობა დადგენილ ვადებში ვერ დასრულდა. უფრო მეტიც, ბათუმის UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების სტადიონის მშენებლობა მთელი რვა თვე ისე მიმდინარეობდა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება შესყიდულიც არ იყო. იხ ფაქტ-მეტრის სტატია.

საბოლოოდ, პროექტი 2020 წელს დასრულდა და ხელისუფლებამ მისი გახსნა 12 სექტემბერს გადაწყვიტა. თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და ამის მიზეზად აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება დაასახელა. იმ დროს რეგიონში კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი ჯერ კიდევ 150-160-ის ფარგლებში მერყეობდა. ხელისუფლება სტადიონის გახსნის ზუსტ თარიღს არ ასახელებდა.

საზოგადოების ნაწილი იმთავითვე მიხვდა, რომ სტადიონი სწორედ არჩევნების წინ გაიხსნებოდა. ასეც მოხდა. სპორტული ობიექტი 27 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა და ცერემონიას პრემიერ-მინისტრი და ცენტრალური თუ რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოქტომბერში კი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა აჭარაში 500-ს აღმატებოდა. სწორედ 27 ოქტომბერს რეგიონში 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო რვა პაციენტი გარდაიცვალა.

29 ოქტომბერს თორნიკე რიჟვაძემ ჩაქვში მულტიფუნქციური ძალოსნობის ბაზის მშენებლობის დაწყება დააანონსა. ძალოსნები ამორტიზებულ შენობაში ვარჯიშობდნენ და უკვე წლებია, რაც შესაბამის ინფრასტრუქტურას ითხოვდნენ. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ხელშეკრულება 2019 წლის მაისში გააფორმა. პირობის თანახმად, დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა ვადები გახანგრძლივდა და მიღება-ჩაბარების აქტი მიმდინარე წლის 17 ივნისს გაფორმდა. მშენებლობა კი 2020 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაიწყო და ამ პროცესს რეგიონის ხელისუფლება დაესწრო.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის დაწყების შესახებაც მთავრობამ საზოგადოებას 27 ოქტომბერს ამცნო, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის მშენებლობაა. ამ პროექტის განხორციელების თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში გავრცელდა.

ოთხი დღის წინ რეგიონის პირველმა პირმა მოსახლეობას ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მიმდინარე მშენებლობის პროცესი გააცნო, ხოლო ორიოდე დღით ადრე ქობულეთში ბულვარის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ბათუმში ახალი ელექტროავტობუსები შემოვიდა. ფაქტ-მეტრმა ამ თემაზეც არართხელ იმუშავა, მათშორის, ჩვენ გადავამოწმეთ ბათუმის ყოფილი მერების - გიორგი ერმაკოვისა და ლაშა კომახიძის განცხადებები, რომლებიც მოქალაქეებს ელექტროავტობუსების შემოყვანას ჰპირდებოდნენ.

20 ოქტომბრიდან ელექტროავტობუსები, რომლებიც შეძენილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის/აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) დახმარებით, ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა. თუმცა რვა ერთეულის ნაცვლად, მხოლოდ ხუთი. როგორც განმარტეს, სამი ავტობუსი რამდენიმე დღეში შემოვიდოდა. პრობლემა ისაა, რომ ეს ავტობუსები ზოგჯერ უადგილო ადგილას ჩერდება და ავტოპარკში ძველ, ყვითელ ავტობუსზე ჩაბმული გადაჰყავთ. შესაბამისი სამსახური ამბობს, რომ ავტობუსები ხაზზე ტესტირების რეჟიმში გაუშვეს და ამ შეფერხებაში საგანგაშო არაფერია. ფაქტ-მეტრს კი ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ სანამ ავტობუსები ჩამოვიდოდა, საკმაო დრო იყო, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო. ახლა ეს ინფრასტრუქტურა ქალაქს არ აქვს და ყოველ ჯერზე, ავტობუსი რომ „დაიტენოს“, აუცილებლად ავტოპარკში უნდა შევიდეს, რაშიც საკმაო დრო იხარჯება.

არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირის შუალედში თორნიკე რიჟვაძემ კიდევ რამდენიმე პროქტის პრეზენტაცია გამართა. მათ შორის, საცხოვრებელი სახლის, რომელიც მთავრობის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში აშენდა. ფაქტ-მეტრი ამ პროგრამის შესახებაც წერდა.

და ბოლოს, ყველა არჩევნების წინ ხელისუფლების მიერ საუკეთესო დაპირებად შემონახული ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რომელსაც ჩვენ, ასევე, არართი კვლევა მივუძღვენით. აღნიშნული გზის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელისუფლებამ არართხელ გვამცნო, თუმცა პროექტის განხორციელებას ყოველ ჯერზე ხელი ეშლებოდა. ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა. საბოლოოდ, მშენებლობა დაიწყო, მაგრამ მხოლოდ მცირე მონაკვეთის და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ არართი აქცია გამართა. არჩევნების წინ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას განუცხადა, რომ 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს და დანარჩენი მონაკვეთები მომავალში გაკეთდება.

თეგები: