საქართველოშიახალი კორონავირუსით COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. აჭარაში ვირუსი მხოლოდ 15 მარტს „გამოჩნდა“. 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ვირუსით ინფიცირების შემთხვევების განსაკუთრებული მატების გამო, საქართველოს რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა. იმ დროს ხელისუფლებამ, პრევენციის მიზნით, ქობულეთის ოთხი სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც მიიღო.

თუმცა 30 აპრილიდან აჭარაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა და 21 მაისს რეგიონის პირველმა პირმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აჭარა მწვანე ზონად გამოცხადდა.

ამის შემდეგ მთელი ძალისხმევა „მწვანე ზონის“ სტატუსის შესანარჩუნებლად იყო მიმართული. აჭარაში არაერთი საკარანტინო სივრცე მოეწყო და ამისთვის ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა (დღესაც იხარჯება). ფაქტ-მეტრმა ამის შესახებ უკვე დაწერა.

ამის შემდეგ, ყველა შემთხვევა საკარანტინო სივრცეებში მყოფ პირებს ან მძღოლებს უდასტურდებოდათ და შიგა გადაცემის შემთხვევები რეგიონში არ ყოფილა. 15 აგვისტოდან კი თანდათან იმატებს შემთხვევები, როცა ვირუსი რესტორანში ან სხვა სივრცეებში მომუშავე პერსონალს უდასტურდება და რამდენიმე შემთხვევაში წყაროს მიგნება გაძნელებულია.

აჭარაში ტურისტული სეზონია. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ მოქალაქეებსა რეგიონში საქმიანი თუ გართობის მიზნით მყოფ პირებს აინტერესებთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში. ამიტომ ფაქტ-მეტრმა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

-იყავით მზად მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და თუ არის საკმარისი საწოლები, ჟანგბადის აპარატი და სხვა აღჭურვილობა რეგიონში, სიტუაციის სწრაფად და ეფექტიანად სამართავად?

-შემაკავებელი ღონისძიებების მოხსნასთან, შიდა ტურიზმის გააქტიურებასა და საზღვრების ნაწილობრივ გახსნასთან დაკავშირებით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება მოსალოდნელი იყო და ამისათვის შესაბამისი მზადყოფნაც გვქონდა. ჯანდაცვის სისტემის შესაბამისი სამსახურები, სხვა უწყებებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ და ახორციელებენ კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ და შემაკავებელ ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, რომ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისათვის გამოყოფილია რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა. დღეს არსებული მონაცემებით, კლინიკაში 104 პაციენტი მკურნალობს. ამ ეტაპზე ე.წ. „კოვიდ ცენტრი“ მობილიზებულია 170 საწოლზე, 27 სუნთქვის აპარატით. თუ იქნება აუცილებლობა, ყველა საწოლი სრულად დაიტვირთება და პროცესში სხვა კლინიკები ჩართვება, მით უმეტეს, რეგიონში არსებობს ამის გამოცდილება და გასულ თვეებში პაციენტებს მართავდა კლინიკა „მედალფა“, პირველ ეტაპზე კი - ბათუმის ინფექციური საავადმყოფო.

-ერთდროულად, რამდენი მძიმე პაციენტის მართვაა შესაძლებელი?

თუ გულისხმობთ პაციენტებს, რომელებსაც დასჭირდებათ რეანიმაციული ღონისძიებები და ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ამისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 საწოლია გათვალისწინებული. ამ ეტაპამდე ამის საჭიროება არ დამდგარა. პაციენტებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

-რამდენი პერსონალია ჩართული კოვიდპაციენტების მართვის პროცესში?

-ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ემსახურება 41 საშუალო და დაბალი რანგის სამედიცინო პერსონალი. თუ საჭირო გახდება, მათ რაოდენობას გავზრდით. ამის საშუალება გვაქვს.

-ამ ეტაპზე ინფიცირების ყველა წყარო ცნობილი არ არის. გარდა ამისა, კოვიდი აღმოაჩნდა კარავში ტესტირებაგავლილ მოქალაქეს, რაც ზრდის მოლოდინს, რომ მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის დადგენა და კონტაქტების კონტაქტების აღმოჩენა აბსოლუტური სიზუსტით ვერ მოხდებოდა. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს?

-გვაქვს ერთეული შემთხვევები, როცა არ არის ინფიცირების წყარო დაუზუსტებული, თუმცა ყველა მათგანზე მაინც იწყება ეპიდკვლევა. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინფექციის გავრცელების შეკავებისათვის. დაიწყო მოსახლეობის მასიური უფასო ტესტირება. ერთ კვირაზე მეტია, კარვები გაშლილია ბათუმის ბულვარში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ასევე PCR დიაგნოსტიკა შესაძლებელია ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში, ესენია: N1 პოლიკლინიკა, N4 პოლიკლინიკა, საოჯახო მედიცინის ცენტრი, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი, ევექსის ბათუმის ამბულატორია. უფასო ტესტირება მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაშიც.

-იყო, თუ - არა შესაძლებელი სიტუაციის უკეთ მართვა, ხომ არ ფიქრობთ, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, მეტი აქტივობების გატარება იყო საჭირო?

-საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა სიმცირემ, ვირუსის მუტაციამ და არააგრესიულად მიმდინარეობამ, მოსახლეობაში გამოიწვია ინფექციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულა, საზოგადოების ნაწილს საერთოდ არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, რაც ძალიან ცუდია და ხელს უშლის მოწოდებული რეკომენდაციების დაცვას. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბები მინიმუმამდე შემცირდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ პროცესის მართვა, რათა დავიცვათ როგორც მოსახლეობა, ისე - სამედიცინო პერსონალი, რათა არ დავდგეთ მათი დეფიციტის წინაშე. მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი შეხება ინფიცირებულებთან სწორედ სამედიცინო პერსონალს აქვს.

- გავრცელება, ძირითადად, იმ პირების მიერ მოხდა, რომლებიც საკარანტინე სივრცეებში არ იმყოფებოდნენ. ამდენად, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ამ სივრცეებმა თავისი დანიშნულება ამოწურა?

-ვერ დაგეთანხმებით, საკარანტინო სივრცეებმა უდიდესი როლი შეასრულა ვირუსის პრევენციისა და შეკავების პროცესში. აჭარაში გამოვლენილი შემთხვევებიდან, 24%, რაც 53 პაციენტს ითვლის, სწორედ კარანტინში დადასტურდა. აღნიშნული პირები ოჯახებში რომ მისულიყვნენ, გვექნებოდა მასიური, უკონტროლო გავრცელება.

-ჩვენ ხშირად გვიკავშირდებიან საკარანტინე სივრცეებიდან, არაერთი ადამიანი ამბობს, რომ მას ექმნება ფსიქოლოგიური პრობლემა ჩაკეტილ სივრცეში. ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ჰქონდა პანიკა, ჯანმრთელობა გაუუარესდა. ასევე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია უხარისხო საკვების შესახებ და გარდა ამისა, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ თვითიზოლაციაში ყოფნის საშუალება, აცხადებენ, რომ სახელმწიფო მათ ამის საშუალებას არ აძლევს. მით უფრო, როცა ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანების გარკვეული კატეგორიების მიმართ განსხვავებული მიდგომაა. ამ საკითხებზე რა კომენტარს გააკეთებთ და თქვენი აზრით, რა რისკებს შეიცავს კარანტინში ყოფნა მოქალაქეებისთვის?

-ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეთ კარანტინში მყოფ პირებს. იცით, რომ ამ პროცესში ჩართული სასტუმროების უმრავლესობას აქვს მომსახურების მაღალი ხარსხი და ბევრი მათგანი ხუთვარსკვლვიანია. რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს, მათი მოგვარება მყისიერად ხდება. კარანტინში მუშაობს ფსიქოლოგი/ფსიქიატრი და საჭიროების შემთხვევაში, მსურველებს უწევს დახმარებას. ასევე უზრუნველყოფილნი არიან სხვა დამატებითი სერვისებით, ეს მედიკამენტი იქნება, ვიწრო პროფილის ექიმის კონსულტაცია თუ კლინიკაში ვიზიტი.

გარკევული პერიოდის წინ გაფართოვდა თვითიზოლაციაში გამსვლელ პირთა ჩამონათვალი. 18 წლამდე ბავშვები მშობლებთან ერთად გადადიან იზოლაციაში, ასევე - ის პირები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და არიან პაციენტები. ამ კუთხითაც მაქსიმუმი კეთდება მოსახლეობისათვის.

-აცილებლად უნდა გკითხოთ რესპუბლიკური საავადმყოფოს მზაობაზე იმ შემთხვევისთვის, თუ პაციენტს, პარალელურად, ქირურგიული ჩარევა ან სხვა ტიპის დაავადების მკურნალობა დასჭირდება, რა ზომებს უნდა მიმართოთ? რამდენადაც ცნობილია, კოვიდპაციენტების მიმღებ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ეს სერვისი ამ ეტაპზე არ არის.

-რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის საოპერაციო ბლოკისთვის აღჭურვილობა უკვე შეძენილია. ახლა მიმდინარეობს მონტაჟი და ტექნიკური გამართვა. ძალიან მალე იქნება სხვა სერვისების მიწოდება შესაძლებელი. თუ მანამდე პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, შესაბამისი მომსახურება მიეწოდება ამავე კლინიკის თავდაპირველ შენობაში, რომელიც სამედიცინო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს. თუ ისეთი ჩარევა გახდა საჭირო, რომელიც ადგილზე ვერ განხორციელდება, დგება პაციენტის დედაქალაქის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში რეფერირების საკითხი.

ინფორმაციისთვის: მას შემდეგ, რაც ეპიდაფეთქების კერად აჭარა იქცა, ეპიდემიოლოგები რამდენიმე კლასტერს ასახელებენ: ქობულეთში რესტორანი „ჰავანა“ - ერთ-ერთ დასაქმებულს კორონავირუსი დაუდგინდა; ქობულეთში ვირუსი დაუდასტურდა საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს; ბათუმში საკონდიტრო „დონა“ – მათი რიცხვი იზრდება ყოველდღიურად; გაჩნდა ახალი - მასწავლებლის კლასტერი; ე. წ. ხოფის ბაზრობის კლასტერი; დროებით დაიკეტა ბათუმის იუსტიციის სახლი; ასევე ახალი შემთხვევებია ქობულეთში. კოვიდი დაუდასტურდა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის ძმას, თუმცა, როგორც გაირკვა, მინისტრს ძმასთან ორი კვირის განმავლობაში კონტაქტი არ ჰქონია და ამიტომ მისი თვითიზოლაციაში გადასვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

საბოლოოდ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, „აჭარა წითელი ზონაა“. ამ ეტაპზე უცნობია, მიიღებს, თუ - არა მთავრობა რეგიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას.

ვირუსის გავრცელების შემთხვევების მატების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრამდე არ დაიწყება.

ფოტო: ბათუმელები

თეგები: