გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში არაერთ პროგრამას ახორციელებს. მისი ძირითადი ამოცანა და მიზანია, ბავშვთა უფლებების განხორციელებასა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვაში ქვეყანას მხარი დაუჭიროს.
პანდემიამ მთელი რიგი სახელმწიფოები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან კორონავირუსის გავრცელებას თან საკმაოდ მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მოჰყვა , რამაც ბავშვთა უფლებები საგრძნობლად დააზარალა.
როგორ გაუმკლავდა ამ გამოწვევებს საქართველო, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვები და რამდენად იყო მზად ქვეყანა ასეთი რეალობისთვის, ფაქტ-მეტრის ამ და სხვა კითხვებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი პასუხობს.
-პანდემიის პირობებში გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის არანაირი რესურსი გათვალისწინებული არ ჰქონდა, რომელთა საბაზისო უფლებებიც კი დარღვეულია. რა უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ და რა რეკომენდაციები გაქვთ თქვენ, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს?
-როდესაც იყო პანდემიაზე საპასუხო ღონისძიებები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ჯგუფი ამოვარდნილი იყო ამ ღონისძიებებიდან. რასაკვირველია, ქვეყნის რეაგირება უნდა იყოს ყოვლისმომცველი და ის უნდა ითვალისწინებდეს განსაკუთრებულად სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესებს. გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩავატარეთ კვლევა, თუ როგორი იყო კოვიდვირუსის გავლენა საზოგადოებაზე, მათ შორის, დაუცველ ჯგუფებზე. მეორე კვლევა, ესაა რეალურ დროში დაკვირვება, როცა ჩვენ ვაკვირდებით ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებს, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი პრობლემებს. მზადდება ყოველდღიური ანგარიშები, რომლებიც მთავრობას აძლევს საშუალებას, რომ გამოკვეთოს დაუცველი ჯგუფები, მოახდინოს რეაგირება და შეიმუშაოს ღონისძიებები. Unicef-ი განაგრძობს მთავრობასთან თანამშრომლობას და გვექნება ორი მიმართულება: ერთი - პრობლემების გამოვლენა და მეორე - დავეხმაროთ მათ ამ პრობლემებზე სწორ რეაგირებაში.
-რეალური ღონისძიებები გვაინტერესებს. საქართველოში გვყავს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების დიდი რაოდენობა. სახელმწიფოს სერვისები უნდა იყოს მიმართული ამ ოჯახების გაძლიერებაზე. სამწუხაროდ, ეს ადამიანები შემწეობას იღებენ წლების განმავლობაში, მაგრამ ვერ გაძლიერდნენ და დღემდე ამ შემწეობაზე არიან დამოკიდებულნი. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ იზრდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რიცხვი და მათი სოლიდური ნაწილი ამ ოჯახებიდანაა. ანუ არსებული სერვისები არ არის გათვლილი საშუალო და გრძელვადიან შედეგებზე. რამდენად სწორად მიგაჩნიათ სახელმწიფოს მიდგომა და რისი გაკეთება აჯობებდა პოზიტიური შედეგის მისაღებად?
-მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, რომ გაძლიერდეს თემზე დაფუძნებული სერვისები და ასევე, გაძლიერდნენ ოჯახები, რომლებშიც ბავშვები ცხოვრობენ. ეს არ უნდა მოხდეს ისე, რომ, თუ ბავშვები რაღაც პრობლემების წინაშე არიან, ისინი მშობლებს მოვაშოროთ და სხვა ტიპის საცხოვრებელში შევიყვანოთ. ჩვენ ამას არ ვემხრობით. პანდემიაც არ უნდა იყოს იმის მიზეზი, თუ ბავშვი ქუჩაშია, ის გავიყვანოთ მშობლების სახლიდან. დღეს, მოგეხსენებათ, დეცენტრალიზაციის სახელმწიფო პროგრამა არსებობს. ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ამას მოჰყვეს რეალური ქმედებები და შედეგად - ოჯახების გაძლიერება და დახმარება. სახელმწიფოში უნდა გატარდეს სოციალური დაცვის ძლიერი ღონისძიებები, რომლებიც დაეხმარება ოჯახებს.
-პანდემიის მართვის პროცესში, ხომ არ დაუშვა რაიმე ტიპის შეცდომები სახელმწიფომ, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბავშვთა ინტერესების უკეთ დასაცავად, თუ ქვეყანა სხვა დროს მსგავსი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება?
-ეს არის უპრეცედენტო კრიზისი, რომლისთვისაც მთელ მსოფლიოში მზად არავინ იყო. ამიტომ ჩვენ ახლა ვიღებთ გაკვეთილებს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ჯანმრთელობისა თუ სოციალური დაცვა, განათლება თუ სხვა. მთავარი რეკომენდაცია - ოჯახის მხარდამჭერი ღონისძიებები უნდა იყოს უფრო ეფექტური, არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდამჭერი სერვისები უნდა იყოს ძლიერი თვითმმართველობების, სოფლების, თემების დონეზე. როგორც აღვნიშნე, არსებობს დეცენტრალიზაციის სტრატეგია, მაგრამ ის უნდა იყოს აღსრულებული, რათა ადგილობრივი თვითმმართველობების მოქმედება იყოს უფრო მოქნილი, რათა მხარდამჭერი სერვისების მიწოდება მხოლოდ ცენტრალიზებულად არ ხდებოდეს.
-როცა თქვენ საუბრობთ, რომ სახელმწიფოს მიზანი ოჯახების გაძლიერება უნდა იყოს, როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 0-17 წლის ასაკის ყველა ბავშვისთვის ერთჯერადად 200-ლარიან დახმარების შესახებ, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ეს?
-ბავშვების დახმარების მიზნით, სახელმწიფოები რამდენიმე სახის მიდგომას იყენებენ. არსებობს ბავშვების საყოველთაო დახმარება, რაც ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ქვეყანაში ყოველთვიურად იღებს რაღაც დახმარებას და Unicef-ი ამ მიდგომას გლობალურად უჭერს მხარს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საქართველოს მთავრობის ეს ერთჯერადი დახმარება არის ნაბიჯი ასეთი სისტემისკენ, Unicef-ი ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აღიქვამს. მეორე მიდგომა, რომელიც მიზნობრივია, მოითხოვს საჭიროებების იდენტიფიცირებას. ამ მიმართულებით საქართველოში გვაქვს პრობლემები. ამ ეტაპზე მიზნობრივ პროგრამაში გაწევრიანებულია 130 000 ოჯახი, თუმცა ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პროგრამის მიღმა დარჩენილი არიან ოჯახები, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ არიან დარეგისტრირებული. ეს შეიძლება იყოს ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე პროგრამის შესახებ ინფორმაციის არქონა და სხვა. ამიტომ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, პანდემიის პირობებში, იდენტიფიცირებას დიდი დრო დასჭირდებოდა და შესაძლოა, სახელმწიფოს ისეთი ოჯახი გამორჩენოდა, რომელსაც ძალიან სჭირდება ეს დახმარება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ვმუშაობთ მიზნობრივი სისტემის შეფასებაზე, წლის ბოლოს იქნება შედეგები. ჩვენი ინფორმაციით, ამ კვლევების საფუძველზე, მთავრობა სოციალური დაცვის სისტემებისა და მექანიზმების გაუმჯობესებას შეეცდება.
-და ბოლოს, როგორ ავუხსნათ ბავშვს, მით უფრო, ქუჩაში მცხოვრებსა და მომუშავეს, კოვიდით ინფიცირების საფრთხეების შესახებ ისე, რომ მისი ფსიქიკა არ დავაზიანოთ და გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვათ?
- Unicef-ს ძალიან ბევრი რეკომენდაცია აქვს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს კოვიდის შესახებ. ჩვენი მიდგომაა, რომ არ უნდა დავმალოთ ინფორმაცია, თუმცა ეს უნდა იყოს მისთვის გასაგები ენით, არ უნდა შევაშინოთ. ამ დროს მშობლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მათ პოზიტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან და კონსტრუქციულად აუხსნან, რა რისკები ახლავს ამ ვირუსს და როგორ აიცილონ ეს რისკები თავიდან.