ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი (NAT200009378) გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2 335 400 ლარია. მშენებლობა 2021 წლის 2 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე დაწყებულია წინადადებების მიღება. ეს ის საბავშვო ბაღია, რომლის აშენებასაც ხელვაჩაურის მერია 2017 წლიდან უშედეგოდ ცდილობს, რადგან სწორედ მაშინ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობა ხელშეკრულების შეწყვეტით დასრულდა და ყველა შემდგომი ტენდერი ჩავარდა.

სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვის მიზნით, პირველი ტენდერი (NAT170008043) 2017 წლის ივლისში გამოცხადდა, როცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ჯერ კიდევ გამგეობა ერქვა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 963 176 ლარით განისაზღვრა. ტენდერში ექვსი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა, დავების განხილვის საბჭოს მიმართა, მაგრამ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 770 542-ლარიანი ხელშეკრულება, იმავე წლის 9 ოქტომბერს, შპს „ლადასთან“ გაფორმდა. სამუშაოები რვა თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2018 წლის 12 მარტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, პროექტი შეწყდა.

სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი სამშენებლო ნაკვეთზე მეწყრული პროცესის განვითარება გახდა. კომპანიამ მშენებლობის გაგრძელება ვერ შეძლო და ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. პროექტის ავტორი, რომელის მიხედვითაც „ლადამ“ მშენებლობა დაიწყო, არის „Arch-Style“, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელშეკრულებო ფასი - 2 000 ლარი სრულად გადაუხადა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი წარმოებული იყო ხარვეზებით და დემონტაჟს საჭიროებდა. კომპანიამ სასამართლოს მიმართა და შემსყიდველისგან შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდა მოითხოვა - 151 800 ლარი.

სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, ახალშენის ბაღის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, კიდევ რამდენიმე ტენდერი გამოცხადდა. ხელვაჩაურის მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა 35 650 ლარად ჯერ 2018 წლის სექტემბერში სცადა, თუმცა ტენდერი არ შედგა. რამდენიმე დღეში, იმავე მიზნით, ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც კვლავ უშედეგოდ დასრულდა - ერთადერთი მონაწილე შპს Modern Architectural Group იყო, რომელსაც დისკვალიფიკაცია მიეცა. ერთი თვის შემდეგ ამავე კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა (კვლავ ერთადერთი პრეტენდენტი იყო), პროექტი, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, შემსყიდველს წარუდგინა და ანაზღაურება მოითხოვა. თუმცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მისწერა, რომ დოკუმენტი ხარვეზიანია და მიმწოდებელს ხარვეზების აღმოფხვრა მოსთხოვა. საბოლოო ჯამში, ხელშეკრულება შესრულებულად გამოცხადდა.

მერიამ ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „ვეგა +“-სგან, რომელმაც მეორე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა, 2019 წლის 5 თებერვალს გამოცხადებული ტენდერით (NAT190002512), 36 650 ლარად შეიძინა (თანხა გადახდილია). ობიექტის მშენებლობისთვის შესყიდვა კი (NAT190018189) 2019 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. მისი სავარაუდო ღირებულება 2 474 610 ლარს შეადგენდა. ტენდერში შპს „მონოლითი 2005“ ერთადერთი მონაწილე იყო. თუმცა შპს „არგუსმა“ დავების განხილვის საბჭოს მიმართა და შემსყიდველის მხრიდან სატენდერო დოკუმენტაციის ერთ-ერთი პუნქტის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვა. საბჭომ კომპანიის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ტენდერი შეწყდა.

2020 წლის თებერვალში, კიდევ ერთი 2 335 400-ლარიანი ტენდერი (NAT200002971) გამოცხადდა, რომელსაც ერთი მონაწილე ჰყავდა - შპს „ალიგატორი“. კომპანიამ პროექტის განხორციელება 1 844 966 ლარად ითავა, თუმცა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ეს ტენდერიც შეწყდა. ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვაზე გამოცხადებული ბოლო ტენდერის შედეგები ჯერ უცნობია. მოთხოვნის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში და მოიცავს 8344.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს/კ 22.23.10.193). ეს იმ ადგილის მოპირდაპირე მხარეა, სადაც ბაღის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

ინფორმაციისთვის, შპს „ლადას“ დოკუმენტაციაში მითითებულ ნომერზე ვერ დავრეკეთ, რადგან გამორთულია. როგორც გავარკვიეთ, მისი მფლობელი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. „ფაქტ-მეტრმა“ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე არსებულ „Arch-Style“-ის დოკუმენტაციაში მითითებულ ნომერზე დაკავშირებაც სცადა, მაგრამ მოქალაქემ გვიპასუხა, რომ კომპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ნომერი, რამდენიმე თვეა, რაც მას ეკუთვნის.

ახალსოფლის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტის შესახებ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები აქვთ. საქმეს ხელვაჩაურის სასამართლო განიხილავდა. შპს „ლადა“ შემსყიდველისგან 151 800 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სასამართლომ მოსარჩელის თხოვნა დააკმაყოფილა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლოს დასკვნა ჯერ არ მიუღიათ და აქედან გამომდინარე, ვერ დააკონკრეტებს, რას გულისხმობს „ნაწილობრივ დააკმაყოფილა“. მისივე თქმით, ის ეთანხმება, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხარვეზიანი იყო, მაგრამ ეს მშენებელ კომპანიას უნდა გამოესწორებინა. იურიდიული სამსახურის უფროსის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სასამართლოს დასკვნას ოფიციალურად მიიღებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ზემდგომ ინსტანციას მიმართავს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

თეგები: