11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდააფეთქება პანდემიად გამოაცხადა. პანდემიის სახელწოდება ჯანმო-ს რეკომენდაციებს და ამ ვირუსით გამოწვეული საფრთხის შეფასებას არ ცვლის. ჯანმო მიიჩნევს, რომ ეს არის პანდემია, რომლის კონტროლიც შესაძლებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა 13-ჯერ გაიზარდა, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც ვირუსი ფიქსირდება, გასამმაგდა. ვირუსის გავრცელების მასშტაბი პანდემიის გამოცხადების საფუძველი გახდა. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად, პანდემია განგაშის უმაღლესი დონეა. პანდემიად ფასდება ახალი ინფექციური დაავადება, რომელიც გლობალურად სწრაფი ტემპით ვრცელდება. პანდემიის დროს ეპიდემია ფიქსირდება რამდენიმე ქვეყანაში ან/და კონტინენტზე.[i]

ახალი ტიპის კორონავირუსი (COVID-19) პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა და სწრაფი ტემპით გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 139 ქვეყანაშია გავრცელებული, ინფიცირებულთა რაოდენობამ 145 ათასს გადააჭარბა, ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვალების 5,429 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა, დღეის მდგომარეობით 30 ადამიანია ინფიცირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, უახლოეს დღეებში ინფიცირების, გარდაცვალების და იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც ვირუსი შეეხება, კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, ყველა ქვეყანას შეუძლია პანდემიის მიმდინარეობა შეცვალოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას კორონავირუსთან საბრძოლველად ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

რა შეიცვალა პანდემიის გამოცხადების შემდეგ საქართველოში?

კორონავირუსის გავრცელების პანდემიად შეფასების შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ყველა ორგანო 24-საათიანი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. 12 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საჯარო და კერძო დაწესებულებებს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა. 12 მარტს თვითიზოლაციის წესების დაცვაზე მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა. მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციის წესების არღვევენ, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაჰყავთ. 12 მარტიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან შემოსული მგზავრებისთვის საქართველოს საზღვარზე შემოწმების შემდეგ სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა. აქამდე, სავალდებულო კარანტინი და თვითიზოლაცია მხოლოდ ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან შემოსული მგზავრებზე ვრცელდებოდა. მთავრობამ ეკონომიკაზე კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შესამსუბუქებლად 6-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

პანდემიის გამოცხადებამდე, 1 მარტს, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა. შეჩერდა სასწავლო პროცესი სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში. ასევე გადავადდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა. ამასთან, დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიური დამუშავება.

რას უნდა ველოდოთ?

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პანდემიისთვის მზადყოფნა არსებობდა. ჯანდაცვის სისტემა სამი შესაძლო სცენარის განვითარებისთვის ემზადება. მინისტრის განცხადებით, პირველი სცენარი გულისხმობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იქნება მცირე. მეორე სცენარით, ინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული და ეს პროცესი დაახლოებით 12 კვირას გასტანს. მესამე და ყველაზე რთული სცენარი გულისხმობს 400-მდე მძიმე პაციენტის ყოლას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით: „პროცესების განვითარების სამივე სცენარი, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობა და ამავე დროს ინსტრუმენტებს, რომელიც მოწოდებულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს ინსტრუმენტები გამოცდილია პანდემიური გრიპის დროს. ეს სამი სცენარი არსებობს და რომელი სცენარით შეიძლება, განვითარდეს ქვეყანაში ეპიდემია – ამ დროს რამდენი საწოლი გჭირდება მსუბუქი, მძიმე თუ კრიტიკული ავადმყოფებისთვის, რამდენი ექიმი, სავენტილაციო აპარატი, პიკს როდის მიაღწევს, თუ ასეთი ეპიდემია დაიწყო ქვეყანაში, ამ სცენარებისთვის მზაობა არსებობს“.

----------------------------------------------------------------------------------------

[i] უკანასკნელად პანდემია 2009 წლის გაზაფხულზე გრიპის A ტიპის ვირუსის H1N1-ის (ე.წ. ღორის გრიპის) ეპიდაფეთქების დროს გამოცხადდა. ვირუსი თავდაპირველად აშშ დაფიქსირდა და სწრაფად გავრცელდა მსოფლიოში. ამ ვირუსს ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსი სეზონური გრიპის სახით დღემდე ცირკულირებს მსოფლიოში.

თეგები: