26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 78 630 ჩინეთში. ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია ასევე: სამხრეთ კორეაში - 1 766, იტალიაში - 528, ირანში -245, იაპონიაში - 186, სინგაპურში- 96 შემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების არეალი საკმაოდ სწრაფი ტემპით ფართოვდება, ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი არ არის საგანგაშო. კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი ჩინეთში 3.5%-ია, ჩინეთის გარეთ კი დაახლოებით 1.6%-ია. ამ დროისთვის, გარდაცვლილია 2 812 ადამიანი, აქედან 2 747 ჩინეთში. ჩინეთის გარეთ კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების შემთხვევა სულ 6 ქვეყანაში დაფიქსირდა: ირანი (26), იტალია (14), სამხრეთ კორეა (13), იაპონია (4), საფრანგეთი (3), ფილიპინები (1).
კორონავირუსი ასევე საკრუიზო გემზე Diamond Princess გავრცელდა, სადაც ამ დროისთვის 705 ინფიცირების და 4 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ მონაცემები მუდმივად ახლდება და სტატიაში ასახული მონაცემები უკვე შეცვლილია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. ჩინეთის გარეთ ვირუსი გამოვლინდა 50 ქვეყანაში.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის ინფექციით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 70 წელს ზევით ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 70-79 წლის ადამიანებში - 8%, ხოლო 80 წელს გადაცილებულთათვის 14.8% იყო. გარდაცვალების მაჩვენებლი არ დაფიქსირებულა ბავშვებში (0-დან 9 წლამდე). 40 წლამდე ასაკის ადამიანებში გარდაცვალების მაჩვენებლი 0.2%-ს არ აღემატება. აღსანიშნავია, რომ რისკ ჯგუფში არიან როგორც ასაკოვანი მოსახლეობა, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის შემთხვევების დაახლოებით 81% მსუბუქად მიმდინარეობს, შემთხვევების 14% არის მწვავე, 5% კი კრიტიკული.
გრაფიკი1: კორონავირუსის (COVID-19) დადასტურებული შემთხვევები და გარდაცვალების მაჩვენებელი
წყარო: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ოჯახის ახალი შტამი, რომელიც პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. კორონავირუსი ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 2-დან 14-დღემდეა. კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები: ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება პნევმონია, თირკმელების უკმარისობა და გარდაცვალება გამოიწვიოს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის. თუმცა მდგომარეობა საგანგაშო არ არის, რადგან სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ახალი კორონავირუსის გამოჩენას შედარებით მომზადებულები შეხვდნენ. საქართველომ ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. კერძოდ: საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდა; არის შესაბამისი სამედიცინო მზადყოფნა - ლუგარის ცენტრში ლაბორატორიული კვლევით შესაძლებელია ახალი კორონავირუსის იდენტიფიცირება; გვაქვს საკარანტინო სივრცეები, პროფილური (ინფექციური) საავადმყოფოები; მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა ქვეყანაში. ის სიმპტომების აღმოჩენისთანავე საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, შემოწმდა ყველა ის პირი, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა (მისი თანმხლები პირი და მებაჟეები), მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ამ ეტაპზე ინფიცირებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტს არც მაღალი ტემპერატურა და არც პნევმონია არ აღენიშნება. ის მკურნალობას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში განაგრძობს.