რეზიუმე: 2012 წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება 332 მლნ ლარს შეადგენდა. 2019 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 1.044 მლრდ ლარამდე გაიზარდა, აქედან უდიდესი წილი (70%-ზე მეტი) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია.
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2012-2017 წლებში ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში ჯიბიდან გადახდები 73.4%-დან 54.7%-მდე შემცირდა. ჯიბიდან გადახდების შემცირება ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. ნომინალურ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები არ შემცირებულა. ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდებმა 2012 წელს 1.609 მლრდ ლარი, 2013 წელს კი 1.557 მლრდ ლარი შეადგინა. 2017 წელს ჯიბიდან გადახდები 1.575 მლრდ ლარი იყო.
ანალიზი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ განაცხადა, რომ „როდესაც „ოცნებამ" ხელისუფლება ჩაიბარა საყოველთაო ჯანდაცვაში დაახლოებით 350 მლნ აკუმულირება გააკეთა, დღეს ეს თანხა სამჯერ გაზრდილია, მაგრამ მაშინაც და ახლაც, ჯიბის ხარჯი დაახლოებით ერთი და იგივე, 1.5 მილიარდია“.
2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა და საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით (სახელმწიფო ან კერძო დაზღვევით) არ სარგებლობდა. 2014 წლიდან კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ის მიზნობრივი ჯგუფებიც (სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, 5 წლამდე ბავშვები, შშმ პირები და სხვა) მოექცნენ, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობდნენ.
2013-2019 წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მისი უდიდესი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. 2012 წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევა) დაფინანსება 332 მლნ ლარს შეადგენდა. 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 1.044 მლრდ ლარამდე გაიზარდა (იხილეთ გრაფიკი 1).
2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯმა 70 მლნ ლარი შეადგინა. პროგრამის დაფინანსება 2014 წელს 338 მლნ ლარი იყო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან მისი ხარჯები ყოველწლიურად იზრდება (იხილეთ გრაფიკი 1). 2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 754 მლნ ლარით დაიგეგმა, რეალურმა ხარჯმა კი 828.7 მლნ ლარი შეადგინა (პდფ 2019 შესრულება).
გრაფიკი 1: 2012-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი და ჯანდაცვის პროგრამების ჯამური დაფინანსება (მლნ ლარებში)
წყარო:სახელმწიფო ბიუჯეტი
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი 54.7%-ს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 73.4% იყო. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი შემცირდა. თუმცა აღნიშნული მონაცემის ცვლილება მოსახლეობის დანახარჯების შემცირებით კი არ იყო განპირობებული, არამედ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების გაზრდით. ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში სახელმწიფოს წილი 21%-დან 38%-მდე გაიზარდა. ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებმა 2012 წელს ნომინალში 1.609 მლრდ ლარი, 2013 წელს 1.557 მლრდ ლარი შეადგინა, 2017 წელს კი ჯიბიდან გადახდები 1.575 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, Unicef-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ კვლევები აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა, რაც ძირითადად, მედიკამენტებზე ფასების ზრდით არის გამოწვეული. 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები საშუალოდ 16.4%-ით გაიზარდა. 2015 წელს კი 2013 წელთან შედარებით, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები 31%-ით არის გაზრდილი.