რეზიუმე: 2018 წლის მონაცემით, სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა მუდმივ ფასებში 1.759 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12.7 მლნ ლარით (0.7%-ით) აღემატება. სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს იყო, როცა ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 11.3% შეადგინა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება და 2017 წელს 3.8%-იანი კლება აღინიშნა. რაც შეეხება 2018 წელს, როგორც აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა მხოლოდ 0.7%-ია. სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2013 წლიდან ასევე კლების ტენდენციით ხასიათდება და 2018 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.7% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა ვიდრე სოფლის მეურნეობა. რაც შეეხება, ნათესი ფართობის რაოდენობას, რძის წარმოებას და მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობას, 2018 წელს 2013 წელთან შედარებით, მონაცემები ნამდვილად შემცირებულია (შესაბამისად: 37.7%, 8.2%, 28.6%-ით), მაგრამ არა იმ პროცენტული რაოდენობით, რასაც მამუკა ხაზარაძე ასახელებს.
ანალიზი
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ორგანიზაციის ახალი წევრების წარდგენისას აგრარული სექტორი შეაფასა და აღნიშნა: „სოფლის მეურნეობაში სავალალო მდგომარეობა გვაქვს. რეალური მშპ სოფლის მეურნეობაში შემცირდა. შესაბამისად, 30%-ით შემცირდა ნათესი ფართობები, 3%-ით შემცირდა მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა და 15%-ით შემცირდა რძის წარმოება. ამას ემატება ის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც უნიკალური რესურსები აქვს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების 1 მლრდ დოლარის იმპორტს ახორციელებს ყოველწლიურად“.
ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში რეალურად შექმნილი დამატებითი ღირებულების ცვლილებით იზომება. სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა (წარმოების ოდენობის ცვლილება წინა წელთან მიმართებით) გვიჩვენებს თუ როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე. შესაბამისად, აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, მართებულია, დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეული ღირებულების ზრდას გამორიცხავს. 2018 წლის მონაცემით, სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა მუდმივ ფასებში 1.759 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.7 მლნ ლარით (0.7%-ით) აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს იყო, როცა ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 11.3% შეადგინა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება და 2017 წელს 3.8%-იანი კლება აღინიშნა. რაც შეეხება 2018 წელს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა მხოლოდ 0.7%-ია.
გრაფიკი1: სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 2012-2018 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ასევე 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში კლების ტენდენციით ხასიათდება და 2018 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.7% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა ვიდრე სოფლის მეურნეობა.
გრაფიკი 2: სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2012-2018 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მამუკა ხაზარაძე განცხადებაში არ აკონკრეტებს, რომელი წლის მონაცემზე საუბრობს. თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორის შესაფასებლად ის ბოლო 7 წლის დინამიკაზე საუბრობდეს. 2019 წელს ნათესი ფართობის რაოდენობა 193.6 ათასი ჰექტარია. შესაბამისად, 2013 წელთან შედარებით, ნათესი ფართობი 37.7%-ით არის შემცირებული, 2018 წელთან შედარებით კი კლება 6.6%-ია. ნათესი ფართობის რაოდენობა 2013 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება (მიუხედავად „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამისა, რომელიც 2013-2016 წლებში განხორციელდა. 2017 წელს სახელმწიფომ პროგრამის მოქმედება შეაჩერა).
ცხრილი 1: ნათესი ფართობის რაოდენობა (ათასი ჰექტარი) 2012-2019 წლებში
წელი |
ნათესი ფართობი(სულ) |
საშემოდგომო |
საგაზაფხულო |
2012 |
259.6 |
54.1 |
205.5 |
2013 |
310.7 |
52.5 |
258.2 |
2014 |
274.9 |
58.4 |
216.5 |
2015 |
263.7 |
56.2 |
207.5 |
2016 |
240 |
60.5 |
179.5 |
2017 |
220.3 |
53.6 |
166.6 |
2018 |
207.1 |
54.5 |
152.7 |
2019 |
193.6 |
52.1 |
141.5 |
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რაც შეეხება მსხვილფეხა პირუტყვის სულადობას, 2013 წელს მათი რაოდენობა 1 229.7 ათასი სული იყო, 2018 წელს მსხვილფეხა პირუტყვი 878.9 ათასამდე შემცირდა (28.6%-ით). 2017 წელთან შედარებით კი 2018 წელს 3.4 %-იანი კლება დაფიქსირდა. რძის წარმოება 2013 წელს 604.7 მლნ ტონა იყო, 2018 წელს 555.3 მლნ ტონა რძე იყო ნაწარმოები. შესაბამისად, 2018 წელს 2013 წელთან შედარებით, რძის წარმოებაში 8.2%-იანი კლებაა და არა 15%-იანი, როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, რძის წარმოება 5%-ით არის გაზრდილი. განცხადებაში მამუკა ხაზარაძე სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზეც ამახვილებს ყურადღებას.
გრაფიკი 3: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი 2012-2018 წლებში (მილიონი აშს დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი 2012 წელთან შედარებით, 7%-ით არის გაზრდილი. 2017 წელთან შედარებით კი 15%-იანი ზრდაა. იმპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის რაოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მილიარდ ლარზე ნაკლები არასდროს ყოფილა. დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება (უარყოფითი სავაჭრო სალდო ნიშნავს, რომ საქონლის იმპორტი აღემატება ექსპორტს). 2018 წელს უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 394 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.4%-ით არის შემცირებული. 2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო სალდო, ძირითადად, კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, გამონაკლისი 2015 და 2017 წლები იყო.
სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო („ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს). 2011 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის ხარჯი 39.9 მლნ ლარი იყო. ეს მაჩვენებელი 2012 წელს 212.8 მლნ ლარამდე გაიზარდა. მიუხედავად დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდისა, 2012 წელს სოფლის მეურნეობა 3.8%-ით შემცირდა. 2012-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორის ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადებთან მიმართებით, საშუალოდ 2.5% იყო, რაც 2018 წელს 1.8%-მდე შემცირდა, მიმდინარე წელს კი 1.7%-ით არის დაგეგმილი.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ გაზრდილი დაფინანსების პირობებში, 2018 წელს სოფლის მეურნეობის სექტორი 2013 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა აბსოლუტურ მაჩვენებელში (0.2%-ით-სოფლის მეურნეობის მთლიანი გამოშვება მუდმივ ფასებში), წილობრივი მაჩვენებელი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით კი შემცირდა.