რეზიუმე: ჭიათურის საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი 2016 წლის ივნისში დაიწყო. პროექტი საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და 3 428 მეტრიანი სიგრძის გზის სრულ რეაბილიტაციას და თანამედროვე სტანდარტების გონდოლებით აღჭურვას ითვალისწინებს.
რამდენჯერმე შეიცვალა პროექტის დასრულების თარიღი. დაახლოებით ერთი წლის წინ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებდა, რომ ჭიათურის საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2018 წლის დეკემბერში დასრულდებოდა. მიმდინარე წელს უკვე მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია ამბობდა, რომ პროექტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდებოდა. რეალურად, ჭიათურაში ამჟამად ბაგირების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც, როგორც პროექტის კოორდინატორმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აღნიშნა, სავარაუდოდ, 2020 წლის აპრილისთვის დასრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჭიათურას, უკეთეს შემთხვევაში, საბაგირო ტრანსპორტი სულ მცირე ნახევარი წელი კიდევ ვერ მოემსახურება.
გარდა იმისა, რომ პროექტი გაჭიანურდა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში საფრანგეთის მთავრობის მიმართ გადასახდელმა სასესხო ვალდებულებამ 11 825 492 ევრო შეადგინა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აუდიტისთვის წარდგენილი ინფორმაციით, ორგანიზაციას კონტრაქტორისგან აქვს მიღებული არა 11 825 492 ევროს, არამედ -10 825 001 ევროს სამუშაოს შესრულების დოკუმენტაცია. შესაბამისად, ფონდი კონტრაქტორი კომპანიის მიმართ წარმოშობს 1 000 492 ევროს მოთხოვნას. კომპანია კი ქართული მხარის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს შესრულებულად მიიჩნევს და ფონდის მოთხოვნას არ აღიარებს.
ამავე დასკვნის მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის სათანადო კონტროლი ვერ შეძლო, რაც უზრუნველყოფდა სამუშაოების ზედამხედველობას და გადახდილი თანხის შესრულებულ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენას. აუდიტის შემაჯამებელი დასკვნით, მუნიციპალური განვითარების ფონდს არ წარმოუდგენია საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება, რაც კონტრაქტორი კომპანიისგან მილიონი ევროს მოთხოვნის საფუძველი გახდებოდა.
ანალიზი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა „ევროპული საქართველოდან“, სერგი კაპანაძემ დაუმთავრებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას ქალაქ ჭიათურის საბაგიროების პროექტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ ჭიათურა საბაგიროების ქალაქია და არცერთი საბაგირო არ დადის და ის საბაგირო, რომელიც სესხით გააკეთეთ, თქვენმა აუდიტის სამსახურმა დაწერა, რომ ერთი მილიონი ევრო არის დაკარგული“.
ქალაქ ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც ქალაქის მოსახლეობას 1954 წლიდან ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ეს იყო „საბჭოთა კავშირში“ პირველი სამგზავრო საბაგირო გზა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივად ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი ამ ტრანსპორტის გარეშე დარჩა.
საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემის და სადგურების სრული რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.
საბაგირო გზის საერთო სიგრძე 3 428 მეტრია. პროექტი რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელებულიყო და მისი საბოლოო მიზანი საბაგირო ხაზების აღდგენა და ქალაქის ცენტრში სატრანსპორტო ჰაბის მოწყობა იყო. პროექტის ფარგლებში სრულად უნდა აღდგენილიყო ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. 2016 წლის ივნისში დაიწყო ცენტრალური სადგურიდან გამავალი 3 მიმართულების რეაბილიტაცია: სანატორიუმი (862 მ), ნაგუთი (1 081მ) და ლეჟუბანი (845 მ). სამუშაოებს შპს „დაგი“ ატარებდა. პროექტის ღირებულება 7 877 098 ლარი იყო და 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.
რაც შეეხება მეოთხე მიმართულებას - სადგურ „მუხაძის“ რეაბილიტაციას, პროექტის ღირებულება 2 869 977 ლარი იყო და 2019 წლის აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამხანაგობა „დაგი სოლუშენი“ ახორციელებდა.
რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდება ფრანგულმა კომპანიამ „პომაგალსკი“ უზრუნველყო. ამ მიზნით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რვა გონდოლა შეიძინეს.
დაახლოებით ერთი წლის წინ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გვპირდებოდა, რომ ჭიათურის საბაგიროების რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდებოდა. მაშინ „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა. პროექტის კოორდინატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არა 2018 წლის ბოლოს, არამედ 2019 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო.
მიმდინარე წლის ოქტომბერში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ჭიათურის საბაგირო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ „პროექტის განხორციელებისას იყო სირთულეები, როგორც კონტრაქტორტან, ასევე სუბკონტრაქტორთან დაკავშირებით. ამ დროისთვის, კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ ბაგირების გაჭიმვა. აღნიშნულ პროცესში უკვე ჩართულია ფრანგული კომპანია „ტექ-კაბელი“ და სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის ბოლოს ვვარაუდობთ“.
„ფაქტ-მეტრი“ კიდევ ერთხელ შეეცადა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში დაეზუსტებინა, რა ეტაპზეა საბაგირო გზების რეაბილიტაცია და როდის არის შესაძლებელი სამუშაოების დასრულება. პროექტის კოორდინატორმა რამაზ ყიფშიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბაგირების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც, სავარაუდოდ, 2020 წლის აპრილში დასრულდება.
რაც შეეხება ჭიათურის საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებულ აუდიტის დასკვნას, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდი 2016 წლიდან ახორციელებს ქალაქ ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც საფრანგეთის მთავრობის სესხით ფინანსდება.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საფრანგეთის მთავრობის მიმართ გადასახდელმა სასესხო ვალდებულებამ 11 825 492 ევრო შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საფრანგეთის მთავრობას კონტრაქტორი კომპანიისთვის პირდაპირი გადახდებით ამ რაოდენობის თანხა აქვს გადახდილი. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციით კი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციას პროექტის ფარგლებში კონტრაქტორისგან აქვს მიღებული არა 11 825 492 ევროს, არამედ 10 825 001 ევროს სამუშაოს შესრულების დოკუმენტაცია. შესაბამისად, ფონდი კონტრაქტორი კომპანიის მიმართ წარმოშობს 1 000 492 ევროს მოთხოვნას. კომპანია კი ქართული მხარის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს შესრულებულად მიიჩნევს და ფონდის მოთხოვნას არ აღიარებს.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვერ განახორციელა პროექტის სათანადო კონტროლი, რაც უზრუნველყოფდა სამუშაოების ზედამხედველობას და გადახდილი თანხის შესრულებულ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენას. შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და საკმარისი კონტროლის მექანიზმების არსებობა მნიშვნელოვანია სამართლიანი აღრიცხვისთვის, პროექტის დროულად და ეფექტიანად განხორციელბისთვის და ასევე სახელმწიფოს მიერ გადახდილი სესხის მიზნობრიობის დასადასტურებლად. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეფექტიანი კონტროლის არსებობის შმთხვევაში, გაადვილდებოდა ფონდის მიერ კონტრაქტორი კომპანიის მიმართ წამოყენებული ფინანსური მოთხოვნის (1 000 492 ევროს ) სამართლიანობის და უტყუარობის დადგენა.
აუდიტის შემაჯამებელი დასკვნის მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდს არ წარმოუდგენია საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება, რაც გახდებოდა კონტრაქტორი კომპანიისგან მილიონი ევროს მოთხოვნის საფუძველი.
ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითების ფონდს მივმართეთ და პასუხის მიღებისთანავე განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით.