ფაქტ-მეტრმა აჭარის ა/რ მთავრობისა (მთავრობის აპარატი და სამინისტროები) და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული არაერთი შესყიდვა შეისწავლა და შესაბამისი სტატიებიც გამოაქვეყნა. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ფაქტები ხშირად აჩენს კითხვებს სულ მცირე, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვის შესახებ, თუმცა ზოგჯერ უფრო მწვავე კითხვებიც ჩნდება.
ამ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების კვლევისას, ყურადღება მივაქციეთ ერთ გარემოებას, რომელიც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს სამგზის დეპუტატის, დავით ბაციკაძის სახელს უკავშირდება. საქმე ეხება ა(ა)იპ აჭარის ინტელექტ-კლუბს, რომელიც 2011 წლის 25 იანვარს შეიქმნა. არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის ამონაწერის თანახმად, ორგანიზაციის გამგეობას თავდაპირველად, სამი წევრი ჰყავდა: დავით ბაციკაძე, რომელიც, ასევე აღნიშნული ა(ა)იპ-ის გამგეობის თავმჯდომარეც იყო; ბესიკ ლილუაშვილი, რომლის საქმიანი ბიოგრაფიის ნაწილი აჭარის სამთავრობო უწყებებს უკავშირდება და გურანდა გვაზავა. მოგვიანებით ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ბადრი შარაძე გახდა.
2011 წლიდანვე ორგნიზაცია გამარტივებულ ტენდერებში იმარჯვებს. 2019 წლის ივლისის ჩათვლით ა(ა)იპ აჭარის ინტელექტ-კლუბს საბიუჯეტო უწყებებთან, გამარტივებული ტენდერების საფუძველზე გაფორმებული აქვს 340 102 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები.
გრაფიკი 1. ა(ა)იპ აჭარის ინტელექტ-კლუბის მიერ 2011 წლიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
პირველი ხელშეკრულება ინტელექტ-კლუბსა და ბათუმის მერიას შორის გაფორმებულია 2011 წლის 14 თებერვალს. შესყიდვის საგანს წარმოადგენს ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებულად ჩატარება. 10 000-ლარიან ხელშეკრულებას ხელს აწერს დავით ბაციკაძე. გამარტივებული შესყიდვის საფუძველს წარმოადგენს სპეციალური წესი. მეორე ჯერზე უკვე შესყიდვის საფუძველია მთავრობის/პრეზიდენტის თანხმობა. ხელშეკრულების ღირებულება 8 000 ლარია და ის გაფორმებულია აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან.
ინტელექტუალური თამაშების ორგანიზების გარდა, გამარტივებულ შესყიდვებში გვხვდება სასტუმროსა და კვების მომსახურების მიწოდებაც.
2013 წლის 8 აპრილს ბათუმის მერიასთან გაფორმებულ 14 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებას უკვე თან ერთვის „რა? სად? როდის?“ კლუბების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტ ნ. ი. სტეცენკოს წერილი (რუსულ ენაზე შედგენილი, თარგმანის გარეშე), რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“ საერთაშორისო ასოციაციის ერთადერთი წევრია საქართველოდან და საქართველოს ტერიტორიაზე თამაშების ჩატარების ექსკლუზიური უფლება აქვს. ამ წერილთან ერთად მიმაგრებულია საქართველოს კლუბ „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტის გიორგი მოსიძის წერილიც, რომელის ადრესატიც დავით ბაციკაძეა. გიორგი მოსიძე წერს, რომ მიესალმება აჭარის ინტელექტ-კლუბის ინიციატივას და ანიჭებს მას რეგიონის ტერიტორიაზე ინტელექტუალური თამაშების ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას, ხოლო ტურნირების ჩატარებაზე, ქართული ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“ წინაშე ანგარიშვალდებულად ნიშნავს დავით ბაციკაძეს.
2015 წლის დეკემბერში გიორგი მოსიძემ დავით ბაციკაძეს აღნიშნული უფლება 2018 წლის იანვრამდე გაუგრძელა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებით, ბათუმის მერიას დავით ბაციკაძის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმების თანხმობა მიეცა.
ამის შედეგ ა(ა)იპ აჭარის ინტელექტ-კლუბმა ბათუმის მერიასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან კიდევ რამდენიმე ხელშეკრულება შეუფერხებლად გააფორმა. ბოლო კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 44 000 ლარია, დადებულია სსიპ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან მიმდინარე წლის 12 ივლისს. ხელშეკრულებას კვლავ დავით ბაციკაძე აწერს ხელს. მისი, როგორც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის ხელმოწერა დაფიქსირებულია ყველა სხვა დოკუმენტზე, 2019 წლის აგვისტომდე.
დავით ბაციკაძე წლების განმავლობაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ აქტიური მოთამაშე და ორგანიზატორია. საინტერესოა, რომ არა უმაღლესი საბჭოს წევრობა, შეძლებდა, თუ არა აჭარის ინტელექტ-კლუბი ასე შეუფერხებლად ბიუჯეტიდან ათასობით ლარის მიღებას, ან სულაც, დააფინანსებდა რესპუბლიკის თუ ადგილობრივი ხელისუფლება ინტელექტუალურ თამაშებს ასეთი მონდომებით? ფაქტია, რომ ახლა დავით ბაციკაძეს აჭარაში თამაშების ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება აქვს, ხოლო ორგანიზაცია აქედან სარგებელს იღებს.
ცნობისთვის, დავით ბაციკაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი პირველად 2004 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2005 წელს მან ენმ დატოვა.მეორედ აჭარის ა/რ წარმომადგენლობით ორგანოში 2012 წელს აირჩიეს კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, როგორც „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ წევრი. 2016 წელს კი ის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით მოხვდა. ამ ეტაპზე დავით ბაციკაძე უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ თავმჯდომარისა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს იკავებს.
ჩვენ დავუკავშირდით დავით ბაციკაძეს. მან გვითხრა, რომ გამგეობის თავმჯდომარეობა, კანონში ცვლილების შემდეგ, არ შეიძლებოდა, რაც მან არ იცოდა და საჯარო სამსახურის ბიუროსგან გაიგო. ამის გამო, როგორც ბაციკაძემ გვითხრა, ის დააჯარიმეს კიდეც. აქ უცნაური ისაა, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, როგორც თვითონ გვიმტკიცებს, თითქმის ერთი წელი, კანონში ცვლილების შესახებ არაფერი იცოდა.
სხვათა შორის,აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტისაპარატში დასაქმებულთა შორის გვხვდება ა(ა)იპ აჭარის ინტელექტ-კლუბის გამგეობის თავმჯდომარე (2019 წლის აგვისტოს ამონაწერის თანახმად) ბადრი შარაძე. კითხვები მის მიმართაც ჩნდება. შარაძეს საკუთარ თავთან არაერთი აქტი აქვს გაფორმებული.
საქმე ის არის, რომ 2019 წლის აგვისტოდან დოკუმენტებზე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის რანგში ხელს ბადრი შარაძეაწერს. მაგალითად, 9 აგვისტოთი დათარიღებულ მიღება-ჩაბარების აქტზე კი ბადრი შარაძის ორი ხემოწერაა: როგორც შემსყიდველის (გამგეობის თავმჯდომარის) და როგორც მიმწოდებლის (ფიზიკური პირის), რომელმაც მომსახურებისთვის 670 ლარი აიღო. შარაძეს ამავე თანხის მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტი კვლავ საკუთარ თავთან აქვს გაფორმებული. იქვე ასეთი რამდენიმე დოკუმენტი იძებნება. მსგავსი გარემოება მეორდება 2019 წლის 2 სექტემბერს - ბადრი შარაძეს ბადრი შარაძესთან, როგორც შეკითხვების ავტორთან, როგორც წამყვანთან და სეკუნდანტთან, მიღება-ჩაბარების აქტები აქვს გაფორმებული.
ბადრი შარაძის მიერ საკუთარ თავთან გაფორმებულ დოკუმენტების შესახებ, რომლებზეც ის ხელს აწერს, როგორც შემსყიდველი და როგორც მიმწოდებელი, დავით ბაციკაძემ გვითხრა, რომ ეს ბუღალტრისა და იურისტის საქმეა და არა მისი.