მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რეგიონის კანონიერი მთავრობა თავის უფლებამოსილებას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის ხუთივე სამინისტრო თბილისში მდებარეობს. რეგიონებში მხოლოდ წარმომადგენლობებია განთავსებული. ქვეყნის დედაქალაქში აღასრულებს თავის საკანონმდებლო უფლებამოსილებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოც.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა უჯდება ბიუჯეტს აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების სატრანსპორტო საშუალებების შენახვა და რამდენ ლიტრ საწვავს მოიხმარს საშუალოდ თითოეული სამინისტრო.
ამ ეტაპზე აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიერ საწვავსა და ავტომობილების მოვლა-შენახვაში დახარჯული თანხის რაოდენობას გავეცანით. უწყებამ მონაცემები 2014 წლიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნა. საანგარიშო პერიოდში სამინისტროს დახარჯული აქვს 69 142 ლარის ღირებულების 39 999 ლიტრი საწვავი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვისთვის (შეკეთება, სათადარიგო ნაწილების შეძენა, რეცხვა) ჯამში გადახდილი თანხის მოცულობა 44 788 ლარს შეადგენს.
ცხრილი 1.აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ავტომობილების შენახვაზე დახარჯული თანხა 2014 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე
დანიშნულება წელი |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
საწვავი, ლიტრი |
8 249 |
6 924 |
6 145 |
6 861 |
7 253 |
4 567 |
საწვავის ღირებულება, ლ |
14 304 |
10 960 |
8 046 |
10 944 |
15 278 |
9 610 |
მოვლა-შენახვა, ლ |
6 330 |
8 465 |
5 234 |
8 427 |
9 878 |
6 454 |
სულ დახარჯული თანხა, ლ |
20 634 |
19 425 |
13 280 |
19 371 |
25 156 |
16 064 |
წყარო: აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო დანართი 1
ყურადღებას იქცევს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული პერსონალური ავტომანქანა მერსედეს E320, 2001 წლის გამოშვება (ფაქტ-მეტრისთვის ფერი ცნობილი არ არის). მხოლოდ ამ ერთი სატრანსპორტო საშუალების რემონტის, სათადარიგო ნაწილების, საპოხი მასალისთვის 2014 წელს გადახდილია 4 809 ლარი, 2015 წელს - 7 174 ლარი, 2016 წელს - 2 321 ლარი, 2017 წელს - 4 068 ლარი, 2018 წელს - 4 015 ლარი და 2019 წლის შვიდ თვეში - 2 226 ლარი.
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული მოდელის ავტომობილის ფასი, დაახლოებით, 2,5 ათასი აშშ დოლარიდან 5 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. გამოდის, რომ ყოველწლიურად მის მოვლა-შენახვაზე დახარჯული თანხა მაღალია. გარდა ამისა, ამავე სატრანსპორტო საშუალების საწვავისთვის, საანგარიშო პერიოდში, დაიხარჯა: 2014 წელს - 9 465 ლარის (5 363 ლიტრი), 2015 წელს - 6 331 ლარი (3 980 ლიტრი), 2016 წელს - 4 611ლარი (3 496 ლიტრი), 2017 წელს - 6 895 ლარი (4 376 ლიტრი), 2018 წელს - 7 830 ლარი (3 739 ლიტრი) და 2019 წელს - 5 536 ლარი (2 632 ლირტი).
იმისთვის, რომ უფრო გასაგები გავხადოთ, რამდენ ლიტრ საწვავს მოიხმარს ჩვენი მონიტორინგის ობიექტი, 2018 წლის მონაცემებს განვიხილავთ. 366 დღიდან 104 შაბათ-კვირა და კიდევ 15 ოფიციალური უქმე დღეა. გამოდის, რომ შარშან 247 სამუშაო დღე გვქონდა. ჩვენ საანგარიშოდ 250 დღეს ავიღებთ.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული ავტომობილი დღეში მოიხმარდა საშუალოდ 15 ლიტრამდე საწვავს, ანუ იმდენს, რამდენიც დაახლოებით 100 კმ-ს გავლას სჭირდება. შეგახსენებთ, რომ უწყება თბილისში მდებარეობს. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, ჩვენ სამინისტროს წარმომადგენელს დავუკავშირდით. მისი განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანა ეკუთვნის მინისტრს და მას ექვსსაათიანი სამუშაო დღის შემდეგაც უწევს სამსახურეობრივი დანიშნულებით გადაადგილება, როგორც ქალაქის მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მივლინებების სახით. ასევე, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სხვა თანამშრომლებიც სარგებლობენ. სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დღეში, საშუალოდ, 100 კმ-ის გავლა სრულიად ადეკვატური მანძილია. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2017 წელს იგივე ავტომანქანა დღეში საშუალოდ, 17,5 ლიტრ საწვავს მოიხმარდა, ხოლო წელს, აგვისტოს ჩათვლით, დღეში თითქმის 16 ლიტრ საწვავს ხარჯავდა.
ცხრილი 1. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ავტომობილების მიერ საშუალოდ ერთ დღეში გახარჯული საწვავის რაოდენობა, 2014 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე
ავტომობილი საწვავი, ლიტრი/დღეში |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
მერსედესი E320, პერსონალური |
21,45 |
15,92 |
13,98 |
17,5 |
14,95 |
15,95 |
მერსედესი E320, სამსახურეობრივი |
11,54 |
11,77 |
10,60 |
9,94 |
10,12 |
6,39 |
SKODA OQTAVIA, სამსახურეობრივი |
- |
- |
- |
- |
3,93 |
5,33 |
წყარო: აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო
სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს საწვავის შესყიდვის თაობაზე შპს „რომპეტროლ საქართველოსთან“ გაფორმებულია 19497-ლარიანი ხელშეკრულება. უკვე გახარჯული თანხისა და საწვავის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, 1 ლიტრის ღირებულება დაახლოებით 2,10 ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, სამინისტროს წელს, ჯამში, 9266 ლიტრი საწვავის შეძენა აქვს დაგეგმილი.
გრაფიკი 1. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2014-2018 წლებში გახარჯული საწვავის რაოდენობა
წყარო: აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო
ფოტო: ილუსტრაცია