რეზიუმე: 2019 წლის პირველ ნახევარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯმა 4 876 505 ლარი შეადგინა, სადაც 4 854 310 ლარი თანამდებობრივი სარგოა, ხოლო 22 195 ლარი კი დანამატი.
ერთი მხრივ, მართალია, 2019 წელის I – II კვარტალში სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ პირებზე სახელფასო ანაზღაურების სახით პრემია არ გაცემულა, მაგრამ ამავე პერიოდში დანამატი გაიცა. მეორე მხრივ, პრემიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი მოხელის შეფასების დადებითი შედეგებია, ხოლო, მოხელის შეფასება მეტწილად კალენდარული წლის მეორე ნახევარს უკავშირდება. შესაბამისად, სამინისტროს ანაზღაურების სახეებიდან ჯილდოს (პრემიის) გაცემის სამართლებრივი საფუძვლები ნაკლებად ჰქონდა. განსხვავებით დანამატისა, რომელსაც ორივე კვარტალში გასცემდა და ამ სახით გაცემული ანაზღაურების 81% ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებულმა პირებმა აიღეს. აქვე აღსანიშნავია, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 2018 წელს არსებული პრაქტიკა. გასულ წელს სამინისტროში პრემია და დანამატი ოთხივე კვარტალში გაიცემოდა, მაგრამ მთლიანად გაცემული პრემიის 42.9% წლის ბოლოს (IV კვარტალში) გაიცა, ხოლო მთლიანი დანამატის 58.2% წლის დასაწყისში (I კვარტალში).
ამდენად, სამინისტროს მიერ იმის თქმა, რომ „არცერთ თანამშრომელზე პრემია არ გაცემულა" ფაქტებით მანიპულირებაა, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულებმა ყოველთვიური სარგოს გარდა დანამატიც მიიღეს, რომელის ძირითადი ნაწილი ხელმძღვანელ პირებზე გაიცა.
ანალიზი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წელს სამინისტროში პრემია არ გაცემულა. აღნიშნული განცხადების გადამოწმების მიზნით ფაქტ-მეტრმა სამინისტროს აპარატში გაცემული შრომის ანაზღაურების მაჩვენებლები განიხილა.
შრომის ანაზღაურება (ხელფასი) თანამდებობრივ სარგოს, დანამატს და ჯილდოს (პრემია) მოიცავს. საჯარო დაწესებულებაში დანამატი და პრემიის გაცემა კანონით რეგულირებულია და საკანონმდებლო ჩარჩოშია მოქცეული. თანამდებობრივი სარგო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში საშტატო ნუსხით ან ხელშეკრულებით გასაზღვრული ანაზღაურების ყოველთვიურ ოდენობას, ხოლო პრემია და დანამატი კი - დამატებით ანაზღაურებას. 2018 წლიდან დამატებითი ანაზღაურების გაცემის წესი და მაქსიმალური ოდენობა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით განისაზღვრა, სადაც დანამატის წლიური სარგოს არაუმეტეს 20%-ს ოდენობით გაცემაა შესაძლებელი და ჯილდოსი (პრემია) კი - წლიური სარგოს არაუმეტეს 10%-ს ოდენობით. თავის მხრივ, საჯარო მოხელისთვის დანამატის გაცემა შეიძლება მაშინ, როცა ის ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს ან დამატებით ფუნქციებს. რაც შეეხება ჯილდოს (პრემია), მას დანამატისგან განსხვავებული დანიშნულება აქვს, რომლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი მოხელის შეფასების შედეგებია. ამდენად, საჯარო მოხელისთვის პრემიის გაცემის საფუძველი საჯარო დაწესებულების მიერ მისი საქმიანობის შეფასების დადებითი შედეგია, რასაც წახალისების დანიშნულება გააჩნია. მოხელეს წელიწადში ერთხელ აფასებენ, შესაბამისად, საჯარო მოხელეზე პრემიის გაცემა წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი. განსხვავებით პრემიისა, საჯარო მოხელისთვის დანამატის გაცემა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, საბიუჯეტო წლის ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი.
მიმდინარე წლის I და II კვარტლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ერთეულით განსაზღვრულ თანამდებობებზე/პოზიციებზე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებამ ჯამში 3 613 192 ლარი შეადგინა, საიდანაც I კვარტალში 1 680 015 ლარი და II კვარტალში 1 933 177 ლარი გაიცა. აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს და დანამატს მოიცავს, რადგან მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჯილდო (პრემია) არ გაცემულა, რომლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი მოხელის შეფასებაა. თავის მხრივ, მოხელის ყოველწლიური შეფასება წლის პირველ ნახევარში ნაკლებად მოსალოდნელია. კონკრეტულად, 2019 წლის I კვარტალში, საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ დასაქმებულებზე თანამდებობრივი სარგოს სახით ჯამში 3 590 998 ლარის მოცულობის ანაზღაურება გაიცა, ხოლო დანამატის სახით კი - 22 195 ლარი. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაცემული დანამატიდან 81%, 17 985 ლარი სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა პირებმა მიიღეს, ხოლო დანარჩენი 19%, 4 210 ლარი კი - სხვა, დაბალ პოზიციებზე დასაქმებულმა თანამშრომლებმა.
გრაფიკი 1: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შრომის ანაზღაურება, შტატი (ლარი)
წყარო 1: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ 2018 წლის ოთხივე კვარტალში პრემია და დანამატი გასცა. 2018 წელსჯამშისამინისტროს ცენტრალურ აპარატში საშტატო ერთეულით დასაქმებულ მოსამსახურეებზე შრომის ანაზღაურების სახით 8 523 097 ლარი გაიცა, სადაც 78.9%-ს, 6 722 677 ლარს თანამდებობრივ სარგოს და 16.5%-ს, 1 406 065 ლარს პრემია შედგენდა. ამავე პერიოდში, მთლიანი ანაზღაურების 4.6% დანამატის სახით გაიცა, რაც 394 355 ლარი იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ 2018 წელს გაცემული პრემია საკანონმდებლო ზღვარს ცდება, რადგან ეს მაჩვენებელი თანამდებობრივი სარგოს 20.9%-ს შეადგენს.
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, გარდა საშტატო ერთეულით განსაზღვრული მოსამსახურეებისა, შრომითი ხელშეკრულებით (შტატგარეშე) დასაქმებულები პირებიც არიან, რომელთა შრომის ანაზღაურება, მსგავსად შტატით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურისა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, ჯილდოს (პრემია) და სახელფასო დანამატს მოიცავს.
გრაფიკი 2: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შრომის ანაზღაურება, შტატგარეშე (ლარი)
წყარო 2: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მიმდინარე წლის I და II კვარტალში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომითი ხელშეკრულებით (შტატგარეშე) დასაქმებულ პირებზე გაცემულმა სარგომ ჯამში 1 263 312 ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში შტატგარეშე მოსამსახურეებზე პრემია და დანამატი არ გაცემულა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 2018 წელსაც სახელფასო დანამატი არ გაუციათ, თუმცა ამავე წლის ოთხივე კვარტალში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები პრემიას იღებდნენ, რომლის მოცულობამ ჯამში 479 292 ლარი, თანამდებობრივი სარგოს 25.8% შეადგინა. 2018 წელს ოთხივე კვარტალში თანამდებობრივი სარგოს სახით შტატგარეშე მოსამსახურეებზე ჯამში 1 858 047 ლარი გაიცა, რაც მიმდინარე წლის მხოლოდ ორ კვარტალში გაცემულ სარგოს 594 734 ლარით აღემატება. ამდენად, 2019 წელს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შტატგარეშე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ჯამური ოდენობა მნიშვნელოვანად გაზრდილია.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებამ ჯამში 4 876 505 ლარი შეადგინა, სადაც თანამდებობრივი სარგო მთლიანი მოცულობის 99.5%, 4 854 310 ლარია, ხოლო 0.5%, 22 195 ლარი დანამატი.
გრაფიკი 3: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შრომის ანაზღაურება, ჯამი (ლარი)
წყარო 3: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
2018 წელს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მთლიანმა მოცულობამ 10 860 436 ლარი შეადგინა, სადაც 8 580 724 ლარი (79.0%) თანამდებობრივი სარგოს, 1 885 357 ლარი (17.4%) პრემიას და 394 355 ლარი (3.6%) დანამატს შეადგენდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელის პრემია და დანამატი ოთხივე კვარტალში გაიცემოდა, თუმცა პრემიის გაცემა (მოცულობის მიხედვი) ძირითადად IV კვარტალს უკავშირდებოდა, ხოლო დანამატი კი - I კვარტალს. ესე იგი, 2018 წელს ყველაზე მეტი მოცულობის პრემია წლის ბოლოს გაიცა, ხოლო დანამატი წლის დასაწყისში.