C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან (2015 წლის აპრილიდან) 2019 წლის 30 ივნისამდე C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა 1.5 მლნ პირს, აქედან დადებითი აღმოჩნდა 7.8% (117 ათასი ადამიანი). სკრინინგული ტესტი არ არის საკმარისი C ჰეპატიტის საბოლოო დიაგნოზის დასასმელად. ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, პაციენტს აქტიური ინფექციის გამოსავლენად უნდა ჩაუტარდეს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები - HCV რნმ ან HCV core Ag. დამატებითი ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა 89,914 პირს, აქედან აქტიური C ჰეპატიტი აღმოაჩნდა 74,307 ადამიანს. მკურნალობა დაიწყო 58,229 პირმა, აქედან მკურნალობა დაასრულა 53,908 პირმა. მკურნალობის დასრულებიდან პაციენტმა უნდა გაიაროს SVR ტესტირება, რათა განისაზღვროს განიკურნა თუ არა ვირუსისგან. SVR ტესტირება ჩაუტარდა 38,538 ბენეფიციარს, მათი 98.6% (38,006 ადამიანი) განიკურნა.

  • 27.5 ათასზე მეტი ადამიანია ისეთი, ვინც სწრაფი ტესტითCჰეპატიტის ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ არ ჩაუტარებია შემდგომი კვლევა, რათა განისაზღვროს, აქვს თუ არა აქტიურიCჰეპატიტი
  • 16 ათასს აჭარბებს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დაუდგინდათ აქტიურიCჰეპატიტი, საჭიროებს მკურნალობას და არ მიუმართავს მკურნალობისთვის
  • 12.4 ათასი ადამიანია ისეთი, ვინც გაიარა C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი, ექვემდებარებოდაSVRტესტირებას (რომლითაც დგინდება განიკურნა თუ არა) და არ ჩაიტარა ტესტირება

C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიისთანახმად, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს:

  • Cჰეპატიტით ინფიცირებულთა90%-ის (135 000 ადამიანის) დიაგნოზირებას
  • ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობას
  • ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნებას

საბოლოოდ C ჰეპატიტის აქტიური დაავადების პრევალენტობა (გავრცელება) 0.5%-მდე უნდა შემცირდეს.

    2020 წლისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება. ამ ეტაპზე დიაგნოსტირებულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 55%, პროგრამაში ჩართულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 45%. დასახული მიზნის მისაღწევად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დამატებით მინიმუმ 70 ათასი ადამიანი უნდა ჩაერთოს.

    რატომ შეირჩა საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის?

    საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს შორისაა. C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის თანახმად, საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულია ზრდასრული მოსახლეობის 7.7% (ანტი HCV +). ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, დაახლოებით 150 000 ადამიანს აქვს აქტიური დაავადება (HCV რნმ+), რომელიც საჭიროებს მკურნალობას. ქვეყნის მცირე მასშტაბი და C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ის ძირითადი კრიტერიუმებია, რის გამოც საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის შეირჩა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაცია მოხდება, საქართველო ამ მხრივ პირველი ქვეყანა გახდება და ეს გლობალური ჯანდაცვის სფეროში უდიდესი მიღწევა იქნება.

    C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დახმარებით და „გილეადის“ ხელშეწყობით, 2015 წლის აპრილში ამოქმედდა. ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს, დაავადების დიაგნოსტიკას და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას, უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამით შეუძლია, ისარგებლოს აქტიური C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს. პროგრამის ფარგლებში „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის ანტივრუსულ პრეპარატებს - ეპკლუსას და ჰარვონს. დამხმარე პრეპარატის - რიბავირინის შეძენას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს.

    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო გაღრმავებული დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა (პაციენტის მხრიდან თანაგადახდა 140 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობდა).

    რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად. ამ თემაზე ფაქტ-მეტრიჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსს, ეკატერინე ადამიას ესაუბრა.

    2018 წლის ზაფხულში დაიწყო დეცენტრალიზაციის პროექტი, რომელიც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ყველა მუნიციპალიტეტში თითო დაწესებულება მაინც უნდა იყოს, რომელიც ბენეფიციარებს მიაწვდის სერვისს. ასევე ზიანის შემცირების ცენტრების ჩართვა პროგრამაში, რაც მნიშვნელოვანია ყველაზე მაღალირისკჯგუფის -ნარკომომხმარებლების პროგრამაში ჩართვისთვის.

    მეორე ნაბიჯი იყო ფინანსური ბარიერი, წლების განმავლობაში ყველა ძვირადღირებული კვლევა, რომელიც საჭირო იყო პროგრამაში ჩასართვად, ეტაპობრივად დააფინანსა სახელმწიფომ. 1 აგვისტოდან კი სამედიცინო კვლევები სრულად უფასო გახდა.

    პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ინფორმაციის ნაკლებობა ან არასწორი ინფორმაცია, ასევე გავრცელებული დეზინფორმაცია. ჩვენ საინფორმაციო კამპანია გავაძლიერეთ.

    პროგრამაში ჩართვს მიზნით, ინდივიდუალურად ხდება იმ პაციენტებთან კომუნიკაცია,ვინც იდენტიფიცირებულია და პროგრამაში არ არის ჩართულ“, - ამბობს ეკატერინე ადამია.

    ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლისთვის ელიმინაცია ვერ მიიღწევა, რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. ეკატერინე ადამია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „ამუშავდება ალტერნატიული მექანიზმები, პირველი რიგის ამოცანა იქნება ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამ წუთას ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ“.

    ფოტო: C ჰეპატიტი • Hepatitis C