რეზიუმე: რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ 2019 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკის თანახმად, ქრთამის აღების შემთხვევათა რეგისტრირებული რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 88.89%-ით არის გაზრდილი (2018 წ. – 18 შემთხვევა, 2019 წ. - 34), ხოლო მხოლოდ მარტის თვის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.38%-იანი ზრდა ფიქსირდება (2018 წ. – 13 შემთხვევა, 2019 წ. – 15).
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა, ავტომატურად ქრთამის აღების, როგორც დანაშაულის ზრდას, შეიძლება არ ნიშნავდეს. კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, არ არის გამორიცხული, მაჩვენებელზე გავლენა წინა წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე - შელამაზებული და საეჭვო სტატისტიკის წარმოება - უარის თქმამ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მხრივ გატარებულმა სისტემურმა რეფორმებმაც იქონია (როგორიცაა აღრიცხვიანობის, მიმართვიანობის ზრდა და სხვა). თუმცა, არც უშუალოდ ამ დანაშაულთა ზრდის გამორიცხვა იქნება მიზანშეწონილი.
საყურადღებოა, რომ გიორგი გახარიას განცხადებით, მისი მინისტრობის პერიოდში დაფიქსირებული მონაცემების წინა წლების პერიოდებთან შედარება, სხვდასხვა ობიექტური გარემოებების გამო, მიზანშეუწონელია, თუმცა მანვე არაერთხელ განაცხადა, რომ 2019 წლის მარტიდან ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის შესაფასებლად დანაშაულის სტატისტიკის გამოყენება უკვე შესაძლებელი იქნებოდა. ამ დროისთვის საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემებიდან, უახლესი მარტის და იანვარ-მარტის (პირველი კვარტალი) სტატისტიკებია. სამინისტროს განცხადებით, მშრალ რიცხვებთან ერთად, უახლოეს მომავალში, ვრცელ ანალიტიკურ დოკუმენტსაც უნდა ველოდოთ, რომელიც თითოეულ დანაშაულთან მიმართებით და ზოგადად კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ, არსებულ სურათს უკეთ დაგვანახებს.
მართალია ნიკა მელიას განცხადებაში მოყვანილი რიცხვები სიმართლეს შეესაბამება, თუმცა შექმნილ ვითარებაში გაგვიჭირდება იმის დადგენა, თუ რამ განაპირობა ამ მაჩვენებლის ზრდა (უშუალოდ ამ სახის დანაშაულმა იმატა, თუ - ზრდა რეფორმებმა განაპირობა). შესაბამისად, ამ ეტაპზე ნიკა მელიას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომდევნო პერიოდების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კი, მკითხველს განახლებულ ინფორმაციას შევთავაზებთ.
ანალიზი
მიმდინარე წლის 2 მაისს, მინისტრის საათზე, პარლამენტის დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც სამინისტროს მუშაობის ერთი წელი შეაფასა და განსაკუთრებული ყურადღება დანაშაულის სტატისტიკაზე გაამახვილა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, მინისტრს ქრთამის აღების შემთხვევათა რაოდენობის ზრდაზე მიუთითა. მისი თქმით, „ქრთამის აღება 90%-ით არის გაზრდილი“.
ნიკა მელია არ უთითებს, კონკრეტულად რომელ პერიოდს გულისხმობდა, თუმცა ლოგიკურად, ის სწორედ იანვარ-მარტის მონაცემებს უნდა ეყრდნობოდეს, ვინაიდან იმ დროისთვის (განცხადების გაკეთების დროისთვის) რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ გამოქვეყნებულ სტატისტიკათაგან, უახლესი სწორედ აღნიშნული მონაცემები იყო.
რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ 2019 წლის იანვარ-მარტის (პირველი კვარტალის) სტატისტიკის თანახმად, ქრთამის აღების რეგისტრაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 88.89%-ით არის გაზრდილი. ხოლო, თუკი მხოლოდ მარტის პერიოდს ავიღებთ, წინა წლის მარტთან შედარებით, 15.38%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკის მატება ავტომატურად დანაშაულის ზრდას შეიძლება არ გულისხმობდეს. შესაძლოა, აღნიშნული რიცხვების მკვეთრი ზრდა ამ სახის დანაშაულთან მიმართებით, უფრო მკაცრი პოლიტიკის წარმოებით, მისი გამოვლენის მიზნით გატარებული რეფორმებით, მიმართვიანობის ზრდით, რეგისტრაციის წესის გაუმჯობესებით იყოს განპირობებული. თუმცა, არც უშუალოდ ქრთამის აღების შემთხვევების ზრდა უნდა გამოვრიცხოთ.
ამასთან, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრს ყურადღება არაერთხელ გაუმახვილებია. გახარიას განმარტებით, მისი მინისტრობის პერიოდში სტატისტიკის წარმოების პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, სამინისტრომ უარი თქვა სტატისტიკის შელამაზებაზე და რეალური სურათის მაქსიმალურად წარმოჩენაზე ორიენტირდა (მინისტრის განმარტებით, გაიზარდა როგორც დანაშაულის გამოვლენის, ასევე მიმართვიანობისა და აღრიცხვიანობის ხარისხი), რასაც მეტწილად ლატენტურობის მაღალი ხარისხის მქონე დანაშაულთა რიცხვის ზრდა მოჰყვა (იხ: ფაქტ-მეტრის მოსაზრება). შესაბამისად, როდესაც ქრთამის აღებაზე ვსაუბრობთ, არ არის გამორიცხული, რომ მისი მკვეთრი ზრდა სწორედ რეფორმების შედეგი იყოს.
თუმცა, საინტერესოა თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რეფორმების ეფექტი და შესაბამისად, როდიდან შეგვეძლება სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით რეალური სურათის დანახვა?
2018 წლის 18 მაისს პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატებს დარწმუნებით განუცხადა, რომ წლის ბოლოსთვის მისი სამინისტროს მხრიდან გადადგმული რეფორმების შედეგები გამოჩნდებოდა, რაც სტატისტიკურ მონაცემებზეც აისახებოდა.
2018 წლის 21 დეკემბერს მინისტრი კვლავ წარსდგა პარლამენტის წინაშე, სადაც მან დაადასტურა, რომ სამინისტრომ სტატისტიკის დახვეწისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად გარკვეული ნაბიჯები გადადგა და განაცხადა, რომ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით კრიმინალის ზრდისა თუ შემცირების შეფასებაზე საუბარი მხოლოდ მარტის თვიდან იქნებოდა შესაძლებელი.
აღნიშნული განცხადებების გათვალისწინებით, კონკრეტული დანაშაულის ზრდასა თუ შემცირებაზე საუბარი, მარტის თვიდან უკვე მიზანშეწონილია, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, უშუალოდ მარტის თვის მონაცემები რამდენად გამოსადეგია. შესაძლოა, გახარია სწორედ მარტის შემდეგ, ანუ, აპრილის თვის სტატისტიკაზე აპელირებდეს. ასევე, მინისტრის განცხადებიდან არ ირკვევა იანვარ-მარტის (კუმულატიური) სტატისტიკა უნდა გავითვალისწინოთ, თუ მხოლოდ მარტის. თუ მხოლოდ მარტის თვის სტატისტიკას შევადარებთ წინა წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას, მაშინ ვნახავთ, რომ ქრთამის აღების შემთხვევათა მხოლოდ 15%-იანი ზრდა ფიქსირდება.
აპრილის და შესაბამისად, იანვარ-აპრილის სტატისტიკა ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. ფაქტ-მეტრი განაგრძობს სტატისტიკაზე დაკვირვებას და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწოდებს.