რეზიუმე: სტატიაზე მუშაობის პროცესში ჩვენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის მიერ მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ბინების დაკანონების პრობლემაზე გაცემული დაპირების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. თუმცა, მისი მტკიცებით, ე.წ. ლეგიონის დასახლებაში მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო შეხვედრებზე, აღნიშნულ საკითხზე, ხშირად საუბრობდა.
2018 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება: ქალაქ თელავში, სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად,1 ლარად, გადაცემის შესახებ.
მთავრობის გადაწყვეტილება სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებს 8 იანვარს, თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ირაკლი სესიაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში - ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა გააცნეს.
რაც შეეხება თელავის მერიის წვლილს ბინების დაკანონების პროცესში, რადგან გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო, მუნიციპალიტეტის როლი წვლილი ნაკლებად იკვეთება, თუმცა მთავარია, რომ დაპირება შესრულდა. ასევე, შოთა ნარეკლიშვილი ამბობს, რომ საკითხის ინიციატორი თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი იყო, რომელიც მთავრობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ხოლო ბინების მოსახლეებისთვის გადაცემის პროცედურები კი, ტექნიკურად თელავის მერიამ უზრუნველყო.
ანალიზი
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა: „ჩემი წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ერთ-ერთი დაპირება იყო თელავში, ყოფილი სამხედრო ქალაქის კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბინების დაკანონება და ამ პრობლემის მოგვარება. დღეს, ჩვენ მოვედით მოსახლეობასთან, რათა გავაცნოთ პრემიერ-მინისტრის განკარგულება, რომლის თანახმადაც, აქ მცხოვრებ მოსახლეობას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცა მათ მფლობელობაში არსებული ქონება“.
თელავში, თამარ მეფის ქუჩაზე, ე.წ. „ლეგიონის“ დასახლებაში 12 კორპუსია განთავსებული. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სამხედრო ქალაქში არსებული 3 კორპუსი ეკონომიკის სამინისტრომ თელავის მუნიციპალიტეტს გადასცა, რის შემდეგაც, ბინების გადაფორმება ფაქტობრივ მფლობელებზე მოხდა. როგორც ფაქტ-მეტრს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, ბინების დაკანონების მეორე ეტაპი ხელისუფლების ცვლილების გამო ვერ დასრულდა.
ამ თემაზე საუბარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისევ განახლდა. 2016 წელს, თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს, თავდაცვის სამინისტრომ უწყების ბალანსზე არსებული ბინების იდენტიფიცირება დაიწყო.
2016 წლის 9 დეკემბერს, თელავში, თამარ მეფის ქუჩაზე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ბინები 17 სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში გადაეცა. დანარჩენ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას ბინები საკუთრებაში არ ჰქონდა.
სტატიაზე მუშაობის პროცესში, ჩვენ, შოთა ნარეკლიშვილის მიერ მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ბინების დაკანონების პრობლემაზე გაცემული დაპირების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. თუმცა, როგორც ფაქტ-მეტრს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, ე.წ. ლეგიონის დასახლებაში მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო შეხვედრებზე, აღნიშნულ საკითხზე ხშირად საუბრობდა.
„კონკრეტულ თარიღს ახლა ვერ გეტყვით, თუმცა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობასთან ამ თემაზე ხშირად მქონდა საუბარი“ - განაცხადა ნარეკლიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 25 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააქტიურდა. 4 ნოემბერს, თელავი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი, თელავის სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებს შეხვდა და ბინების დაკანონებას დაპირდა. აღნიშნული ინფორმაცია თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმაც დაადასტურა.
„ვისაც გონია, რომ ეს საარჩევნოდ კეთდება, დაე ეგონოს. ამ ადამიანებმა კი ნამდვილად იციან, რომ ჩემი უშუალო ძალისხმევით, 2016 წლიდან მოვახერხეთ ის, რომ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ყველა ბინის აზომვა და რეგისტრაცია, ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს შენობები გადაცემულიყო ეკონომიკის სამინისტროს შემდგომი დაკანონების მიზნით. ხოდა როგორც იქნა მივედით სასურველ შედეგამდე. უახლოეს დღეებში ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას. მერე უკვე თელავის მერია მიხედავს ყველა შესაბამისი კეთილმოწყობითი საკითხების მოგვარებას“ - დაწერა ირაკლი სესიაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
2018 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება ქალაქ თელავში სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაცემის შესახებ. (ი.ხ. განკარგულება N 2432)
მთავრობის გადაწყვეტილება სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებს 8 იანვარს, თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ირაკლი სესიაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში - ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა გააცნეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, საკითხის ინიციატორი თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი იყო, რომელიც მთავრობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. თავდაცვის სამინისტროსთან ბინების ეკონომიკის სამინისტროსთვის და შემდეგ მოსახლეობისთვის გადაცემის პროცედურები კი ტექნიკურად მერიამ უზრუნველყო, რაც მერიის სახელით, აღნიშნული უწყებების სახელზე ოფიციალური წერილების მომზადებასა და გაგზავნას გულისხმობს, დოკუმენტალური მხარის მოსაწესრიგებლად.