რეზიუმე: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოდან ყველაზე მეტი ცოცხალი ცხვრის ექსპორტი (242 778 სული) 2014 წელს განხორციელდა. 2017-2018 წლებში ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2018 წელს ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობამ 66 917, ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, 4.1 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ცოცხალი ცხვრის საშუალო ფასი დაახლოებით 160 ლარი იყო.
საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბექა გონაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ცხვრის სულადობიდან 95% თუშური ჯიშისაა. მისივე თქმით, ქართველი ფერმერების დიდმა ნაწილმა ცოცხალი ცხვრის საზღვარგარეთ გაყიდვის ნაცვლად, ორიენტირება ცხვრის ხორცის ექსპორტზე დაიწყო, რის გამოც, ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა შემცირდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს ექსპორტირებულია 361 711 ცხვრის დაკლული ტანხორცი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (50 709) შვიდჯერ აღემატება.
ანალიზი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, 2018 წელს სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მეცხოველეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, „2018 წელს 50 ათასზე მეტი თუშური ცხვარი ექსპორტზე გავიდა, რომლის საშუალო ფასი 200 ლარზე მეტი იყო“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოდან 191 269 სული ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა; 2014 წელს ექსპორტირებულია 242 778 სული; 2015 წელს - 242 115 სული; 2016 წელს ექსპორტირებული ცხვრის რაოდენობა 158 684 იყო; 2017 წელს - 90 911; ხოლო 2018 წელს - 66 917.
უწყების ცნობით, ექსპორტის მონაცემები არ იძლევა თუშური ცხვრის იდენტიფიცირების საშუალებას. ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, ცოცხალი ცხვრის ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: აზერბაიჯანი, იორდანია, საუდის არაბეთი, ლიბანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ცხრილი 1: ცოცხალი ცხვრის ექსპორტი წლების მიხედვით (2013-2018 წლები)
წელი |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
სული |
191 369 |
242 778 |
242 115 |
158 684 |
90 911 |
66 917 |
ათასი აშშ დოლარი |
15 547 |
21 040 |
19 678 |
10 525 |
6 526 |
4 138 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოდან ყველაზე მეტი ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 2014 წელს განხორციელდა. 2017-2018 წლებში კი ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბექა გონაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ცხვრიდან 95% თუშური ჯიშისაა. მისივე თქმით, ცოცხალი ცხვრის ექსპორტის შემცირების მიზეზი ისაა, რომ ქართველი ფერმერების დიდმა ნაწილმა ცოცხალი ცხვრის საზღვარგარეთ გაყიდვის ნაცვლად, ორიენტირება ცხვრის ხორცის ექსპორტზე დაიწყო.
„საქართველოში არსებული სულადობა 95% არის თუშური ჯიში და ექსპორტზე გასული საქონლის ნახევარზე მეტიც სწორედ კახეთის რეგიონის ფერმერებისგან არის. რაც შეეხება ცოცხალი ცხვრის ექსპორტს, შემცირებულია, მაგრამ არანორმალურად არის გაზრდილი ხორცის ექსპორტი. ირანში არის ხორცის დეფიციტი და იქ ცოცხალ ცხვარს არ იღებენ, აკრძალული აქვს სახელმწიფოს, დაავადებები რომ არ გავრცელდეს, ამიტომ ხორცს იღებენ მხოლოდ“ - განაცხადა ფაქტ-მეტრთან საუბარში მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს ექსპორტირებულია 361 711 ცხვრის დაკლული ტანხორცი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (50 709) შვიდჯერ აღემატება.