რეზიუმე: 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ დაიხარჯა 4 158 710 ლარი, ხოლო დასახარჯი დარჩა 4 270 167 ლარი. მერიის განმარტებით, ამ თანხის ნაწილი ტენდერებიდან დაიზოგა, ნაწილი კი, 2018 წელს დაუსრულებელი პროექტებიდან დარჩა.
ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მუხლში სახელწოდებით: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია 3 244 802 ლარია დარჩენილი. მათ შორისაა გორში, სადგურის დასახლებაში დაგეგმილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის სამჯერ ჩავარდნილი ტენდერიდან დარჩენილი თანხა 454 450 ლარის ოდენობით. ასევე, აღნიშნული 3 244 802 ლარიდან 1 648 109 ლარი მერიას იმ კომპანიებისთვის აქვს გადასარიცხი, რომლებთანაც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ხელშეკრულებები 2018 წელს გაფორმდა და აღებული ვალდებულებების შესრულება 2019-2020 წლისთვის გაგრძელდა. დანარჩენი 1 020 805 ლარი კი, 2018 წლის ბიუჯეტში სხვადასხვა მუხლიდანაა აუთვისებელი.
რაც შეეხება საახალწლოდ თანამშრომელთა წახალისებას, საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის დეკემბერში ჯილდოს სახით, მერიის თანამშრომლებისთვის გაიცა 167 419 ლარი, ხოლო საკრებულოს თანამშრომლებზე - 13 300 ლარი.
ანალიზი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გასულ წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, 2 მლნ ლარამდე თანხა ბიუჯეტიდან ვერ აითვისეს და საახალწლოდ თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო გასცეს.
„სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განხორციელდა და ტენდერები ჩავარდა, რამაც გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი დარჩა. იმის ნაცვლად, რომ მუნიციპალიტეტში ამ ფაქტის გამომწვევ მიზეზებს და დამნაშავეებს ეძებდნენ, თანამშრომლები საახალწლოდ 167 419 ლარით გორის მერიაში, 13 300 ლარით კი საკრებულოში დააჯილდოვეს“ - განაცხადა ოპოზიციური პარტიის წევრმა ბექა ქორჩილავამ.
გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სულ 41 587 100 ლარი გაიხარჯა, 4 270 167 ლარი კი ასათვისებელი დარჩა. გორის მერიის ინფორმაციით, 2 მლნ ლარამდე ტენდერებიდან დაზოგილი თანხაა, დანარჩენი კი გარდამავალი პროექტებისთვისაა გათვალისწინებული, რომლის ფარგლებში 2018 წელს დაწყებული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
ასევე, მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დარჩენილ 3 244 802 ლარში შედის არა მხოლოდ დაზოგილი, არამედ ჩავარდნილი ტენდერებიდან დარჩენილი თანხები. ერთ-ერთი ასეთია გორში, სადგურის საბავშვო ბაღის პროექტი, რომელზეც ტენდერი სამჯერ ჩავარდა. ყველა მათგანში მონაწილე პრეტენდენტებს მერიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა. 454 450 ლარიან პროექტზე მეოთხე ტენდერი მერიას ჯერ არ გამოუცხადებია.
აღსანიშნავია ერგნეთის სპორტული კომპლექსის მშენებლობაც, რომლისთვისაც მერიას თანხა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2018 წლის ივნისში უნდა გადაერიცხა. თუმცა ჯერაც არ დაწყებული სამუშაოებისთვის 18 800 ლარის გაცემა მიმდინარე წლის ხარჯებში გადაიტანეს.
გასული წლის ბიუჯეტში დარჩენილი თანხების წარმომავლობაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებდნენ თავად მერიის თანამშრომლები. გორის მერი წლის ბოლოს ამბობდა, რომ საბავშვო ბაღის გარდა, 2018 წელს დაწყებული ყველა პროექტი ბოლომდეა მიყვანილი, გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით კი,დარჩენილი 4 270 167 ლარიდან, 2 მლნ ლარზე მეტი თანხა სწორედ იმ პროექტებისთვისაა გაწერილი, რომლებიც 2018 წელს ვერ განხორციელდა და სამუშაოები 2019 წლისთვის გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ გაუხარჯავი თანხის ყველაზე დიდი წილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხიდან 87.3%-ია დახარჯული. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის გათვალისწინებული თანხიდან 97% გაიხარჯა. ამდენივეა ათვისებული კულტურული, სპორტული ახალგაზრდული და რელიგიური ღონისძიებებისთვის, ხოლო განათლებაზე გამოყოფილი თანხების 92% გაიხარჯა.
რაც შეეხება საახალწლოდ გაცემულ ჯილდოს, აღნიშნული სამსახურის განმარტებით, ეს თანხა სახელფასო ფონდიდან იქნა გამოყოფილი და არა აღნიშნული დანაზოგებიდან.
2017 წელს პარლამენტმა საჯარო მოხელეებზე პრემია-დანამატის გაცემის ახალი წესი განსაზღვრა. ცვლილების მიხედვით, საჯარო მოხელეს უფლება აქვს პრემიის სახით წლიური ხელფასის მხოლოდ 10%, დანამატის სახით კი, 20% მიიღოს. ამ კატეგორიაში არ შედიან თანამდებობის პირები, გამონაკლისს მხოლოდ მერის მოადგილეები წარმოადგენენ.
ფულადი ჯილდო მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით გაიცემა, რაც გულისხმობს მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების საშუალებას; კონკრეტულად კი ფულადი ჯილდო, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის (გარდა მოხელისა) მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული წახალისების საშუალებაა.
საკრებულოში კი 23 თანამშრომლიდან ჯილდო 20 მათგანზე გაიცა. 19 თანამშრომელზე 12 670 ლარი ოდენობით (მათ შორის არიან: 1 აპარატის უფროსი, 17 უფროსი სპეციალისტი და 1უმცროსი სპეციალისტი), შტატგარეშე ერთთანამშრომელზე- 630 ლარი.
მთლიანობაში, მერიასა და საკრებულოში 2018 წლის დეკემბერში ჯილდოს სახით სულ 180 719 ლარი გაიცა. აქედან, მერიაში დასაქმებულებზე 167 419 ლარის ოდენობით, საკრებულოს თანამშრომლებზე - 13 300 ლარი.