სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგადსამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპების დასაცავად მოქმედებს საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. მისი მიზანია, სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საჭიროების აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, შესყიდვების განხორციელებისას მასში მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად არის დაცული აღნიშნული კანონის მიზნები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ჩვენ 2018 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შევისწავლეთ და ყურადღება რამდენიმე დეტალზე გავამახვილეთ.
2018 წლის განმავლობაში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 152 მომსახურების შესყიდვაზე გამოაცხადა. ყველა შემთხვევაში, გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე. აქედან სტატუსი „ხელშეკრულება გაფორმებულია“ მინიჭებული აქვს 126 შესყიდვას.
გრაფიკი 1: ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები სტატუსების მიხედვით, 2018 წელი
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, ბათუმის მერიას ჯამში 42 650 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერების მთლიანი რაოდენობიდან 55 შემთხვევაში (36.18%) მხოლოდ ერთი მონაწილე ფიქსირდება. აქედან, 50 შემთხვევაში გაფორმებულია ხელშეკრულებები, რომელთა ჯამური ღირებულება 13 091 000 ლარს შეადგენს, რაც ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულების 30.7%-ია.
გამარჯვებულ კომპანიებს შორის რამდენიმე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. მაგალითად, შპს „ს. კ. ბათუმი 2018“, რომლის რეგისტრაციის თარიღია 19.06.2018, ხოლო ტენდერი შესყიდვაზე, რომელშიც ამ კომპანიამ გაიმარჯვა, 2018 წლის 25 ივნისს გამოცხადდა. რეგისტრაციიდან ზუსტად ერთ კვირაში, ბათუმის მერიამ გამარჯვებულთან 28 730 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მსგავსი სიტუაცია ფიქსირდება შპს "ვილფორთის" შემთხვევაში, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს დარეგისტრირდა, სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადების მეორე დღეს, ხოლო ერთ თვეში ბათუმის მერიამ, როგორც ტენდერში ერთადერთ მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიასთან, 304 170-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა შშმ სტატუსის ბავშვების, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაციის მომსახურების შესყიდვაზე. ერთადერთი პრეტენდენტი იყო 2018 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში შპს „ბონდი 2009“. ამ კომპანიასთან მერიამ კონტრაქტი 1 533 000 ლარის მომსახურების შესყიდვაზე დადო. შპს „ბონდი 2009“ დაკავშირებულია ნუკრი დოლიძის სახელთან, რომელიც 2012 წლიდან ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე იყო. ამ კომპანიას 2018 წელს მერიასთან გაფორმებული აქვს 8 542 605 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები. მას ოდნავ ჩამორჩება შპს „ზიმო 7“ და შპს „გზები“. მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული ი. მ. დავით სიჭინავასა და შპს „მტმ“-ს.
აღსანიშნავია, რომ 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „სანდასუფთავებასთან“, რომელიც ბათუმის მერიის დაფუძნებულია და მის მიერ დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და სხვა ამ ტიპის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში ყოველთვის ერთადერთი პრეტენდენტი იყო.
გრაფიკი 2: კომპანიები, რომლებთანაც ბათუმის მერიას გაფორმებული აქვს 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები, 2018 წლის მიხედვით
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
საინტერესოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე რამდენიმე შესყიდვა გვხვდება, როცა შპს „ბონდი 2009“ და შპს „ზიმო 7“ ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტები არ არიან, თუმცა კომპანიები, რომლებმაც შემსყიდველს დაბალი ფასი შესთავაზეს, დისკვალიფიკაციას იღებენ და ამის შედეგად გამარჯვებულებად სწორედ „ბონდი 2009“ და „ზიმო 7“ სახელდებიან. ინფორმაციისთვის, ეს კომპანიები რეგიონის მასშტაბით არაერთ მსხვილ პროექტს ახორციელებენ.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ შესყიდვებში გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა ტენდერი ერთსა და იმავე მომსახურებაზე რამდენჯერმე გამოცხადდა, მაგრამ არ შედგა. მაგალითად, დეკორატიული გზაგამყოფის ღობეების მოვლა-პატრონობის შესყიდვაზე 38 480 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადებული იყო სამჯერ - ერთხელ მიმდინარე წლის მარტში და ორჯერ - აპრილში. სამივე შემთხვევაში მიენიჭა სტატუსი „არ შედგა“.