წარმოგიდგენთ ბოლნისის მერობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: დავით შერაზადიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”), ბადრი შაინიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) და გიორგი დაუშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”).
ბოლნისში მერობისთვის მხოლოდ სამი კანდიდატი იბრძვის. ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?
დავითი შერაზადიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”)
ბოლნისი ჩემი სახლია, სწორედ ამიტომ, ჩემთვის ყოველი ადგილი ნაცნობი და საყვარელია, არასოდეს მიფიქრია ბოლნისის გარდა სხვაგან ცხოვრებაზე, აქედან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანმა საკუთარი სახლისთვის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გააკეთოს. მინდა გითხრათ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე მქონდა პატივი ვყოფილიყავი ხალხის მიერ არჩეული გამგებელი და სიღრმისეულად ვიცი მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და უკვე ნაფიქრი გვაქვს მათი გადაჭრის გზებზე.
ბადრი შაინიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)
მე ვიქნები სამართლიანი, მიუკერძოებელი, ჰუმანური და მოსახლეობის კეთილდღეობაზე მზრუნველი მერი.
გიორგი დაუშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)
ბოლნისის მოქალაქეებმა კარგად იციან ჩემი გაკეთებული საქმეები ამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დროს და რა პოტენციალს ვფლობ ბოლნისის კიდევ უფრო მძლავრი ეკონომიკური განვითარებისთვის. მე მზად ვარ ოპერატიულად ვიმოქმედო თითოეული ბოლნისელის თხოვნაზე და არ დავრჩე გულგრილი მათი პრობლემების წინაშე.
ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
დავითი შერაზადიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”)
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცნობთ თითოეული დასახლების პრობლემებსა და საჭიროებებს, შეძლებისდაგვარად ვაგვარებთ კიდეც, მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და ბევრი სასიკეთო ცვლილებებია სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის . პრობლემები ერთმანეთის იდენტურია: ბუნებრივი აირი, შიდა გზები, სასმელი და სარწყავი წყალი, კაბელიზაცია და სხვა. ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ მოვაგვაროთ ყველა საკითხი რაც ხალხს აწუხებს, თუმცა მოგეხსენებათ, რომ „ერთ დღეში სოფელი არ აშენებულა“, ყველაფერს დრო სჭირდება. მიმდინარე წელს სამი სოფლის გაზიფიცირება უკვე დასრულდა და საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის, მიხედვით გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდება კიდევ 11 სოფელში. ბოლო 2 წელიწადში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ახალი ქსელის მოწყობა განხორციელდა შემდეგ სოფლებში: რაჭისუბანი, დისველი, რატევანი, ნახიდური, ჭრეში, წიფორი, ქვემო ბოლნისი, კიანეთი, ბალიჭი.
ბადრი შაინიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)
ბოლნისში ძირითადი პრობლემებია უმუშევრობა, საგანგაშო მდგომარეობაშია პენსიონერების და სოციალურად დაუცველების საყოფაცხოვრებო პირობები. საჯარო სამსახურებში გამეფებული ნეპოტიზმი, მოსაწესრიგებელია შიდა გზები, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები.
გიორგი დაუშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)
- სოფლის შიდა გზები
- სასმელი და სარწყავი წყალი და საკანალიზაციო სისიტემები
- სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გასაღების ბაზრის არარსებობა
- დაბალი პენსია
- ონკოლოგიური დავადებების მატება
- გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა
- მოსახლეობის გაღარიბება
- ბიუჯეტის სწორი დაგეგმარება და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება
- ადმინსტრაციული ხარჯების შემცირება და სოციალური პაკეტის გაძლიერება
- პენსიაზე 40 ლარიანი დანამატის დამტკიცება
- გზების და წყლის პრობლემის საბოლოო მოგვარება
- ინვესტიციების მოზიდვა
- სოფლის მეურნეობის განვითარება: სასათბურე და შემნახველი საწარმოების, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა
- პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება
- მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება