„ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”).
ბოლნისში მერობისთვისმხოლოდ სამი კანდიდატი იბრძვის. ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?
დავითი შერაზადიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”)
ბოლნისი ჩემი სახლია, სწორედ ამიტომ, ჩემთვის ყოველი ადგილი ნაცნობი და საყვარელია, არასოდეს მიფიქრია ბოლნისის გარდა სხვაგან ცხოვრებაზე, აქედან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანმა საკუთარი სახლისთვის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გააკეთოს. მინდა გითხრათ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე მქონდა პატივი ვყოფილიყავი ხალხის მიერ არჩეული გამგებელი და სიღრმისეულად ვიცი მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და უკვე ნაფიქრი გვაქვს მათი გადაჭრის გზებზე.
ბადრი შაინიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)მე ვიქნები სამართლიანი, მიუკერძოებელი, ჰუმანური და მოსახლეობის კეთილდღეობაზე მზრუნველი მერი.
გიორგი დაუშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)ბოლნისის მოქალაქეებმა კარგად იციან ჩემი გაკეთებული საქმეები ამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დროს და რა პოტენციალს ვფლობ ბოლნისის კიდევ უფრო მძლავრი ეკონომიკური განვითარებისთვის. მე მზად ვარ ოპერატიულად ვიმოქმედო თითოეული ბოლნისელის თხოვნაზე და არ დავრჩე გულგრილი მათი პრობლემების წინაშე.
ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
დავითი შერაზადიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”)
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცნობთ თითოეული დასახლების პრობლემებსა და საჭიროებებს, შეძლებისდაგვარად ვაგვარებთ კიდეც, მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და ბევრი სასიკეთო ცვლილებებია სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის . პრობლემები ერთმანეთის იდენტურია: ბუნებრივი აირი, შიდა გზები, სასმელი და სარწყავი წყალი, კაბელიზაცია და სხვა. ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ მოვაგვაროთ ყველა საკითხი რაც ხალხს აწუხებს, თუმცა მოგეხსენებათ, რომ „ერთ დღეში სოფელი არ აშენებულა“, ყველაფერს დრო სჭირდება. მიმდინარე წელს სამი სოფლის გაზიფიცირება უკვე დასრულდა და საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის, მიხედვით გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდება კიდევ 11 სოფელში. ბოლო 2 წელიწადში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ახალი ქსელის მოწყობა განხორციელდა შემდეგ სოფლებში: რაჭისუბანი, დისველი, რატევანი, ნახიდური, ჭრეში, წიფორი, ქვემო ბოლნისი, კიანეთი, ბალიჭი.
ბადრი შაინიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)ბოლნისში ძირითადი პრობლემებია უმუშევრობა, საგანგაშო მდგომარეობაშია პენსიონერების და სოციალურად დაუცველების საყოფაცხოვრებო პირობები. საჯარო სამსახურებში გამეფებული ნეპოტიზმი, მოსაწესრიგებელია შიდა გზები, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები.
გიორგი დაუშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)- სოფლის შიდა გზები
- სასმელი და სარწყავი წყალი და საკანალიზაციო სისიტემები
- სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გასაღების ბაზრის არარსებობა
- დაბალი პენსია
- ონკოლოგიური დავადებების მატება
- გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა
- მოსახლეობის გაღარიბება
ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ბიუჯეტის სწორი დაგეგმარებით, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობით, სოციალური პაკეტის გაძლიერებით, გარემოზე უხეში ზემოქმედების აღმოფხვრით.
რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი. დავითი შერაზადიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”)
ბოლნისში მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი პროექტი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ვიმუშვებთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ქალაქ ბოლნისში მომდევნო ორ წელიწადში სრულად დასრულდება კანალიზაციის პროექტი, ჩვენ დაწყებული გვაქვს ქალაქის ქუჩების მოპირკეთება, სანიაღვრეების მშენებლობა და ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში არცერთი ქუჩა თუ ჩიხი არ დარჩეს მოუწესრიგებელი. სოფლადაც აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოფელ აკაურთსა და მამხუტში დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის გზა, ამჟამად სოფელ ტანძიაში ე.წ. ზემო ტანძიამდე მისასვლელ გზაზე გარე განათების ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც ენერგოეფექტური „ლედ“ ნათურებით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, 800 მეტრი გზის მონაკვეთზე 24 ლამპიონი დამონტაჟდება, რაც ადგილობრივებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს, განვითრების პროცესი გაგრძელდება რა თქმა უნდა მოსახლეობასთან შეთანხმებით, ჩვენ ყველა პროექტს ადგილობრივებთან შეთანმებით და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ვგეგმავთ და ვახორციელებთ.
ბადრი შაინიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)შემუშავებული გვაქვს დასაქმების პროგრამა, მოვნახავთ ინვესტორს საკონსერვო ქარხნის და სამკერვალო ფაბრიკის ასაშენებლად. ხელს შევუწყობთ მცირე საწარმოების განვითარებას. ვიზრუნებთ პენსიონერების და სოციალურად დაუცველების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე, ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოვყოფთ საჭირო დაფინანსებას ბიუროკრატიის და ფუფუნების შემცირების ხარჯზე. საჯარო სამსახურებში დავასაქმებთ ნიჭიერებს და განათლებულებს ვინც გაიმარჯვებს კონკურსში. ტენდერებს ჩავატარებთ გამჭირვალედ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ღირსეული გაიმარჯვებს. მოვაწესრიგებთ შიდა გზებს. გადავჭრით სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემებს შესაბამის სამსახურებთან ერთად.
გიორგი დაუშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)- ბიუჯეტის სწორი დაგეგმარება და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება
- ადმინსტრაციული ხარჯების შემცირება და სოციალური პაკეტის გაძლიერება
- პენსიაზე 40 ლარიანი დანამატის დამტკიცება
- გზების და წყლის პრობლემის საბოლოო მოგვარება
- ინვესტიციების მოზიდვა
- სოფლის მეურნეობის განვითარება: სასათბურე და შემნახველი საწარმოების, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა
- პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება
- მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება
შესრულების გეგმა: 1-2-3 პუნქტები პირველი თვის განმავლობაში, 4-5 პუნქტები წელიწადნახევარში, 6-7-8 პუნქტები სამი წლის განმავლობაში
არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით) დავითი შერაზადიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”)ჩემი თვითმმართველობაში მუშაობის პერიოდში მუდმივად ვცდილობდი ახლო კონტაქტი მქონოდა მოქალაქეებთან და ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მთელი რიგი მნიშვნელობანი საკითხების მოგვარება შევძელით. თუმცა გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო რათა ჩვენს მოსახლეობას შევუქმნათ კეთილდღეობა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი მრავალეთნიკური მოსახლეობითაა დასახლებული, რომელთა მიმართ განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება და მათთან წლების მანძილზე ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს. მოქალაქეებს ჩემთან ურთიერთობის პრობლემა არასოდეს ჰქონიათ, ჩემი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა, მომავალშიც ასეც გაგრძელდება. მექნება მოქალაქეთა მიღების დღეები და სოფლებში გასვლითი შეხვედრები.
ბადრი შაინიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)ჩემი არჩევის შემთხვევაში ინტენსიური შეხვედრები მექნება მოსახლეობასთან, ყველას თავისუფლად ექნება ჩემთან შეხვედრის საშუალება, კვირაში ერთის ნაცვლად სამი დღე მექნება გამოყოფილი დრო მოქალაქეთა მისაღებად.
გიორგი დაუშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)ჩემი ხელმძღვანელობის დროს მქონდა ყოველდღიური მოქალაქეების მიღება და ქალაქში და სოფლებში გასვლები, მათი პრობლემების შესასწავლად და დროული ქმედებებისთვის და ასევე ვაპირებ გაგრძელებას უფრო ინტესიური გრაფიკით.
რა ღონისძიებებს გაატარებთ სასმელი და სარწყავი წლის პრობლების გადაწყვეტისთვის? დავითი შერაზადიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”)
შეიძლება ითქვას, რომ სასმელი წყლის პრობლემა თითქმის მოგვარებულია სოფელსა თუ ქალაქში. გასულ წლებში თითოეულ სოფელში განხორციელდა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების აღდგენითი სამუშაოები, ქალაქ ბოლნისში დასრულდა სასმელი წყლის ქსელის მოწყობა და ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური რეზერვუარის სრული რეაბილიტაცია, დასრულების შემდეგ პრობლემა სრულად მოგვარდება. სოფელ ქვემო-ბოლნისში დასრულდა გამრიცხველიანება. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამრიცხველიანების პროცესი სოფელ ტალავერში მიმდინარეობს, გამრიცხველიანების პროცესი ეტაპობრივად ყველა სოფელსა თუ დასახლებაში განხორციელდება. აქვე გეტყვით, რომ სოფელ: ბოლნისის, ზემო ბოლნისის, სამწვერისისა და ფოლადაურის მოსახლეობას მალე სასმელი წყლის ფილტრაცია და სარწყავი წყლის მიწოდება მოუწესრიგდება.
უკვე დაწყებულია საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, პროექტს საერთო სამოქალაქო გაერთიანება „მრავალეროვანი საქართველო“ იაპონიის საელჩოს გრანტითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 82 000 აშშ დოლარია. რაც შეეხება სარწყავ წყალს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ„ ბოლო წლების მანძილზე განახორციელა მნიშვნელოვანი , ხრამ-არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდა მოსახლეობას, ასევე გაგრძელდება იმირასანის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია.
ბადრი შაინიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) [კანდიდატისგან ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია]
გიორგი დაუშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)ეს პრობლემა ჩემ მიერ შესწავლილია და დაწყებული მქონდა მათი აღმოფხვრა და ეხლა პირველ რიგში ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება ამ პრობლემის წელიწად ნახევარში მოსაგვარებლად ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
როგორ აფასებთ ბოლნისის ეკოლოგიურ მდგომარეობას? რას გააკეთებთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის? დავითი შერაზადიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რეგულარულად ატარებს გეგმიურ მონიტორინგს როგორც წყლის, ისე მიწის, ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მონიტორინგის ეფექტურად განხორციელებისთვის მდინარეებზე: მაშავერა და კაზრეთულა დამონტაჟებულია ავტომატური სადგურები, რომლის საშუალებითაც წყლის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში, ავტომატურად ხდება წყლის სინჯების აღება და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის ლაბორატორიაში სათანადო კვლევების ჩატარება.
ვთვლი, რომ გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია, ჩვენ ჩვენის მხრივ მონდომებას არ ვიშურებთ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ინტენსიურად ვახორციელებთ მონიტორინგს. მუნიციპალიტეტი აქტიურად ატარებს გამწვანების ღონისძიებებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 6000-ამდე სხვადასხვა ჯიშის ხე და მარადმწვანე ბუჩქები დავრგეთ რომელთა 70%-ზე მეტი გახარებულია, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს გამწვანების სამსახური, რომლის პირდაპირი მოვალეობაა იზრუნოს მწვანე გარემოს გაუმჯობესებაზე, თანამშომლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ახალი ნარგავების მოვლა-პატრონობაზე.
ბადრი შაინიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)ბოლნისში ეკოლოგიურად მძიმე მდგომარეობაა, მის გადასაჭრელად მოვიწვევ მაღალი დონის ექსპერტებს და მათთან ერთად დავსახავთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების პროგრამას.
გიორგი დაუშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”) მკვეთრად გაუარესებულია, ვინაიდან არ ხორციელდება სათანადო ინსპექტირება იმ საწარმოების ვინც აბინძურებს გარემოს. მუნიციპალიტეტი თავისი კომპენტეციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას და სათანადო ორგანოებთან ერთად მიაღწევს ამ საწარმოების მხრიდან სრულად აღიკვეთოს მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება.