2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის. ფაქტ-მეტრმა ლეიბორისტული პარტიის კანდიდატთან, გიორგი ჯიმშელეიშვილთან დაკავშირება ვერ მოახერხა. მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
მერობის კანდიდატებთან: ავთანდილ სტურუასთან („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“) და კამო კანდელაკთან („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) ყოველდღიური კონტაქტისა და მათი მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, პასუხები დღემდე ვერ მივიღეთ. შესაბამისად, წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების მამუკა ბიბილეიშვილის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ვალერიანე ფოცხვერიასა („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო") და იმედა გოგავას („შენების მოძრაობა“) პასუხებს. ვიმედოვნებთ, პასუხგაცემული თუ პასუხგაუცემელი კითხვები არჩევანის გაკეთებისას დაეხმარება ჩვენს მკითხველს, გაარჩიოს, სამტრედიის მერობის რომელ კანდიდატს აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ამომრჩევლის წინაშე და რომელი მათგანი შეძლებს მიცემული დაპირების უკეთ შესრულებას.
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?
მამუკა ბიბილეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ამომრჩეველი კანდიდატს ირჩევს, პირველ რიგში, პიროვნული თვისების, განათლების და განვლილი გზის შეფასების, ასევე რეალური საარჩევნო პროგრამის მიხედვით. ამომრჩეველს ჩემი სახით ეყოლება თვითმმართველ ორგანოში გამოცდილი პროფესიონალი ხელმძღვანელი, ვინაიდან წლების მანძილზე მიღებული მაქვს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ძირფესვიანად ვიცნობ მუნიციპალიტეტის ყველა პრობლემას და ვიცი ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
ვალერიანე ფოცხვერია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
2014 წლიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახლდით. ამ პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვით და სწორი მენეჯმენტით ძალიან ბევრ ადამიანს გავუწიეთ დახმარება სხვადასხვა სახის საჭიროებებზე, თითქმის ყველა მათგანს მე პირადად შევხვდი. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ხალხის მიერ დაქირავებული მოხელე უნდა ემსახურებოდეს ხალხს მთელი გულითა და ენერგიით.
ჩემს ქალაქს სწორედ ისეთი ადამიანი სჭირდება, ვინც გულთან მიიტანს თითოეული მოქალაქის პრობლემას და მაქსიმუმს გააკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
იმედა გოგავა (“შენების მოძრაობა“)
ორი ათეული წელია, სამტრედიაში არ ყოფილა არც ერთი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ჩემი ინტერესის სფეროში არ მოხვედრილიყო, მასზე ჩემი აზრი საჯაროდ არ დამეფიქსირებინოს, ჩემი ქვეყნის, ჩემი ქალაქის ინტერესების საზიანოდ არასდროს გავჩუმებულვარ, არასდროს წავსულვარ არანაირ კომპრომისზე, არავითარ კონიუნქტურას არ დავმორჩილებივარ და ასე ვარ ახლაც, ასე ვაპირებ მომავალშიც გაგრძელებას. კოალიციაში ყოფნის პერიოდშიც (იმედა გოგავა „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიიდან საკრებულოს წევრი გახლდათ. ი.ბ.) ბევრჯერ დამიფიქსირებია გუნდისგან განსხვავებული პოზიცია, ბევრჯერ წავსულვარ მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, ბევრჯერ ცხარედ მიკამათია თანაგუნდელებთან, ახლაც ვთვლი, რომ მართალი ვიყავი, როცა ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც ხმამაღლა ვაპროტესტებდი რაიონის ძალიან მწირი ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში თითქმის სამი მილიონი ლარის საფეხბურთო გუნდისთვის გადარიცხვას, მათთვის მხოლოდ ხელფასის სახით ათეულ ათასობით ლარის დანიშვნას მაშინ, როცა კატასტროფული სიტუაცია გვაქვს კულტურაში, სოციალურ სფეროში, ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, ბაგა-ბაღებში და თითქმის ყველა სხვა დანარჩენ სფეროში. არასდროს მომწონდა და, სხვებისგან განსხვავებით, ყოველთვის ხმამაღლა ვაპროტესტებდი ერთპიროვნულ მმართველობას, ბიუჯეტის დაგეგმარების და ხარჯვის მახინჯ ფორმას. რატომ არის დღესაც სამტრედია სარკინიგზო ჩიხი და რატომ ვერ მოხერხდა საარჩევნო დაპირების შესრულება, რომ ქალაქი დაიბრუნებდა სარკინიგზო კვანძის სტატუსს?! იქნებ შემახსენოთ რამდენი იაფფასიანი სესხი გაიცა მოქალაქეებზე და ამ სიკეთით რამდენი სამტრედიელია დღეს დასაქმებული?! რატომ დაასამარეს თვითმმართველობა და რატომ გახდა ის დღეს ფიქცია?! რატომ ეშინია „ოცნებას“ ხელისუფლების დაყოფის და რატომ ცდილობს არჩევნების „სუსით“ და „კუდით“ ჩატარებას?! საიდან მოჰყავთ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები და რატომ ეძებენ, წინასაარჩევნოდ, ფულიან ბიძიებს?! მე არ ვიცვლი პრინციპებს და შეხედულებებს, ჩემთვის სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქვეყნის ინტერესები ყველაზე მაღლა დგას, მაგრამ მე ვეკითხები ჩემ ძველ თანამებრძოლებს: თქვენ რატომ გაქვთ პირში წყალი ჩაგუბებული? ნუთუ მართლა მოგეწონათ ის, რასაც წლების წინ თავად ებრძოდით?! ნუთუ ასე ტკბილია ეს მოყანყალებული სავარძლები?! ნუთუ ამად ღირს ის ხელფასი, რასაც იღებთ?! ნუთუ მხოლოდ ამისთვის იბრძოდით?!
სამაგიეროდ, მე და ჩემმა თანამებრძოლებმა კარგად ვიცით, რა არის ყველაზე მთავარი და ღირებული, სასწორზე ჩვენი ქვეყნის მომავალი დევს, სასწორზე ჩვენი მშობლიური ქალაქის ხვალინდელი დღეა დადებული. ხვალინდელი დღე კი დღეს იქმნება, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ, ერთად უნდა მოვიყვანოთ ხვალინდელი დღე. ამისთვის კი ერთიანობა, ხელების დაკაპიწება და პრინციპების ერთგულებაა საჭირო, ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი გაჩუმება, არავის მივცეთ ჩვენი ყიდვის, მოქრთამვის, დაშინების უფლება, ხვალინდელი დღე პატრიოტ და ერთგულ ადამიანებს ეკუთვნით, ის ჩვენ გვეკუთვნის, ის ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის იქმნება და ყველამ უნდა დავდოთ ამ საქმეში თითო აგური...
ჩემო საყვარელო და ძვირფასო სამტრედიელებო, თქვენ ხართ ამ ქალაქის მთავარი და უპირობო პატრონები, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, ამ ქალაქს შესძინოთ ახალი ფუნქცია, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ქალაქის ამეტყველება...
სამტრედია – ეს ჩვენი ქალაქია, ჩემი და თქვენი ქალაქი...
როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის (გამგებლის) საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)
მამუკა ბიბილეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მოქმედი გამგებლის საქმიანობას დადებითად და პოზიტიურად ნამდვილად ვერ შევაფასებდი, რადგან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ არის დამოუკიდებელი და ბრმად ექცევა არაფორმალური მმართველების და „ქართული ოცნების“ ვიწრო პარტიული ზეგავლენის ქვეშ. მისმა არაეფექტურმა მუშაობამ არაერთი ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტს, ეს გამოიხატა ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვით და წლის ბოლოს მილიონობით დაუხარჯავი თანხის არსებობით, კაბალური და სასესხო ხელშეკრულებებით განხორციელებული პროექტებით, მაღალმთიან სოფლებში სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტების არაეფექტურად შესრულებაში.
ვალერიანე ფოცხვერია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
როგორც მოგახსენეთ, გამგებელი გახლდით. დადებითად შევაფასებდი ჩემს საქმიანობას, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.
იმედა გოგავა (“შენების მოძრაობა“)
ქვეყანაში, სადაც არ არსებობს რეალური თვითმმართველობები, ძნელია, რაიმე დიდი გარღვევა ან მასშტაბური რეფორმები დაგეგმო და განახორციელო. „ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისედაც ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი თვითმმართველობებისთვის საბოლოოდ გამოერთო ჟანგბადი და ამჟამად შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ არანაირი თვითმმართველობა არ არსებობს და რაც არის, მას არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ თვითმმართველობასთან. კერძოდ, თვითმმართველობებს არ აქვთ ყველაზე მთავარი - ფინანსები. უფულოდ კი რაიმეს გაკეთება გამორიცხულია, ხოლო ის თანხები, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის, არის მიზნობრივი და მას მოჰყვება შესაბამისი ინსტრუქციები, თუ რაში და რამდენი თანხა უნდა დაიხარჯოს. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რაიმე კრეატიული და ინოვაციური პროექტების თუ იდეების შემუშავება და განხორციელება პრაქტიკულად ნულის ტოლია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრები მწირია და ის არ შეესაბამება 21-ე საუკუნის გამოწვევებს, ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად სუსტი და არაპროფესიონალური მენეჯმენტი მიგვაჩნია. ფაქტობრივად, ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მენეჯმენტი ძალიან სუსტი, არაეფექტური და რეგრესზე ორიენტირებულია. გასული 5 წლის განმავლობაში არავის მოსვლია აზრად ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავება, არ არსებობს ქალაქის განვითარების სტრატეგია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ დაამყარა საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ვერ მიაწოდა მათ ინოვაციური პროექტები, ვერ შეძლეს რეფორმების გატარება, კატასტროფულად გაიზარდა საჯარო მოხელეთა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე მყოფი ა(ა)იპ-ების თანამშრომლების რაოდენობა, აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომები არის ბიუჯეტის ხარჯვაში, შესაბამისად, ვერ მოხერხდა თანხების რეალური პრობლემებისკენ მიმართვა, არასწორად შერჩეულმა პრიორიტეტებმა კი მოსახლეობამდე ვერ მიაღწია და ის მხოლოდ „რჩეულების“ კეთილდღეობას მოხმარდა.
გარდა ამისა, „ნაციონალური“ ხელისუფლების პერიოდში ადგილობრივი ჩინოვნიკების რაოდენობა და კვალიფიკაცია სამართლიანად იმსახურებდა კრიტიკას, თუმცა „ოცნებამ“ ყველა რეკორდი მოხსნა და ამჟამად საკმაოდ გაიზარდა მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფ სიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მომსახურე პერსონალის რაოდენობა. როგორც ჩანს, ოცნებამ, მეტი რომ ვერაფერი მოახერხა, ასე მარტივად გადაჭრა თავიანთი მხარდამჭერებისთვის დასაქმების პრობლემა, რაც არამარტო კანონდარღვევაა, არამედ წურბელასავით აზის ადგილობრივ, ისედაც გაყვლეფილ ბიუჯეტს.
ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
მამუკა ბიბილეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მთავარი პრობლემა, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, არის სასმელი წყლის უქონლობა, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა, გაურემონტებელი საბავშვო ბაღები და სკოლები, უმუშევრობა და სხვა სოციალური პრობლემები. პრობლემების მოსაგვარებლად გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები:
- განახლდება ქალაქ სამტრედიის სრული რეაბილიტაციის და ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი მოწესრიგების პროექტები, რომელიც მოიცავს სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას.
- განახლდება სოფლებში გზების მოწესრიგების, საბავშვო ბაღების და სკოლების რემონტის, მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების, სარწყავი სისტემების გამართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სხვა პროექტები.
- განსაკუთრებით ვიზრუნებ სამტრედიაში ჯანდაცვის, დასაქმებისა და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდაზე და შემოსული თანხების მიზნობრივად განაწილდებაზე.
- საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია და აქ დასაქმებული პერსონალის ხელფასების მომატება;
- ქალაქის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაცია;
- მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა;
- ქალაქის ქუჩების და სოფლის შიდა გზების სრული რეაბილიტაცია;
- მთაგორიან სოფლებთან (ოფეთი, წიაღუბანი, გამოჩინებული) დამაკავშირებელი გზების ბეტონის საფარით მოწყობა.
- უფასო სასადილოების დაფინანსების გაორმაგება;
- მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა საბავშვო ატრაქციონებითა და სპორტული ტრენაჟორებით;
- სპორტული მოედნების მოწესრიგება და გამაჯანსაღებელი ტრენაჟორებით აღჭურვა;
- სამტრედია „მწვანე ქალაქი“ – პროექტის განხორციელება,
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და უკანონოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების აღდგენა;
- სამტრედიის ისტორიული უბნის „ნაძალადევი“-ს სრული რეაბილიტაცია, პირვანდელი იერსახის შენარჩუნებით.
- კულტურის სახლში გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობა;
- სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს სრულად ავუნაზღაურებთ სწავლის დაფინანსებას.
- უმუშევრობის აღმოსაფხვრელად ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრის შექმნა, რომელიც მოსახლეობას ხელს შეუწყობს სხვადასხვა ბიზნეს- და აგრო-პროექტების განხორციელებაში.
- სამტრედიის ისტორიულ უბნებში განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, კერძოდ, დიდ ჯიხაიშში, გამოჩინებულში და ტოლებში.
- სოფლებში აღვადგენთ ბიბლიოთეკებს.
- შევიმუშავებთ ახალ სოციალურ პროგრამას, რომელიც დაიცავს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესებს;
- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დასაფინანსებელ ორგანიზაციებში დაბალხელფასიან თანამშრომლებზე ხელფასების გაზრდა.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების ერთიან სამსახურში დაქვემდებარება და მოვლა-პატრონობა;
- ვიზრუნებ, რომ სამტრედია გახდეს დასავლეთ საქართველოს ლოჯისტიკის ცენტრი.