2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის. ფაქტ-მეტრმა ლეიბორისტული პარტიის კანდიდატთან, გიორგი ჯიმშელეიშვილთან

დაკავშირება ვერ მოახერხა. მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

მერობის კანდიდატებთან: ავთანდილ სტურუასთან („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“) და კამო კანდელაკთან („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) ყოველდღიური კონტაქტისა და მათი მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, პასუხები დღემდე ვერ მივიღეთ. შესაბამისად, წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების მამუკა ბიბილეიშვილის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ვალერიანე ფოცხვერიასა („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო") და იმედა გოგავას (

„შენების მოძრაობა“) პასუხებს. ვიმედოვნებთ, პასუხგაცემული თუ პასუხგაუცემელი კითხვები არჩევანის გაკეთებისას დაეხმარება ჩვენს მკითხველს, გაარჩიოს, სამტრედიის მერობის რომელ კანდიდატს აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ამომრჩევლის წინაშე და რომელი მათგანი შეძლებს მიცემული დაპირების უკეთ შესრულებას.

  რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?

მამუკა ბიბილეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ამომრჩეველი კანდიდატს ირჩევს, პირველ რიგში, პიროვნული თვისების, განათლების და განვლილი გზის შეფასების, ასევე რეალური საარჩევნო პროგრამის მიხედვით. ამომრჩეველს ჩემი სახით ეყოლება თვითმმართველ ორგანოში გამოცდილი პროფესიონალი ხელმძღვანელი, ვინაიდან წლების მანძილზე მიღებული მაქვს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ძირფესვიანად ვიცნობ მუნიციპალიტეტის ყველა პრობლემას და ვიცი ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

ვალერიანე ფოცხვერია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) 2014

წლიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახლდით. ამ პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვით და სწორი მენეჯმენტით ძალიან ბევრ ადამიანს გავუწიეთ დახმარება  სხვადასხვა სახის საჭიროებებზე, თითქმის ყველა მათგანს მე პირადად შევხვდი.  კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ  ხალხის მიერ დაქირავებული მოხელე უნდა ემსახურებოდეს ხალხს მთელი გულითა და ენერგიით.

ჩემს ქალაქს სწორედ ისეთი ადამიანი სჭირდება, ვინც გულთან მიიტანს თითოეული მოქალაქის პრობლემას და მაქსიმუმს გააკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

იმედა გოგავა (“შენების მოძრაობა“)

ორი ათეული წელია, სამტრედიაში არ ყოფილა არც ერთი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ჩემი ინტერესის სფეროში არ მოხვედრილიყო, მასზე ჩემი აზრი საჯაროდ არ დამეფიქსირებინოს, ჩემი ქვეყნის, ჩემი ქალაქის ინტერესების საზიანოდ არასდროს გავჩუმებულვარ, არასდროს წავსულვარ არანაირ კომპრომისზე, არავითარ კონიუნქტურას არ დავმორჩილებივარ და ასე ვარ ახლაც, ასე ვაპირებ მომავალშიც გაგრძელებას. კოალიციაში ყოფნის პერიოდშიც (იმედა გოგავა „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიიდან საკრებულოს წევრი გახლდათ. ი.ბ.) ბევრჯერ დამიფიქსირებია გუნდისგან განსხვავებული პოზიცია, ბევრჯერ წავსულვარ მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, ბევრჯერ ცხარედ მიკამათია თანაგუნდელებთან, ახლაც ვთვლი, რომ მართალი ვიყავი, როცა ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც ხმამაღლა ვაპროტესტებდი რაიონის ძალიან მწირი ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში თითქმის სამი მილიონი ლარის საფეხბურთო გუნდისთვის გადარიცხვას, მათთვის მხოლოდ ხელფასის სახით ათეულ ათასობით ლარის დანიშვნას მაშინ, როცა კატასტროფული სიტუაცია გვაქვს კულტურაში, სოციალურ სფეროში, ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, ბაგა-ბაღებში და თითქმის ყველა სხვა დანარჩენ სფეროში. არასდროს მომწონდა და, სხვებისგან განსხვავებით, ყოველთვის ხმამაღლა ვაპროტესტებდი ერთპიროვნულ მმართველობას,  ბიუჯეტის დაგეგმარების და ხარჯვის მახინჯ ფორმას. რატომ არის დღესაც სამტრედია სარკინიგზო ჩიხი და რატომ ვერ მოხერხდა საარჩევნო დაპირების შესრულება, რომ ქალაქი დაიბრუნებდა სარკინიგზო კვანძის სტატუსს?! იქნებ შემახსენოთ რამდენი იაფფასიანი სესხი გაიცა მოქალაქეებზე და ამ სიკეთით რამდენი სამტრედიელია დღეს დასაქმებული?! რატომ დაასამარეს თვითმმართველობა და რატომ გახდა ის დღეს ფიქცია?! რატომ ეშინია „ოცნებას“ ხელისუფლების დაყოფის და რატომ ცდილობს არჩევნების „სუსით“ და „კუდით“ ჩატარებას?! საიდან მოჰყავთ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები და რატომ ეძებენ, წინასაარჩევნოდ, ფულიან ბიძიებს?! მე არ ვიცვლი პრინციპებს და შეხედულებებს, ჩემთვის სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქვეყნის ინტერესები ყველაზე მაღლა დგას, მაგრამ მე ვეკითხები ჩემ ძველ თანამებრძოლებს: თქვენ რატომ გაქვთ პირში წყალი ჩაგუბებული? ნუთუ მართლა მოგეწონათ ის, რასაც წლების წინ თავად ებრძოდით?! ნუთუ ასე ტკბილია ეს მოყანყალებული სავარძლები?! ნუთუ ამად ღირს ის ხელფასი, რასაც იღებთ?! ნუთუ მხოლოდ ამისთვის იბრძოდით?!

სამაგიეროდ, მე და ჩემმა თანამებრძოლებმა კარგად ვიცით, რა არის ყველაზე მთავარი და ღირებული, სასწორზე ჩვენი ქვეყნის მომავალი დევს, სასწორზე ჩვენი მშობლიური ქალაქის ხვალინდელი დღეა დადებული. ხვალინდელი დღე კი დღეს იქმნება, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ, ერთად უნდა მოვიყვანოთ ხვალინდელი დღე. ამისთვის კი ერთიანობა, ხელების დაკაპიწება და პრინციპების ერთგულებაა საჭირო, ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი გაჩუმება, არავის მივცეთ ჩვენი ყიდვის, მოქრთამვის, დაშინების უფლება, ხვალინდელი დღე პატრიოტ და ერთგულ ადამიანებს ეკუთვნით, ის ჩვენ გვეკუთვნის, ის ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის იქმნება და ყველამ უნდა დავდოთ ამ საქმეში თითო აგური...

ჩემო საყვარელო და ძვირფასო სამტრედიელებო, თქვენ ხართ ამ ქალაქის მთავარი და უპირობო პატრონები, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, ამ ქალაქს შესძინოთ ახალი ფუნქცია, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ქალაქის ამეტყველება...

სამტრედია – ეს ჩვენი ქალაქია, ჩემი და თქვენი ქალაქი...

როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის (გამგებლის) საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)   მამუკა ბიბილეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მოქმედი გამგებლის საქმიანობას დადებითად და პოზიტიურად ნამდვილად ვერ შევაფასებდი, რადგან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ არის დამოუკიდებელი და ბრმად ექცევა არაფორმალური მმართველების და „ქართული ოცნების“ ვიწრო პარტიული ზეგავლენის ქვეშ. მისმა არაეფექტურმა მუშაობამ არაერთი ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტს, ეს გამოიხატა ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვით და წლის ბოლოს მილიონობით დაუხარჯავი თანხის არსებობით, კაბალური და სასესხო ხელშეკრულებებით განხორციელებული პროექტებით, მაღალმთიან სოფლებში სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტების არაეფექტურად შესრულებაში.

ვალერიანე ფოცხვერია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

როგორც მოგახსენეთ, გამგებელი გახლდით. დადებითად შევაფასებდი ჩემს საქმიანობას, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.

იმედა გოგავა (“შენების მოძრაობა“)

ქვეყანაში, სადაც არ არსებობს რეალური თვითმმართველობები, ძნელია, რაიმე დიდი გარღვევა ან მასშტაბური რეფორმები დაგეგმო და განახორციელო. „ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისედაც ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი თვითმმართველობებისთვის საბოლოოდ გამოერთო ჟანგბადი და ამჟამად შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ არანაირი თვითმმართველობა არ არსებობს და რაც არის, მას არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ თვითმმართველობასთან. კერძოდ, თვითმმართველობებს არ აქვთ ყველაზე მთავარი - ფინანსები. უფულოდ კი რაიმეს გაკეთება გამორიცხულია, ხოლო ის თანხები, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის, არის მიზნობრივი და მას მოჰყვება შესაბამისი ინსტრუქციები, თუ რაში და რამდენი თანხა უნდა დაიხარჯოს. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რაიმე კრეატიული და ინოვაციური პროექტების თუ იდეების შემუშავება და განხორციელება პრაქტიკულად ნულის ტოლია.  მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრები მწირია და ის არ შეესაბამება 21-ე საუკუნის გამოწვევებს, ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად სუსტი და არაპროფესიონალური მენეჯმენტი მიგვაჩნია. ფაქტობრივად, ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მენეჯმენტი ძალიან სუსტი, არაეფექტური და რეგრესზე ორიენტირებულია. გასული 5 წლის განმავლობაში არავის მოსვლია აზრად ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავება, არ არსებობს ქალაქის განვითარების სტრატეგია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ დაამყარა საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ვერ მიაწოდა მათ ინოვაციური პროექტები, ვერ შეძლეს რეფორმების გატარება, კატასტროფულად გაიზარდა საჯარო მოხელეთა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე მყოფი ა(ა)იპ-ების თანამშრომლების რაოდენობა, აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომები არის ბიუჯეტის ხარჯვაში, შესაბამისად, ვერ მოხერხდა თანხების რეალური პრობლემებისკენ მიმართვა, არასწორად შერჩეულმა პრიორიტეტებმა კი მოსახლეობამდე ვერ მიაღწია და ის მხოლოდ „რჩეულების“  კეთილდღეობას მოხმარდა.

გარდა ამისა, „ნაციონალური“ ხელისუფლების პერიოდში ადგილობრივი ჩინოვნიკების რაოდენობა და კვალიფიკაცია სამართლიანად იმსახურებდა კრიტიკას, თუმცა „ოცნებამ“ ყველა რეკორდი მოხსნა და ამჟამად საკმაოდ გაიზარდა მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფ სიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მომსახურე პერსონალის რაოდენობა. როგორც ჩანს, ოცნებამ, მეტი რომ ვერაფერი მოახერხა, ასე მარტივად გადაჭრა თავიანთი მხარდამჭერებისთვის დასაქმების პრობლემა, რაც არამარტო კანონდარღვევაა, არამედ წურბელასავით აზის ადგილობრივ, ისედაც გაყვლეფილ ბიუჯეტს.

ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?   მამუკა ბიბილეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მთავარი პრობლემა, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს,  არის სასმელი წყლის უქონლობა, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა, გაურემონტებელი საბავშვო ბაღები და სკოლები, უმუშევრობა და სხვა სოციალური პრობლემები. პრობლემების მოსაგვარებლად გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები:

  1. განახლდება ქალაქ სამტრედიის სრული რეაბილიტაციის და ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი მოწესრიგების პროექტები, რომელიც მოიცავს სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას.
  2. განახლდება სოფლებში გზების მოწესრიგების, საბავშვო ბაღების და სკოლების რემონტის, მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების, სარწყავი სისტემების გამართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სხვა პროექტები.
  3. განსაკუთრებით ვიზრუნებ სამტრედიაში ჯანდაცვის, დასაქმებისა და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდაზე და შემოსული თანხების  მიზნობრივად განაწილდებაზე.
ვალერიანე ფოცხვერია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

ჩემი ქალაქის მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე არის კანალიზაციის სისტემა, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს. მომავალი წლიდან ჩვენი დეპუტატის მხარდაჭერით და უშუალო მონაწილეობით გერმანიის ერთ-ერთი კომპანია პროექტს მოამზადებს, ხოლო შემდეგ ისევ უცხოელებთან გაფორმდება ხელშეკრულება და შემდეგი 4 წლის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კანალიზაციისა და წყლის სისტემა მთლიანობაში მოწესრიგდება. გზები – მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა გასული 3 წლის მანძილზე დავაგეთ, არის კიდევ ქუჩები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. მე ვპირდები სამტრედიელ ამომრჩეველს, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში არ დარჩება არც ერთი ქუჩა, სადაც არ იქნება გზა სრულად რეაბილიტირებული.

იმედა გოგავა (“შენების მოძრაობა“) *ქალაქის მთავარი მისია

სამტრედიის დაარსება და მისი განვითარება რკინიგზას უკავშირდება. მე-18 საუკუნის ბოლოდან ქალაქს სამართლიანად ენიჭება არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ სრულიად ამიერკავკასიის სარკინიგზო ცენტრის სტატუსი. დროთა განმავლობაში ქალაქი გაიზარდა, გაფართოვდა და ქვეყნისთვის მან საკვანძო მნიშვნელობა მიიღო. თუმცა, რკინიგზის მთავარი ქალაქის სტატუსის დაკარგვამ მუნიციპალიტეტი გადააქცია ჩიხად, ფაქტობრივად, ქალაქმა დაკარგა მისი მთავარი დანიშნულება, ფუნქცია და ამასთანავე დაიკარგა სოლიდური ფინანსური შემოსავალი, მოიმატა უმუშევრობამ და შესაბამისად, მოსახლეობა გაღატაკდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქალაქს არამარტო დავუბრუნოთ ძველი სტატუსი, რაც გამოიხატება რკინიგზის დეპარტამენტის სამტრედიაში გადმოტანით. ეს არ იქნება მხოლოდ ბიუროკრატიის და ჩინოვნიკების გადმოყვანა. აღნიშნული ქმედება თავისთავად გულისხმობს მთელი მართვის სისტემის რაიონში გადმოტანას, რაც ქალაქს შესძენს მეორე სუნთქვას, რაც გამოიწვევს დამატებითი სერვისების (სასტუმროები, კვების ობიექტები, ტრანსპორტი) შექმნის და დახვეწის აუცილებლობას. შესაბამისად, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და მოსახლეობასაც გაუჩნდება სტაბილური შემოსავალი.

*წარმატებული მოსწავლეების და სტუდენტების დაფინანსება და ფინანსური წახალისება

მუნიციპალიტეტი დააფინანსებს წარმატებულ მოსწავლეებს, წაახალისებს მათ და გარდა ფულადი წახალისებისა, მისცემს მათ საშუალებას, რომ კიდევ უფრო გაიღრმავონ ცოდნა და შეეცდება მათ ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებებში, კონფერენციებზე  და ტრენინგებზე გაგზავნას. ჩვენი მიზანია, რომ განათლება გახდეს პრიორიტეტი, ხოლო ბეჯითი და წარმატებული ახალგაზრდები არამარტო თავიანთ თანატოლებში, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის გახდნენ ცნობილი და მისაბაძი.

*გარე ბაზრობის მოწესრიგება

ქალაქისთვის გადაუჭრელ პრობლემად გადაიქცა ე.წ. გარე ბაზრობა, რომელიც სამართლიანად ითვლება ყველაზე დაბინძურებულ და ეპიდემიის გავრცელებისთვის ხელსაყრელ გარემოდ. პრობლემა, რომელიც სათავეს ათეული წლის წინ იღებს აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. კერძოდ, შუა ქუჩაში, ნაგვის ბუნკერებთან, ზოგჯერ ბუნკერებშიც, წყალსა და ტალახში, სიცხესა და სიცივეში, დილიდან საღამომდე იყიდება ყველაფერი: ყველი და კვერცხით დაწყებული, ძეხვით და ხორცით დამთავრებული. ყველაფერ ამ უპასუხისმგებლობას, უყურადღებობას, უგულობას, უნამუსობას, უკულტურობას და, რაც მთავარია, უკანონობას უკვე რამდენჯერმე მოჰყვა სავალალო შედეგი, რაზეც პასუხისმგებლობის აღება არავის მოსვლია აზრად.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ მედლის ცალი მხარეა, რომლის მეორე მხარეს დგას ადგილობრივი ხელისუფლება თავისი ვალდებულებებით, პასუხისმგებლობით, კომპეტენციით, საქმისადმი დამოკიდებულებით და თანამოქალაქეების მიმართ ელემენტარული პატივისცემით. ხელისუფლება, რომელიც აღიარებს პრობლემას და რომელმაც დღემდე ვერაფერი მოუხერხა მას, ვერ გადადგა ვერც ერთი ქმედითი ნაბიჯი, ვერ მოახერხა კონკრეტული გეგმის შემუშავება და ასე ბედის ანაბარად მიუშვა მოვლენები. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში "გარე ბაზრობიდან" არც ერთი თეთრი არ შესულა ბიუჯეტში, ეს კი მინიმუმ გადასახადების დაფარვა, მაქსიმუმ კი ბიუჯეტის მიზანმიმართული ძარცვაა, რომელიც ხელისუფლების უსუსურობასა და მის გულგრილობაზე მეტყველებს...

*პარკების და სკვერების მოწესრიგება

სამტრედიაში, ფაქტობრივად, დასასვენებელი სკვერი არ არსებობს, რაც გვაქვს, ძნელია, მას დასასვენებელი პარკი დაერქვას, რადგან არის ძალიან მცირე მასშტაბის და იქ არ არსებობს განტვირთვის არანაირი საშუალება. ვთვლით, რომ თანამედროვე ქალაქისთვის სკვერის არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია და ის უნდა გაშენდეს ყველა იმ ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, რასაც ასე წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში. კერძოდ, აუცილებელია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ჰექტარის გამოყოფა და მისი წინასწარ შედგენილი გეგმით განაშენიანება. ამასთანავე იქ უნდა მოეწყოს ყველა ის სერვისი, რაც მოქალაქეებს მისცემს კომფორტის და განმუხტვის საშუალებას. აღნიშნული პარკი კი გადაიქცევა არამარტო სამტრედიელებისთვის, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც დასვენების ყველაზე სასურველ ადგილად.

*ქალაქის ურბანული განვითარება

სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა ქალაქის ურბანული განვითარება, ქალაქში დღემდე მოუწესრიგებელია კანალიზაცია, წყლის მიწოდების სისტემა მოძველებულია, სანიაღვრე არხები კი, ხშირ შემთხვევაში, კრიტიკას ვერ უძლებს. უმეტესწილად, ასფალტი იგება იმ გზებზე, სადაც არ არის მოწესრიგებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც შემდგომ იწვევს ისედაც უხარისხოდ დაგებული ასფალტის აყრას, გაფუჭებას და თანხებიც წყალში გადაყრილი რჩება.

*არამდგრადი და ავარიული შენობები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით არამდგრად და ავარიულ შენობებს, რომელთა უმეტესობას კერძო მესაკუთრე ჰყავს. საჭიროა მოქნილი სისტემის შექმნა და შენობების მესაკუთრეებთან მჭიდრო კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდეს ამა თუ იმ ნაგებობის ბედი. ფაქტია, რომ მსგავსი შენობები ერთის მხრივ საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მეორეს მხრივ კი, კიდევ უფრო ამახინჯებს ქალაქის იერსახეს.

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელ კორპუსებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოუწესრიგებელია, კერძოდ, სადარბაზოები, გარე ფასადები, აივნები, სახურავები საჭიროებენ კაპიტალურ და ხარისხიან რემონტს. ის იაფფასიანი და ფასადური ცვლილებები, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს, არ პასუხობს თანამედროვე ქალაქის მოთხოვნებს, სამუშაოები ტარდება უხარისხოდ, არ არის შეთანხმებული ადგილობრივ მცხოვრებლებთან, შესაბამისად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი კვლავ უყაირათოდ არის გახარჯული.

რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

მამუკა ბიბილეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩემი გუნდის და პირადად ჩემი არჩევის შემთხვევაში, უპირველესი ამოცანა იქნება, სამტრედია გახდეს თანამედროვე განვითარებული ქალაქი. შეიქმნას სტაბილური ბიზნეს-გარემო ინვესტორებისთვის.  ჩემი მერობის პერიოდში პრიორიტეტულად მიმაჩნია, მოგვარდეს შემდეგი პრობლემები;

  1. საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია და აქ დასაქმებული პერსონალის ხელფასების მომატება;
  2. ქალაქის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაცია;
  3. მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა;
  4. ქალაქის ქუჩების და სოფლის შიდა გზების სრული რეაბილიტაცია;
  5. მთაგორიან სოფლებთან (ოფეთი, წიაღუბანი, გამოჩინებული) დამაკავშირებელი გზების ბეტონის საფარით მოწყობა.
  6. უფასო სასადილოების დაფინანსების გაორმაგება;
  7. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა საბავშვო ატრაქციონებითა და სპორტული ტრენაჟორებით;
  8. სპორტული მოედნების მოწესრიგება და გამაჯანსაღებელი ტრენაჟორებით აღჭურვა;
  9. სამტრედია „მწვანე ქალაქი“ – პროექტის განხორციელება,
  10. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და უკანონოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების აღდგენა;
  11. სამტრედიის ისტორიული უბნის „ნაძალადევი“-ს სრული რეაბილიტაცია, პირვანდელი იერსახის შენარჩუნებით.
  12. კულტურის სახლში გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობა;
  13. სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს სრულად ავუნაზღაურებთ სწავლის დაფინანსებას.
  14. უმუშევრობის აღმოსაფხვრელად ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრის შექმნა, რომელიც მოსახლეობას ხელს შეუწყობს სხვადასხვა ბიზნეს- და აგრო-პროექტების განხორციელებაში.
  15. სამტრედიის ისტორიულ უბნებში განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, კერძოდ, დიდ ჯიხაიშში, გამოჩინებულში და ტოლებში.
  16. სოფლებში აღვადგენთ ბიბლიოთეკებს.
  17. შევიმუშავებთ ახალ სოციალურ პროგრამას, რომელიც დაიცავს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესებს;
  18. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დასაფინანსებელ ორგანიზაციებში დაბალხელფასიან თანამშრომლებზე ხელფასების გაზრდა.
  19. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების ერთიან სამსახურში დაქვემდებარება და მოვლა-პატრონობა;
  20. ვიზრუნებ, რომ სამტრედია გახდეს დასავლეთ საქართველოს ლოჯისტიკის ცენტრი.
ვალერიანე ფოცხვერია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

მე ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, მომავალი 4 წლის განმავლობაში გზების რეაბილიტაციასთან, კანალიზაციისა და წყლის სისტემის მოწესრიგებასთან ერთად იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

იმედა გოგავა (“შენების მოძრაობა“)

ეს ქვეყანა ვერასოდეს გახდება სახელმწიფო, სანამ კანონის უზენაესობას შერჩევითი სამართალი ამარცხებს, სანამ ხელისუფლება მტრებად და „პატრიოტებად“ ჰყოფს საზოგადოებას, სანამ აბსოლუტური ჭეშმარიტება პრივატიზებულია და განსხვავებული აზრი ლამის ღალატის ტოლფასია, სანამ თითოეული მოქალაქის უფლებები არ არის მაქსიმალურად დაცული, სანამ წარსულის გაკვეთილებიდან დასკვნები ვერ გამოგვაქვს, სანამ მტერს მოყვარედ ვნათლავთ, სანამ პროგრესს და განათლებას უმეცრებას და ნეპოტიზმს ვამჯობინებთ, სანამ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებს ხალხის მტრებად ვრაცხავთ, რენეგატებს კი დითირამბებს ვუძღვნით, სანამ კულტურასთან მწყრალად ვართ, სანამ ყველა და ყველაფერი განსხვავებულის პანიკური შიში გვაქვს, სანამ შრომის და დასვენების ფასი არ ვიცით, სანამ არ ვეცდებით საკუთარ თავზე გამარჯვებას და უსამართლობასთან დაპირისპირებას, სანამ არ გავიგებთ მიტევების, სიკეთის, ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის, ტოლერანტობის ძალას და მნიშვნელობას...

არჩევის შემთხვევაში, როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)

მამუკა ბიბილეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

არჩევის შემთხვევაში ჩემი ურთიერთობა მოქალაქეებთან გაგრძელდება ისე, როგორც წინასაარჩევნოდ, ადგილზე მათთან მისვლით და პრობლემების გაცნობით. როდესაც წინასაარჩევნოდ ხვდები ამომრჩეველს და ითხოვ მხარდაჭერას, იქედან იწყება პასუხისმგებლობის აღება ყველა იმ პრობლემაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს და  ვალდებული ხარ, ემსახურო მათ. საჯაროდ მოხდება ანგარიშის ჩაბარება მოსახლეობისთვის გაწეული მუშაობის შესახებ. ბიუჯეტის დამტკიცების პერიოდში პრიორიტეტების განსაზღვრა მოხდება საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციებით.

ვალერიანე ფოცხვერია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

მოქალაქეებთან იგივე რეჟიმში გავაგრძელებ ურთიერთობას, როგორიც გასული 3 წლის მანძილზე მქონდა. არ ვარ ის პიროვნება, რომელიც სულ კაბინეტში ზის და ეს ჩემმა თანაქალაქელებმა ძალიან კარგად იციან. დავდიოდი სოფელ-სოფელ, ვეცნობოდი  ჩემი ხალხის პრობლემებს და შესაძლებლობის ფარგლებში ვეხმარებოდი. იგივეს გაგრძელებას ვაპირებ. ყველა ის პროექტი, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, სწორედ რომ მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ, მათი ჩართულობით ჩვენ ისევ ერთად დავგეგმავთ პროექტებს და ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე.

იმედა გოგავა (“შენების მოძრაობა“)

გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობა გახდება მაქსიმალური. მოქალაქეები საკუთარ თავზე იგრძნობენ თვითმმართველობის ყველა სიკეთეს და ამასთანავე – მოსახლეობასთან ერთად განისაზღვრება ყველა ის პრიორიტეტი, რაც აწუხებს ადგილობრივებს. ვთვლი, რომ ის დრომოჭმული და საბჭოური მართვის მახინჯი სისტემა, რაც დღესაც არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.  მე მზად ვარ რეალური რეფორმების და მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად და ვთვლი, რომ ამის გარეშე ვერ ამოვძვრებით იმ წუმპედან, სადაც დღემდე უიმედოდ ვართ ჩარჩენილნი. მე ვიქნები ეფექტური მენეჯერი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გარდა, მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, გვექნება ინოვაციური ხედვები და მიდგომები. ვგეგმავთ მუნიციპალიტეტის სრულ ეკონომიკურ პასპორტიზაციას და ამ მხრივ  ფინანსური ორგანიზაციების და ბიზნესმენების დაინტერესებას. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და დარჩება ადამიანი და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სამტრედია გახდეს ქალაქი, საიდანაც არავის მოუნდება გაქცევა, ქალაქი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, საკუთარი პოტენციალის და ნიჭის რეალიზება მოახდინონ.

  თქვენი აზრით, რა არის შესაცვლელი ადგილობრივ ბიუჯეტში, რა პრიორიტეტებს უნდა მიექცეს ყურადღება.

მამუკა ბიბილეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ბიუჯეტის დაგეგმვისას, ყურადღება უნდა მიექცეს შემოსავლების მობილიზებას და ხარჯების სწორად დაგეგმვას, სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდისთვის კარგი პირობების შექმნას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უნდა შეიქმნას მოსახლეობისთვის ეფექტური სოციალური პროგრამები, რომელიც არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. შეიქმნება ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც დახმარებას გაუწევს ბიზნესით დაინტერესებულ პირებს ბიზნეს-პროექტების შედგენაში და დააკავშირებს მათ სხვადსხვა დონორ ორგანიზაციებთან, რაც გარკვეულწილად შეამცირებს უმუშევრობას.

ვალერიანე ფოცხვერია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვით და სწორი მენეჯმენტით 3 წლის განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორცილეთ, ამიტომ ვფიქრობ, შესაცვლელი არაფერია. თუკი თანხები იქნება მეტი, ჩვენც კიდევ უფრო მეტ პროექტს დავგეგმავთ ჩვენი ქალაქისა და მოსახლეობის  კეთილდღეობისთვის.

იმედა გოგავა (“შენების მოძრაობა“)

უპირველესად შესაცვლელია ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარების წესი, რომელიც მინიმალურადაც არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც არის მუნიციპალიტეტის წინაშე. ბიუჯეტი უნდა მოერგოს მოქალაქეების და ქალაქის ინტერესებს და მისი ხარჯვითი ნაწილი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ეს უნდა განსაზღვროს მოსახლეობამ და მისი ხარისხიანად აღსრულება კი ევალება ადგილობრივ ხელისუფლებას.

  თქვენი აზრით, რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი სჭირდება დღეს ყველაზე მეტად სამტრედიის მუნიციპალიტეტს?

მამუკა ბიბილეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ქალაქში საკანალიზაციო და საწრეტი სისტემის სრული რეაბილიტაცია, სოფლებში გზების მოწესრიგება.

ვალერიანე ფოცხვერია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი ქალაქის მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე არის კანალიზაციის სისტემა, რომლის მოწესრიგებასაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვპირდები მოსახლეობას.

იმედა გოგავა (“შენების მოძრაობა“)

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი