თოქ-შოუ "მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას, საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოს თანამშრომლების პრემიებზე ისაუბრა. მან განმარტა, რომ საკრებულოში ირაკლი შიხიაშვილის დროს ყველაზე დიდი, 300%-იანი პრემია გაიცა და მაშინ შიხიაშვილი უკვე "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდში იყო. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, საკრებულოს მაშინდელ არაერთ დეპუტატს და მაღალი თანამდებობის პირებს არაერთხელ აქვთ მაღალი პრემიები აღებული. ერთ-ერთ მაგალითად ელისაშვილმა ჯაბა სამუშია დაასახელა, რომელიც, მისივე განმარტებით, რეკორდსმენი იყო ამ მიმართულებით, დღეს კი, ის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა.
2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მალევე მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ". 2013 წლის 26 ივლისს საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შიხიაშვილი აირჩიეს. ის საკრებულოში 2010 წელს "ნაციონალური მოძრაობის" სიით შევიდა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" გადავიდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში აუდიტის სამსახურმა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2012-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის შესახებ აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის მიზანი 2012-2014 წლებში თბილისის საკრებულოს საქმიანობისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2012-2014 წლებში საკრებულოს გადასახდელებმა დამტკიცებული ბიუჯეტით 25 388 000 ლარი, დაზუსტებული ბიუჯეტით კი 30 989 500 ლარი შეადგინა. გადასახდელების მატება ძირითადად პრემიის, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების, წარმომადგენლობითი ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების მუხლებზე მოდიოდა. საკრებულოს ხარჯები შემდეგ პუნქტებს მოიცავს: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება, სოციალური უზრუნველყოფა და სხვა ხარჯები. 2012-2014 წლებში აღნიშნული პუნქტების ამსახველი მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
წყარო: აუდიტის სახელმწიფო სამსახური
როგორც ცხრილიდან ჩანს, შრომის ანაზღაურების პუნქტი ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ის 74%-ით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით კი, 29%-ით გაიზარდა. შრომის ანაზღაურების პუნქტის ზრდა შემდეგმა მიზეზებმა განაპირობეს:
- გაიზარდა დასაქმებულთა ხელფასები;
- გაიზარდა გაცემული საპრემიო თანხები;
- გაიზარდა აპარატში დასაქმებულთა რიცხოვნობა;
- გაიზარდა საკრებულოს ფრაქციების რაოდენობა.
- 2012 წლის დეკემბერი - თანამდებობის პირებზე გაცემულია პრემია თანამდებობრივი სარგოს 150%-ის, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე ძირითადად 18%-ის ოდენობით (ჯამში 384.8 ათასი ლარი);
- 2013 წლის ნოემბერი - თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს 160%, აპარატის თანამშრომლებზე - 130% (ჯამში 469.4 ათასი ლარი);
- 2013 წლის დეკემბერი - თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს 230%, აპარატის თანამშრომლებზე - 215% (ჯამში 737.7 ათასი ლარი);
- 2014 წლის მარტი - თანამდებობის პირებზე და აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოს 300% (ჯამში 889.3 ათასი ლარი);
- 2014 წლის აპრილი - თანამდებობის პირებზე და აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოს 300% (ჯამში 1 026.6 ათასი ლარი);
- 2014 წლის ივნისი - თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს 300.5%, აპარატის თანამშრომლებზე 210% (ჯამში 774.1 ათასი ლარი).