თოქ-შოუ "მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას, საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოს თანამშრომლების პრემიებზე ისაუბრა. მან განმარტა, რომ საკრებულოში ირაკლი შიხიაშვილის დროს ყველაზე დიდი, 300%-იანი პრემია გაიცა და მაშინ შიხიაშვილი უკვე "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდში იყო. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, საკრებულოს მაშინდელ არაერთ დეპუტატს და მაღალი თანამდებობის პირებს არაერთხელ აქვთ მაღალი პრემიები აღებული. ერთ-ერთ მაგალითად ელისაშვილმა ჯაბა სამუშია დაასახელა, რომელიც, მისივე განმარტებით, რეკორდსმენი იყო ამ მიმართულებით, დღეს კი, ის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა.
2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მალევე მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ". 2013 წლის 26 ივლისს საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შიხიაშვილი აირჩიეს. ის საკრებულოში 2010 წელს "ნაციონალური მოძრაობის" სიით შევიდა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ"ქართულ ოცნებაში" გადავიდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში აუდიტის სამსახურმა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2012-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის შესახებ აუდიტის ანგარიშიგამოაქვეყნა. აუდიტის მიზანი 2012-2014 წლებში თბილისის საკრებულოს საქმიანობისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2012-2014 წლებში საკრებულოს გადასახდელებმა დამტკიცებული ბიუჯეტით 25 388 000 ლარი, დაზუსტებული ბიუჯეტით კი 30 989 500 ლარი შეადგინა. გადასახდელების მატება ძირითადად პრემიის, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების, წარმომადგენლობითი ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების მუხლებზე მოდიოდა. საკრებულოს ხარჯები შემდეგ პუნქტებს მოიცავს: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება, სოციალური უზრუნველყოფა და სხვა ხარჯები. 2012-2014 წლებში აღნიშნული პუნქტების ამსახველი მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
წყარო: აუდიტის სახელმწიფო სამსახური
როგორც ცხრილიდან ჩანს, შრომის ანაზღაურების პუნქტი ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ის 74%-ით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით კი, 29%-ით გაიზარდა. შრომის ანაზღაურების პუნქტის ზრდა შემდეგმა მიზეზებმა განაპირობეს:
- გაიზარდა დასაქმებულთა ხელფასები;
- გაიზარდა გაცემული საპრემიო თანხები;
- გაიზარდა აპარატში დასაქმებულთა რიცხოვნობა;
- გაიზარდა საკრებულოს ფრაქციების რაოდენობა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ 2012-2014 წლებში მოქმედი საბიუჯეტო კანონმდებლობის მიხედვით, დაწესებულებას არ შეეძლო "შრომის ანაზღაურების" მუხლი წლის განმავლობაში გაეზარდა თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული 1/12-ზე მეტით. საკრებულომ კი აღნიშნული მოთხოვნა 2013 და 2014 წლებში დაარღვია. კერძოდ: 2013 წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს "შრომის ანაზღაურების" მუხლი 3 922 900 ლარს შეადგენდა, რაც წლის განმავლობაში დასაშვები 326 900 ლარის ნაცვლად, 2 465 900 ლარით გაიზარდა და 6 388 800 ლარი შეადგინა. შედეგად, შრომის ანაზღაურების მუხლი ზედმეტად 2 139 000 ლარით გაიზარდა.
2014წელს შრომის ანაზღაურების მუხლი დასაშვები 579 900 ლარის ნაცვლად, 1 379 000 ლარით გაიზარდა და 8 338 000 ლარი შეადგინა. 2014 წელს "შრომის ანაზღაურების" მუხლი დასაშვებზე 799 100 ლარით მეტი თანხით გაიზარდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულთა პრემირების მექანიზმი საკრებულოს 2008 წლის #7-16 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესით რეგულირდება. პრემიის გაცემა შესაძლებელია ყოველთვიურად. პრემიის მოცულობა თანხობრივად შეზღუდული არ არის და ის კონკრეტული თანამშრომლის მიერ მუშაობაში შეტანილი წვლილის შესაბამისად განისაზღვრება. 2012-2014 წლებში თბილისის საკრებულოში გაცემული პრემიების ჯამური მოცულობა ასე გამოიყურება:
წყარო: აუდიტის სახელმწიფო სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წელს თბილისის საკრებულოში პრემიის სახით გაცემულმა თანხამ 1 095 900 ლარი შეადგინა, რაც "თანამდებობრივი სარგოს" მუხლით დახარჯული თანხის 42.7%-ს შეადგენს. 2013 წელს პრემიის მოცულობამ თანამდებობრივი სარგოს 81.55% შეადგინა. 2014 წელს, კი პრემიებში დახარჯული თანხა "თანამდებობრივი სარგოს" 106.5% იყო.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში განმარტებულია, რომ პრემიების გაცემის დოკუმენტი არ იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, თუ რა კონკრეტული დამსახურებისთვის ხდებოდა თანამშრომლების პირადი წვლილის შეფასება და პრემირება. ამასთან, საკრებულომ ვერ განმარტა, თუ რა სისტემის მეშვეობით ხდებოდა კონკრეტული პრემიის მოცულობის განსაზღვრა.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პრემია შემდეგ პერიოდებშია გაცემული:
- 2012 წლის დეკემბერი - თანამდებობის პირებზე გაცემულია პრემია თანამდებობრივი სარგოს 150%-ის, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე ძირითადად 18%-ის ოდენობით (ჯამში 384.8 ათასი ლარი);
- 2013 წლის ნოემბერი - თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს 160%, აპარატის თანამშრომლებზე - 130% (ჯამში 469.4 ათასი ლარი);
- 2013 წლის დეკემბერი - თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს 230%, აპარატის თანამშრომლებზე - 215% (ჯამში 737.7 ათასი ლარი);
- 2014 წლის მარტი - თანამდებობის პირებზე და აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოს 300% (ჯამში 889.3 ათასი ლარი);
- 2014 წლის აპრილი - თანამდებობის პირებზე და აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოს 300% (ჯამში 1 026.6 ათასი ლარი);
- 2014 წლის ივნისი - თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს 300.5%, აპარატის თანამშრომლებზე 210% (ჯამში 774.1 ათასი ლარი).
წელს საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის სახით 17.3 ათასი ლარი, 2013 წელს 36.5 ათასი ლარი, 2014 წლის 6 თვეში კი 40.7 ათასი ლარი გაიცა.
2014წელს ახლადარჩეული საკრებულოს თანამდებობის პირებს პრემიები არ მიუღიათ და დეკემბრიდან საკრებულო სახელფასო დანამატების პრაქტიკაზე გადავიდა. საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის უფროსზე დანამატი დარიცხული თანამდებობრივი სარგოს 60%-ის ოდენობით, აპარატის მოხელეებზე (2015 წლის იანვრიდან) კი, 30 %-ის ოდენობით გაიცემა.
სახელწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში განმარტებულია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე დანამატის სახით 36.4 ათასი ლარია გაცემული და აღნიშნული პრაქტიკა 2015 წელსაც გაგრძელდა.
დასკვნა 2012
წელს საკრებულოს მოხელეებისთვის პრემიის სახით 1 095 900 ლარი გაიცა, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 161.2%-ით გაიზარდა და 2 863 200 ლარი შეადგინა. 2014 წელს კი, პრემიების მოცულობა 4 249 800 ლარამდე (48.4%-ით) გაიზარდა. საკრებულოს თანამდებობის პირებზე და აპარატის თანამშრომლებზე ყველაზე დიდი მოცულობით პრემია 2012 წლის დეკემბერში (თანამდებობრივი სარგოს 150-180%), 2013 წლის ნოემბერში და დეკემბერში (სახელფასო სარგოს 130, 160, 215 და 230%) გაიცა. 2014 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემია თანამდებობრივი სარგოს 300%-ს შეადგენდა. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, საკრებულომ ვერ დაასაბუთა თუ კონკრეტულად რომელი სისტემისა და რა დამსახურების გათვალისწინებით ხდებოდა თანამშრომლებისთვის პრემიის მოცულობის განსაზღვრა.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.