გორის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გამართულ წინასაარჩევნო დებატებზე გორის მუნიციპალიტეტის ამჟამად უკვე არჩეულმა მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ გორისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღიათ და ინიციატივა მოქალაქეებთან განიხილეს.

„ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ წარმოგვიდგინა ჩვენ ეს პროექტი და განხილვის შედეგად  უმრავლესობა დავეთანხმეთ საკრებულოში. რა თქმა უნდა, ჩატარდა მოქალაქეების გამოკითხვაც, სწორედ ამ ცენტრში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით [გორის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“], შემდეგ გადმოეგზავნათ საკრებულოებს, რომლებსაც ეთხოვათ, რომ თავისი აზრი გამოეთქვათ ამის შესახებ. საკრებულოში ყველამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა, რის შედეგადაც უმრავლესობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა“, - განაცხადა

თავზარაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

შვიდი ქალაქისთვის (მათ შორის გორისთვის) თვითმმართველის სტატუსის გაუქმების შესახებ ინიციატივა მიმდინარე წლის მარტში გაჟღერდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაგზავნილი წინადადება, რომელიც ქალაქ გორის საკრებულომ 19 მაისს განიხილა, 15-იდან ცხრა დეპუტატმა მოიწონა. ხოლო გორის მუნიციპალიტეტში ინიციატივის მომხრე 16 იყო, 11- კი წინააღმდეგი. იმ დროისათვის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი, უმრავლესობის აზრის გათვალისწინების მიზეზად სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებებს ასახელებდა.

ზუსტად ხუთი თვის წინ, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი ხმაურის ფონზე ჩატარებულ სხდომაზე დაუჭირა, მომქალაქეების აზრის გათვალისწინება ან გორელების შეფასებები საკრებულოს თავმჯდომარეს არ უხსენებია.

ვიდრე საკითხი ადგილობრივ საკრებულოებში განსახილველად გავიდოდა, ქალაქისა და თემის გაერთიანების შედეგების შესახებ ექსპერტები თვითმმართველობის საკითხებში საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრებსა და დისკუსიებს აწყობდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გორის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" მართლაც გაიმართა, თუმცა იქ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები არ გამოჩენილან. აღნიშნულ შეხვედრას არა ადგილობრივი ხელისუფლების, არამედ არასამთარობო სექტორის წარმომადგენლები მართავდნენ.

ადგილობრივ თვითმმართველობას რომც გაემართა შეხვედრა "ჩართულობის ცენტრში", რომელიც მაქსიმუმ 70 ადამიანს იტევს, მაინც ვერ ვიტყოდით, რომ მოსახლეობის გამოკითხვა შედგა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა თვითმმართველობის სტატუსის გაუქმებამდე, ისევე როგორც დანარჩენ ქალაქებში, არც გორში ჩატარებულა, ყოველშემთხვევაში ამის დამადასტურებელი არანაირი  მასალა ამ დრომდე არავის წარმოუდგენია.

ფაქტ-მეტრი გორის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსაც" დაუკავშირდა, რომლის თანამშრომლები სტატუსის შესახებ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ან რაიმე სახის გამოკითხვას ვერ იხსენებენ. ფაქტ-მეტრმა ამ ცენტრის საიტზე,

ელექტრონული ჯავშანის არქივი გადაამოწმა (1 მარტიდან - 19 მაისამდე, ანუ ინიციატივის გაჟღერებიდან მის დამტკიცებამდე), სადაც თვითმმართველობის სტატუსთან დაკავშირებით გამოკითხვის ჩატარება არსად ფიქსირდება.

გარდა ამისა, წინასაარჩევნო დებატების დასრულების შემდეგ, სადაც თავზარაშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი გორელების აზრის გათვალისწინებით დაუჭირა ფაქტ-მეტრმა იქ დამსწრე მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები გამოკითხა. არცერთ მათგანს მსგავსი შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნდა. მათ მხოლოდ ის შეხვედრები გაიხსენეს, რომლებსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მართავდნენ საზოგადოებისათვის სტატუსის დაკარგის შემდეგ მოსალოდნელი საფრთხეების განსამარტად.

თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით 

მიმართა და მოითხოვა, არ დაეშვათ შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათელს ხდის ამ საკითხზე საზოგადოების პოზიციას.

ფაქტ-მეტრმა მოიპოვა 15 მაისით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გორის თემისა და ქალაქის საჭიროებას ასაბუთებს. დოკუმენტის მიხედვით, გაყოფილმა ერთეულებმა ვერ უზრუნველყვეს საკუთარი შემოსავლების ზრდა, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება და მოქალაქეთა ჩართულობა, თუმცა ამ არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე სახის კვლევა უწყებას არ წარმოუდგენია. რამდენიმე თვის წინ ფაქტ-მეტრი ამ საკითხზეც წერდა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 6 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან (და არა მოქალაქეებთან) გაიმართა თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტების შეხვედრა, გამოცდილების გაზიარებისა და პოზიციების დაფიქსირების მიზნით. საკითხის გადაწყვეტაში მოქალაქეთა თანამონაწილეობა არსად ფიქსირდება და შესაბამისად მისი სულ მცირე ნაწილის გამოკითხვის შედეგებიც არ არსებობს (გორის მუნიციპალიტეტში სულ 110 174 ამომრჩეველია). პირიქით, 2014 წლამდე გორში ხელმოწერებიც კი გროვდებოდა

 იმისთვის, რომ გორს თვითმმართველობის სტატუსი მოეპოვებინა.

როცა მუნიციპალიტეტების გაერთაინების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები საკრებულოსთან ერთად  მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთანაც უნდა გაიმართოს. მოქალაქეებთან წინადადების საჯარო განხილვა თითოეულ მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, „საჯარო განხილვის პროცესში შეიძლება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები გაიმართოს“. აღნიშნულის მიზანია, საკრებულომ გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს. სწორედ მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება გახდა ძირითადი საფუძველი არასამთავრობო სექტორისთვის, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება 30 ივნისს სასამართოში გაესაჩივრებინა.

დასკვნა

მიმდინარე წლის მარტში ცენტრალური ხელისუფლებიდან წამოსული ინიციატივა გორის საკრებულოში მოიწონეს და საკრებულოების (ქალაქისა და თემის) სხდომებზე მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატების ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. მანამდე, გორში მოქალაქეების გამოკითხვა ან ამ საკითხში მოსახლეობის რაიმე ფორმით ჩართულობა არ მომხდარა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მერობის გამარჯვებული კანდიდატის მიერ ნახსენებ მოქალაქეთა გამოკითხვას, ფაქტ-მეტრის მიერ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი რამ არსად ფიქსირდება და არც რაიმე კვლევის შედეგებია ამ დრომდე ხელმისაწვდომი. უფრო მეტიც, საკრებულოს სხდომაზე, სადაც აღნიშნულ საკითხს კენჭს უყრიდნენ, მოქალაქეები თავისი უარყოფითი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდნენ და დეპუტატებს ისტორიული ნაბიჯის გადადგმამდე დაფიქრებისკენ მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ.

შესაბამისად, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება, თითქოს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება გორში მოქალაქეთა გამოკითხვის საფუძველზეც მოხდა, არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი