მამუკა ფანიაშვილი:
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა ფანიაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აპრილის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა და ხმათა უმრავლესობით მოიწონა. აღმოჩნდა, რომ შემოსულობებმა გეგმას მლნ ლარით გადააჭარბა და 101% შეადგინა, ხოლო ხარჯვით ნაწილში შესრულების მაჩვენებელი 83%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, აქ შესრულების წილი 75%-ია. საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი 74 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 100%-იანი შესრულება მხოლოდ 5 შემთხვევაში ფიქსირდება. დარჩენილი ნაშთი კი ჯამში 11 405,7 ათასი ლარითაა წარმოდგენილი. მათ შორისაა საბავშვო ბაღებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხები.
ანალიზი
18 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის 2 მლნ 990 ათას ლარიანი მატება დაამტკიცეს. რის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი, 2022 წლის შესრულების ანგარიში განიხილეს. ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მამუკა ფანიაშვილმა თანხების ხარჯვის ეფექტურობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მუნიციპალიტეტში არსებული არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემისა, მერიამ ამ მიმართულებით არსებული თანხების ათვისება მთელი წლის განმავლობაში ვერ შეძლო.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხები სრულად არ არის დახარჯული. ანუ მერიას ჰქონდა ბიუჯეტში თანხა და ვერ შეასრულა გეგმა ინფრასტრუქტურის კუთხით. ყველა სხვა მიმართულებაზე შესრულების მაჩვენებელი მერიას ჰქონდა 95%-ზე მაღალი, ხოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე იყო 75%-შესრულება, რამაც საერთო ჯამში გააფუჭა კიდეც 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების პროცენტული მაჩვენებელი“, - აღნიშნა მამუკა ფანიაშვილმა.
2022 წლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართულია 34 280,5 ათასი ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 45 686,2 ათასი ლარისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხიდან 75% დაიხარჯა. (PDF 1)
2022 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან (PDF 2) ერთად „ფაქტ-მეტრი“ მერიის პოზიციითაც დაინტერესდა და დარჩენილი თანხების შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელს ესაუბრა. დალი ტლაშაძე არ უარყოფს ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობის შესახებ და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული.
„2022 წლის ბიუჯეტში შესრულების მაჩვენებელი უფრო მაღალია. ეს არის საკასო მაჩვენებელსა და გეგმას შორის შესრულების %, უფრო მაღალი მაჩვენებელია გეგმასა და ვალდებულებებს შორის, რომელიც დაკონტრაქტებული იყო და რიგი მიზეზების გამო, ვერ მოხდა საკასო მაჩვენებლის გაზრდა“,-აღნიშნა საფინანსო სამსახურის უფროსმა დალი ტლაშაძემ.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მუნიციპალიტეტებში, ეს საკითხი განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვისაა აქტუალური. მაგალითად, გორის მერიის მიერ 2020-2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 14% ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც არ არიან ჩართული აქტიურ ცხოვრებაში ადგილზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. კონკრეტულად, ისინი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო სივრცეებს და სოფლად თავშეყრის ადგილების მოწყობას ითხოვდნენ. 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მუნიციპალიტეტს სწორედ მსგავსი საკითხები უნდა გაეთვალისწინებინა და საბიუჯეტო თანხებიც შესაბამისად წარემართა.
აღსანიშნავია, რომ გორის მერიამ 2022 წლის ბოლოს მოქალაქეებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დაიხარჯა.
„გზები, გარე განათება, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც 2022 წლის ბიუჯეტიდან 45 მილიონამდე ლარი გადანაწილდა“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შესრულების ანგარიშიდან კი ირკვევა, რომ დასახელებული თანხიდან 25% მერიას არ აუთვისებია, რაზეც ვლადიმერ ხინჩეგაშვილს 2022 წლის ბოლოს, შესრულებული სამუშაოების ამსახველი სლაიდების წარდგენისას არაფერი უთქვამს.
შესაბამისად, მამუკა ფანიაშვილის განცხადება არის სიმართლე.