2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მესამე და საბოლოო მოსმენით, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებები 85 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ამ რეგულაციის შემოღებამდე, 2017 წლის 1 იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადიც გაიზარდა.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის განმარტებით ბარათში შემოღებული რეგულაციების მოტივაციად საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო ნაკისრ ვალდებულებებთან ქვეყნის კანონმდებლობის მაქსიმალური დაახლოებაა დასახელებული. კანონპროექტის ავტორის, გუგული მაღრაძის განცხადებით, არასახარბიელო საერთაშორისო სტატისტიკა ცვლილებების საჭიროებას აჩენს. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მწეველთა რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს. აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, საქართველო თამბაქოს მოხმარებით მოწინავეთა რიგებში ნამდვილად არის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით,

მოსახლეობაში თამბაქოს მომხმარებელთა წილის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 129 ქვეყნიდან მეექვსე ადგილზეა.

არსებული რეალობა რეგულირების მოთხოვნას ნამდვილად აჩენს, რასაც "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ" 2016 წლის კვლევის შედეგებიც ადასტურებს. კვლევაში მონაწილე 1 050 ადამიანიდან, 90% თანხმდება, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვანი პრობლემაა. ასევე, რესპონდენტთა 62%-ის მოსაზრებით, სიგარეტის მოხმარებას ხელს უწყობს მწარმოებელთა მარკეტინგული აქტივობა და სავაჭრო ობიექტებზე პროდუქტის ხილული განლაგება. გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ რიგი აკრძალვის შემოღება (იხ. ბმული;

გვ. 5) სიტუაციის გასაუმჯობესებლად გამართლებულია, რაც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ადეკვატურადაა ასახული.

უფრო კონკრეტულად, დამტკიცებული ცვლილებების საფუძველზე იკრძალება:

  • 2018 წლის პირველი იანვრიდან სიგარეტის შეფუთვასა და ღერზე ნებისმიერი სახის ბრენდული ნიშნის დატანა;
  • თამბაქოს მოხმარება ნებისმიერი ტიპის ნაგებობაში, რომელსაც გააჩნია იატაკი, სახურავი, ჭერი და კედლები, კერძო ბინების, სასჯელაღსრულების დაწესებულებების, კაზინოებისა და ფსიქიატრიული დაწესებულებების გარდა;
  • თამბაქოს მოხმარების ნებისმიერი ფორმით დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი ყველა საშუალებით;
  • თამბაქოს ნაწარმის ხილვად ადგილას გასაყიდად განთავსება;
  • თამბაქოს ნაწარმის ან მასთან დაკავშირებული აქსესუარის მიწოდება სავაჭრო წერტილიდან პირდაპირ მანქანაში მსხდომთათვის;
  • თამბაქოს ან მის გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობა. მოვაჭრის ფულადი წახალისება და ყოველგვარი ფილანტროპიული საქმიანობა თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან (შედარებით ვრცლად, დამტკიცებული აკრძალვების ნუსხა იხილეთ აქ).

ჩამოთვლილი აკრძალვებისგან გამოწვეულ ფულად დანაკარგებს კანონპროექტის ავტორები სამი მეზობელი ქვეყნის ანალოგიური საკანონმდებლო გამოცდილების გათვალისწინებით ანგარიშობენ. კანონის ამ დროისთვის ხელმისაწვდომ ვერსიაში აღნიშნულია, რომ შემოღებულმა აკრძალვებმა მწეველთა რიცხვი თურქეთში ოთხი წლის განმავლობაში 4.1%-ით, უკრაინაში ოთხი წლის განმავლობაში 3.8%-ით, რუსეთში კი ორი წლის განმავლობაში 17%-ით შეამცირა. კანონში, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ხუთწლიან პერიოდში (სრული დატვირთვით კანონი სწორედ ხუთი წლის შემდეგ ამოქმედდება) მწეველთა რიცხვის პირველ წელს 2%-ით, ხოლო მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საშუალო წლიური 1%-ით შემცირებაა ნავარაუდევი. წარმოდგენილი პროგნოზის რეალისტურობის ცალსახა მტკიცება ამ გადმოსახედიდან საფუძველს მოკლებულია და მის ქმედითობას დრო გამოაჩენს. მეტი სანდოობისთვის უფრო მართებული იქნებოდა შედარებით ფართო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება, რაც რეგულაციების უარყოფითი გვერდითი ეფექტების სიღრმისეულ გაანალიზებასაც გულისხმობს.

დიდი ბრიტანეთის შემთხვევა, რომელიც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის საბოლოო ვერსიაში პასიური მწეველობის სახარბიელო შემცირების მაგალითადაა აღებული, ასევე მოიცავს კერძო ბიზნესის საშუალოვადიან პერიოდში მიღებული დანაკარგების ფაქტებსაც. ბრიტანეთში კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის შემდეგ ლუდის ბარებს გაყიდვების მოცულობა 20%-ით შეუმცირდათ, ზოგიერთი მათგანი კი დაიხურა, რაც, ძირითადად, აკრძალვის შედეგად საკვების მიწოდებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. პოლონეთის შემთხვევაში კანონის ამოქმედებიდან ორი წლის თავზე აქტიური მწეველების რაოდენობა არ შემცირებულა. ინდოეთში მიღებულმა რეგულაციებმა კი ქვეყანაში არსებული მომსახურების სფეროს წარმომადგენელი აქტორების საბაზრო ღირებულება მკვეთრად შეამცირა.

მართალია მოხმობილი მაგალითები კონკრეტული ქვეყნების სპეციფიკურ შემთხვევებს წარმოადგენს, თუმცა მათი მეშვეობით ნათლად ჩანს, რომ თამბაქოს აკრძალვამ შესაძლოა კერძო ბიზნესის შემოსავლები შეამციროს, რაც 17 მაისს დამტკიცებულ კანონში აღნიშნული არ არის.

კერძო ბიზნესთან მიმართებით კანონში მხოლოდ რესტორნებისა და კვების ობიექტების შემთხვევაა განხილული. ეყრდნობიან რა "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" ზემოხსენებულ კვლევას, კანონპროექტის ავტორები თამბაქოს აკრძალვის შედეგად კვების ობიექტებში მომხმარებლების რაოდენობის მინიმუმ 8%-ით გაზრდას ვარაუდობენ. წარმოდგენილი კვლევა ამგვარი პროგნოზის საფუძველს არ იძლევა. გამოკითხვის მიხედვით, თუ მოწევა აიკრძალა, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ვიზიტებს რესპონდენტთა 69.2% არ შეცვლის, 5.9% მნიშვნელოვნად გაზრდის, 11.5% მეტ-ნაკლებად გაზრდის, 6.2% მნიშვნელოვნად შეამცირებს, 3.6% კი მეტ-ნაკლებად შეამცირებს. რესპონდენტთა 3.7%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. ამ პროცენტული მაჩვენებლებისა და კვლევის 3%-იანი ცდომილების დონის გათვლისწინებით კი, თამბაქოს აკრძალვის შემდეგ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებელთა 8%-იანი მატების ვარაუდი არარელევანტურია.

საბიუჯეტო დანაკლისის კანონში გაწერილი სავარაუდო მოცულობა

კანონის მიხედვით, თუკი თამბაქოზე აქციზის გადასახადი არ გაიზრდება, მწეველთა შემცირებული რაოდენობის პროპორციულად, პირველ წელს აქციზის, მოგებისა და დღგ-ის გადასახადების 2%-იანი (10 მლნ ლარი), ხოლო შემდეგი 4 წლის განმავლობაში საშუალო წლიური 1%-იანი შემცირებით (5 მლნ ლარი ყოველ წელს) ბიუჯეტს დაახლოებით 30 მლნ ლარი უნდა დააკლდეს. ეს კი, სიგარეტის საშუალო ფასის გათვალისწინებით (2.4 ლარი), 5 წლის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან სიგარეტის შეძენისგან დაზოგილ 72 მილიონ ლარს ნიშნავს. კანონში ნავარაუდევია, რომ დაზოგილი თანხა სხვა ბიზნეს სექტორებში გადაინაცვლებს და შესაბამისი დაბეგვრის შემთხვევაში ბიუჯეტის შემოსავალი მოიმატებს. ამ პროცესის სრულყოფილი პროგნოზირება შეუძლებელია, გარდა ამისა, კანონშიც აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო შემოსავლების დანაკლისის დასათვლელი მეთოდოლოგია კანონის ინიციატორებს შემუშავებული არ აქვთ და ამ ეტაპზე ამ ტიპის ზარალის მოცულობა არ შეფასებულა.

რაც კანონში არ აღნიშნულა თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) 13 მარტს გამოქვეყნებული ბლოგის

მიხედვით, თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგული საქმიანობის, თამბაქოსთან დაკავშირებული ყოველგვარი რეკლამისა და ფილანტროპიული აქტივობის კანონით გაწერილი აკრძალვა საგულისხმო ზარალს გამოიწვევს. კერძოდ, გარე სარეკლამო კომპანიების შემოსავლის 30-35% თამბაქოს რეკლამიდან მოდის, სიგარეტის მწარმოებლებმა კი მარკეტინგულ საქმიანობაზე 2016 წელს 60 მლნ ლარი დახარჯეს. კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკიდან დასახელებული რაოდენობის თანხა ნაწილობრივ მაინც ამოვა, რაც კანონში აღნიშნული არ არის.

მნიშვნელოვანი დანაკარგი ექნებათ საცალო მოვაჭრეებს. საქართველოს მასშტაბით არსებული 10 000 საცალო სავაჭრო წერტილის უმრავლესობა თამბაქოს ყიდის. ერთი საცალო მოვაჭრე პროდუქციის ხილულ ადგილას განთავსებაში (რაც ახალი კანონით იკრძალება) თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებისგან წლიურად დაახლოებით 6 000 ლარს იღებს, ჯამურად ამ მიმართულებით მწარმოებლებისგან 35 მლნ ლარი იხარჯება, რაც კანონის შემოღებით სრულად დაიკარგება.

თამბაქოს წარმოებასა და გაყიდვაში 2016 წლის მონაცემებით 22 000 ადამიანია ჩართული. კანონის სრულად ამოქმედების შემთხვევაში კი ამ სამუშაო ძალის გარკვეული ნაწილი ალტერნატივის არ არსებობის შემთხვევაში უმუშევარი დარჩება, რაც ამ ადამიანთა შემცირებული შემოსავლის გარდა საბიუჯეტო დანაკლისსაც გულისხმობს. კანონის მიხედვით, სიგარეტების იმგვარი სპეციფიკური შეფუთვა ხდება სავალდებულო (ბრენდის აღმნიშვნელი ნიშნების გარეშე), როგორიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში კანონით მოთხოვნილი არ არის. ამდენად, ნათელია, რომ საქართველოს კანონში "თამბაქოს კონტროლის შესახებ" 2017 წლის 17 მაისს დამტკიცებული ცვლილებები რეგულაციებიდან მომდინარე ზარალს - საბიუჯეტო შემოსავლების პოტენციურ დანაკლისის სრულყოფილად არ ითვალისწინებს. თუმცა, მეორე მხარეს დგას ადამიანთა ჯანმრთელობა, რომლის რიცხვებში გამოხატვა რთულია. საბოლოოდ, კანონის ეფექტურობა გამოჩნდება იმის მიხედვით, თუ რამდენად შემცირდება საქართველოში მწეველთა რაოდენობა და, განსაკუთრებით, რამდენად იქნებიან დაცულები პასიური მწეველები. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს მთავრობა რეგულაციების შესრულების გაკონტროლებას.

მსგავსი სიახლეები

5421 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი