გაზეთი ფაქტ-მეტრი
სახელმწიფო ენის სიწმინდის დამცველის და დემოგრაფიული საკითხების სპეციალისტის თანამდებობები აბაშის საკრებულოში
უკატეგორიოდ
637 ნახვა
A+
A
A-

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულო) საქმიანობის ორგანიზებას საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს, რომლის ფუქნციები საკრებულოს აპარატის დებულებით განისაზღვრება. ეს ფუნქციებია: საკრებულოს სხდომების, საკრებულოს მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიის სხდომების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომაზე ოქმის შედგენა, დამსწრეთა რეგისტრაცია, სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა; საკრებულოსა და მისი თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სათანადო წესით გამოქვეყნება; საკრებულოში შესული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა; საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქის მიღების ორგანიზება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ა.შ.

საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხას საკრებულო ამტკიცებს, ხოლო თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა, რითაც შტატების რაოდენობა 15 ერთეულით განისაზღვრა. მათ შორის, განისაზღვრა შემდეგი თანამდებობები: „მთავარი სპეციალისტი ქართული სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვის საკითხებში“ და „მთავარი სპეციალისტი ახალგაზრდულ და დემოგრაფიულ საქმეთა საკითხებში“. ამავე დადგენილების მიხედვით, მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 750 ლარს შეადგენს.

​ფაქტ-მეტრი ზემოაღნიშნული მთავარი სპეციალისტების სამსახურეობრივი ფუნქციებით დაინტერესდა.

რადგანაც საკრებულოს აპარატის დებულებით აპარატის ფუნქცია-მოვალეობებში მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული საკითხები ან ქართული სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვა არ შედის, ჩვენ, დამატებით, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქცია გამოვითხოვეთ. დოკუმენტის მიხედვით, ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხებში მთავარი სპეციალისტის მოვალეობებში შედის:

  • საკრებულოში შექმნილი დოკუმენტაციის ენობრივი თვალსაზრისით გამართვა;
  • საკრებულოს აპარატის თანამშრომელთათვის სახელმწიფო ენის ნორმების დაცვის საკითხთან დაკავშირებით განმარტებითი საუბრების ჩატარება;
  • ენობრივად მართებული და უმართებულო ფორმების გათვალსაჩინოება;
  • მუნიციპალიტეტის სამსახურებთან კონსულტაცია სახელმწიფო ენის ნორმატიკის საკითხებთან დაკავშირებით;
  • აქტიურად თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის გაზეთ “აბაშის მაცნესთან“, სახელმწიფო ენის ნორმატიკის პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

ასევე, როგორც აღნიშნულ თანამდებობაზე დასაქმებულმა მილდა ჩაგანავამ გვითხრა, ის 2014 წლის ოქტომბრიდან არის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი და 2015 წლიდან, გაზეთ „აბაშის მაცნეს“ რედაქციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაზეთის საშუალებით აქვეყნებს მასალებს სულიერების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე.

რაც შეეხება ახალგაზრდულ და დემოგრაფიულ საქმეთა საკითხების მთვარ სპეციალისტს, მისი ფუქნცია-მოვალეობები მოიცავს:

  • ღონისძიებების განხორცილება ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
  • ღონისძიებების განხორცილება მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მიზნით;
  • ახალგაზრდული, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის მონაცემების შეკრება და ანალიზი.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივ ინსტრუქციაში აღწერილი ფუნქცია-მოვალეობები მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას არ განეკუთნება, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, მას საკუთარი ინიციატივით შეუძლია ახლაგზრდული პოლიტიკის ხელშეწყობისა და მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით ღონისძიებების ორგანიზება. თუმცა, ასეთი სახის საქმიანობას ისედაც ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – გამგეობის შესაბამისი სამსახური და არა საკრებულოს აპარატი. რაც შეეხება მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემების შეგროვებას, ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილებაა.

ზემოხსენებული ორი მთავარი სპეციალისტის მხოლოდ თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) წელიწადში, ჯამურად, 18 000 ლარია.

 

პ.ს.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოვითხოვეთ საკრებულოს აპარატის შინაგანაწესი, თუმცა სანამ წერილობით მივმართავდით, ტელეფონის საშუალებით დავუკავშირდით იმის გასარკვევად, ხელმისაწვდომი იყო თუ არა აღნიშნული საკრებულოს ელ. რესურსებზე, რადგან მსგავსი სახის დოკუმენტი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას წარმოადგენს.

საკრებულოს თავმჯდომარემ „საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება 2017 წლის 14 ივნისს გამოსცა, რომელიც ჩვენ მიერ განხორცილებული სატელეფონო კომუნიკაციის თარიღს ემთხვევა. ფაქტ-მეტრი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საკრებულოსთან ჩვენი კომუნიკაციის შედეგად ეს ხარვეზი აღმოიფხვრა.

გააზიარეთ: