სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურება, არ იზრდება
მეტწილად სიმართლე
3418 ნახვა
A+
A
A-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა: „ადმინისტრაციული ხარჯები ყველა სამინისტროში, მათ შორის შრომის ანაზღაურების ნაწილი, შემცირებულია ან იგივე დონეზეა დატოვებული. ჯამშიც, შრომის ანაზღაურების ფონდი არის იგივე, რაც 2016 წელს იყო“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების მუხლებშია ასახული. აღნიშნული მუხლები წმინდა ბიუროკრატიული ხარჯების (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა) გარდა, მოიცავს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს, ასევე მათი ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შეძენას.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შრომის ანაზღაურების მუხლში 1 443 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2016 წლის ბიუჯეტის გეგმას უტოლდება. თუმცა, 69 მლნ ლარით იზრდება საქონლისა და მომსახურების შეძენის ხარჯი. მთლიანად ადმინისტრაციული ხარჯები 2 548 მლნ ლარის ოდენობითაა გაწერილი.

 

გრაფიკი 1: ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხაჯების ცვლილების დინამიკა (მლნ ლარი)

image006

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების ცვლილების შესაფასებლად მიზანშეწონილია არა აბსოლუტური მონაცემები, არამედ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან მიმართებაში დათვლილი ფარდობითი მაჩვენებლები იქნეს გამოყენებული. როგორც გრაფიკიდან ჩანს, მომავალი წლის ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები, 2016 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მსგავსად მთლიანი ხარჯების 29%-ის ნიშნულზეა გათვალისწინებული.

 

ცხრილი 1: შრომის ანაზღაურების ცვლილების ტენდენცია (მლნ ლარი)

მხარჯავი დაწესებულება 2015 ფაქტი 2016 გეგმა 2017 პროექტი
ფინანსთა სამინისტრო 112.7 90.00 85.00
ეკონომიკის სამინისტრო 13.8 13.9 12.9
ინფრასტრუქტურის სამინისტრო 8.4 8.4 7.9
იუსტიციის სამინისტრო 38.3 38.1 36.7
სასჯელაღსრულების სამინისტრო 67.5 66.6 66.4
საგარეო საქმეთა სამინისტრო 7.8 7.7 7.8
თავდაცვის სამინისტრო 418.4 405 407.4
შინაგან საქმეთა სამინისტრო 373.9 394.0 394.0
განათლების სამინისტრო 22.3 23.3 22.9
კულტურის სამინისტრო 54.6 55.2 56.2
დევნილთა სამინისტრო 4.6 4.5 4.4
ჯანდაცვის სამინისტრო 33.6 31.5 31.5
ენერგეტიკის სამინისტრო 2.9 2.7 2.6
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 20.5 20.8 20.5
გარემოს დაცვის სამინისტრო 21.2 21.1 21.4
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 5.1 4.6 4.5

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სამინისტროებში შრომის ანაზღაურების მუხლით გაწერილი სახსრები ძირითადად უტოლდება ან ჩამოუვარდება 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელს. ანალოგიურია ვითარება სახელმწიფო მინისტრების აპარატის შემთხვევაში. გამონაკლისს თავდაცვის, საგარეო საქმეთა, კულტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროები წარმოადგენს, თუმცა ამ შემთხვევებშიც ზრდის მაჩვენებელი უმნიშვნელოა.

ასევე საინტერესოა მოცემული მიმართულებით რა ვითარებაა ნაერთი ბიუჯეტის კუთხით. ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია და ის არ ექვემდებარება არცერთი სტრუქტურული ერთეულის მიერ დამტკიცებას, თუმცა ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოიცავს ყველა სახელმწიფო დაწესებულების შესახებ მონაცემებს. 2017 წლის ნაერთ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები (შრომის ანაზღაურება + საქონელი და მომსახურება) 2016 წელთან მიმართებაში 195 მლნ ლარით იზრდება. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ნაერთი ბიუჯეტის ჯამური ადმინისტრაციული ხარჯები კი, 2017 წლის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მსგავსად 8.5%-ს შეადგენს.

 

დასკვნა

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯები 68 მლნ ლარით არის გაზრდილი 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან მიმართებაში ფარდობითი მაჩვენებელი 2016 წლის მსგავსად 29%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება. უშუალოდ შრომის ანაზღაურებისათვის 2017 წელს ბიუჯეტიდან 1 443 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც 2016 წლის გეგმიურ მაჩვენებელს უტოლდება. შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა არ შეიმჩნევა ცალკე აღებული სამინისტროების შემთხვევაშიც, გამონაკლის შემთხვევებში კი ზრდის მაჩვენებელი უმნიშვნელოა.

თუმცა, ნაერთ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები 195 მლნ ლარით იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში აღნიშნული მიმართულებით ხარჯების ზრდითაა გამოწვეული.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

გააზიარეთ: