პარტია "ახალი მემარჯვენეების" გენერალურმა მდივანმა, მამუკა კაციტაძემ, ტელეკომანია "მაესტროს" ეთერში პარლამენტის საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა. მისი თქმით, "ორი ალტერნატიული წინადადება მომზადდა, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს. პირველი - კონსტიტუციური ცვლილების გარეშე, მეორე - მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გარეშე და მესამე, ამ ცვლილებებმა უნდა უზრუნველყონ ერთის მხრივ ამომრჩევლის მანდატის წონის თანაბრობა და მეორეს მხრივ მიღებული ხმებისა და მიღებული მანდატების ურთიერთშესაბამისობა. დავდეთ ეს ორი მოდელი. ერთი ეს არის ე.წ. "გერმანული მოდელი" და მეორე - მრავალმანდატიანი მაჟორიტარული მოდელი".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

პარლამენტის საარჩევნო სისტემა უკვე მრავალწლიანი დისკუსიის საგანია. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო (ამ საკითხზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა). ოპოზიციურმა პარტიებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ არაერთხელ მოუწოდეს. ძირითადი მოწოდებები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეხებოდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რეზოლუციაში - "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში", ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ, რომელიც ფართო კონსესუსს ეყრდნობა და ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ბუნებას აძლიერებს. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლებას იმგვარი ცვლილებისკენ მოუწოდა,

რომელიც ოლქებს შორის ამომრჩეველთა უთანაბრობას მინიმუმამდე დაიყვანდა.

არსებული საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილების ნაცვლად, საპარლამენტო უმრავლესობამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2020 წლისათვის გადადო. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის არჩევნებისთვის დღემდე არსებული შერეული საარჩევნო სისტემა დარჩება.

მიმდინარე წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში არჩეულად ის მაჟორიტარი ჩაითვლება, რომელიც ერთმანდატიან ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს (ნაცვლად 30%-ისა), ხოლო მაჟორიტარული ოლქები ხელახლა იყოფა (

საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნის თანახმად).

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის და 2016 წლის არჩევნების რეგიონულ-პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით პარლამენტში 240 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა შეიტანა და აღნიშნული ინიციატივის საჯარო განხილვა მოითხოვა. ეს მოთხოვნა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა უკვე დაარეგისტრირა. უმრავლესობის დეპუტატის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ამ დროისთვის "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი საპარლამენტო მანდატი (დეპუტატების საკმარისი რაოდენობა) არ აქვს. უმრავლესობის დეპუტატის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით: "

არიან მაჟორიტარები, როგორც "ნაციონალებიდან", ისე "ოცნებიდან", ვინც ღიად აცხადებს, რომ არსებული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია. არც ისე მარტივია, ადამიანს უთხრა, საჭირო არ ხარო".

არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობოების სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმს, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ეხება, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ერთხმად შეუერთდნენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვების პრობლემა არა უმცირესობაში, არამედ უმრავლესობაშია. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ისეთი ვარიანტი შექმნა, რომელიც საარჩევნო სისტემას 2016 წლის არჩევნებისთვის უცვლელს ტოვებს და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხოლოდ 2020 წლისთვის ითვალისწინებს.

უკვე 14 თვეა, რაც საქართველოში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისგან დაკომპლექტებული ინტერპარტიული ფორმატი არსებობს. 2015 წლის 21 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა

ინტერპარტიულ ჯგუფსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. მამუკა კაციტაძის განცხადებით, უმრავლესობის არგუმენტების საპირისპიროდ, ინტერპარტიულმა ჯგუფმა მათ ორი ისეთი მოდელი შესთავაზა, რომელსაც არც კონსტიტუციური ცვლილება სჭირდება და არც მაჟორიტარული სისტემის გაუქმება -  ე.წ. "გერმანული მოდელი" და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული მოდელი. მოგვიანებით, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, აღნიშნული შეთავაზებების არსებობა უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმაც დაადასტურა.

"

გერმანული მოდელის" თანახმად, არჩევნები როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ტარდება. პარტია ვერ დაიკავებს იმ ადგილებზე მეტს პარლამენტში, რა პროცენტულ მაჩვენებელსაც მიიღებს არჩევნებში პარტიული სიით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ამ კონკრეტული პარტიის იმაზე მეტ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს, ვიდრე პარტიის მიერ პარტიული სიით მიღებული ხმების წილია, ის მაჟორიტარი დეპუტატის ყველა ადგილს შეინარჩუნებს, ხოლო პარტიული სიიდან დამატებით ვერცერთ დეპუტატს ვეღარ შეიყვანს. იმ შემთხვევაში, თუ პროპორციული სისტემით პარტიამ უფრო მაღალი პროცენტული მონაცემი აჩვენა, ვიდრე ის რაოდენობა, რაც მაჟორიტარების სახით შეიყვანა, პარტია ამ ადგილებს პარტიული სიიდან შეავსებს.

მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის პირობებში მხარეების მიხედვით უფრო მსხვილი საარჩევნო ოლქები იქმნება, სადაც რამდენიმე მაჟორიტარს აირჩევენ. მამუკა კაციტაძემ ამ სისტემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მაგალითად კახეთის მხარე მოიყვანა. მისი თქმით, კახეთს, სადაც დაახლოებით 300 ათასი ამომრჩეველია, 6 მანდატი ეკუთვნის (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან გამომდინარე 1 მანდატი დაახლოებით 47 ათას ამომრჩეველს ეკუთვნის). მთელ კახეთში აირჩევენ მაჟორიტარებს და პარლამენტში  საუკეთესო ექვსეული შევა. "ახალი მემარჯვენეების" გენერალურმა მდივანმა ამ სისტემის ერთ-ერთ უპირატესობად ის დაასახელა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პარლამენტში მის წინაშე ანგარიშვალდებული რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, უმრავლესობაში აპირებენ ზემოაღნიშნულ წინადადებებზე იმსჯელონ. თუმცა, თუ ამ საკითხზე კონსესუსის მიღწევა ფრაქციებს შორის არ მოხდება, მაშინ ისევ უმრავლესობის პროექტს დაუჭერენ მხარს. კითხვაზე, თუ რატომ იცვლება საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის და არა 2016 წელს, მან შემდეგი პასუხი

გასცა: "უმრავლესობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები 2016 წლის შემდეგ უნდა განხორციელდეს... მოცემულობა არის ასეთი".

ინტერპარტიულ ჯგუფსა და უმრავლესობის წევრებს შორის ზემოაღნიშნული შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციამ დროზე ადრე დატოვა. "ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივნის განცხადებით, "ქართული ოცნება" მოვიდა ხელცარიელი, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. მათ ისევ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრები მოიტანეს, რაზეც პირდაპირ მიიღეს პასუხი, რომ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. მით უმეტეს, არ გვაინტერესებს 2020-ში რა ხდება და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ მზად ვართ ვისაუბროთ სხვადასხვა ალტერნატივებზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის". ასევე, მამუკა კაციტაძის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები ხელოვნურად იწელება დროში, რათა 2016 წლის არჩევნებამდე ცვლილებები ვერ მოესწროს. უკმაყოფილება დააფიქსირეს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც.

ინტერპარტიული ჯგუფის მიერ გაკეთებული შეთავაზების შემდეგ თვეზე მეტი გავიდა. ფაქტ-მეტრი უმრავლესობის წევრს, ზურაბ ტყემალაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მათთვის შეთავაზებულ ორ საარჩევნო მოდელს (გერმანულ მოდელს და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ მოდელს) ჯერ საყოველთაო განხილვა სჭირდება, შემდეგ მოიწვევენ პლენარულ სხდომას და მასზე განიხილავენ. მისივე თქმით, ჯერ არ არის დაგეგმილი, როდის გაიმართება პლენარული სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) პოზიციით, პარლამენტის მიერ მიღებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებები პრობლემის მისაღები გადაწყვეტა არ არის. ISFED აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. თუმცა, მიღებული პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

8 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს ხელი მოაწერა. მიუხედავად ხელმოწერისა, პრეზიდენტმა აღნიშნული ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკა და მათ მხოლოდ "ტექნიკური ხასიათის" უწოდა: "

ხელი მოვაწრე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტიდან იყო წარმოდგენილი. ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს ტექნიკური ტიპის ცვლილებებია. რეალურად, საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას დაადგენდა, ჯერ არ გვაქვს".

დასკვნა 2015

წლის 21 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიულმა ჯგუფმა უმრავლესობას საარჩევნო სისტემის ორი ახალი მოდელი წარუდგინა. ამას ადასტურებენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც. გია ჟორჟოლიანი აცხადებდა, რომ თუ უმრავლესობაში არ მოხდებოდა ორ ახალ საარჩევნო მოდელზე კონსესუსის მიღწევა ფრაქციებს შორის, მაშინ ისევ უმრავლესობის პროექტს დაუჭერდნენ მხარს.

ფაქტია, რომ უმრავლესობა 2016 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას - საკონსტიტუციო ცვლილებას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას - არ აპირებს. ინტერპარტიული ჯგუფი ერთგვარ დათმობაზე წავიდა და უმრავლესობას პროპორციული და რეგიონალურ-პროპორციული საარჩევნო სისტემების ნაცვლად ორი ახალი მოდელი, ე.წ. "გერმანული" და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული მოდელი წარუდგინა, რომელთაც ზემოაღნიშნული ცვლილებები არ სჭირდებათ. თუმცა, დღემდე, უმრავლესობის მხრიდან აღნიშნულ წინადადებაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა კაციტაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი