[შესწორებული]
პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირდა 50 000-ზე მეტი სამსახურის მაძიებელი, ხოლო დასაქმდა 288 ადამიანი
ვერდიქტის გარეშე
1188 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 8 ივნისს “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრმა ლელა ქებურიამ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა: “პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში დარეგისტრირდა 50 000-ზე მეტი სამსახურის მაძიებელი, შეთავაზება დამსაქმებლების მხრიდან იყო 3 800, ხოლო დასაქმდა 288 ადამიანი”.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ერთობლივად ახორციელებენ შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმირების პროგრამას, რომელიც ოთხ მიმართულებას მოიცავს: ინსპექტირების პროგრამას, შრომის ბაზრის ანალიზს, მომზადება-გადამზადების/სტაჟირების პროგრამას და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემას (www.worknet.gov.ge). ჯამში, ამ პროგრამაზე 2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 4 025 000 ლარი, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტით – 4 050 000 ლარი.

www.worknet.gov.ge-ზე შესაძლებელია სამუშაოს მაძიებლის, დამსაქმებლის და ვაკანსიების ონლაინ რეგისტრაცია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს worknet-ზე დარეგისტრირებული იყო 50 534 სამუშაოს მაძიებელი.

www.worknet.gov.ge-ს სისტემაში დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს სახელმწიფომ შესთავაზა შემდეგი სახის სერვისები: შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა; საშუამავლო მომსახურება (597 დამსაქმებელმა წარმოადგინა 3 980 სამუშაო ადგილი, ვაკანსიების შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინების მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, საშუამავლო მომსახურების ფარგლებში სულ 216 პირი დასაქმდა); პროფესიული და კარიერის დაგეგმვის სერვისი; მოწყვლადი, დაბალკონკურენტიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა; დასაქმების ფორუმები; პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა. ყველა ზემოაღნიშნული აქტივობის შედეგად 2016 წელს სულ 670 სამუშაოს მაძიებელი (მათ შორის 58 შშმ პირი) დასაქმდა.

სავარაუდოდ, ლელა ქებურია განცხადების გაკეთებისას დაეყრდნო 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს. შესრულების ანგარიშში მოცემულია 2016 წელს worknet-ზე დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა (50 889), ხოლო დასაქმების საბაზისო მაჩვენებელი (10-15%) განსაზღვრულია კონკრეტულად პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების პროგრამისთვის, რომლის ფარგლებში (ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით) 288 ადამიანი დასაქმდა. იმის გამო, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ იყო მკაფიოდ გამოყოფილი, რომ worknet-ზე დარეგისტრირებული პირების და მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართულთა დასაქმების მიზნობრივი მაჩვენებელი განსხვავებული პარამეტრებია, პოლიტიკოსი და ფაქტ-მეტრიც (ამ სტატიის თავდაპირველ ვერსიაში) მონაცემების დამუშავებისას შეცდომაში შევიდნენ.

worknet-ზე დარეგისტრირებული 50 534 პირიდან მხოლოდ ნაწილი იყო ჩართული მომზადება-გადამზადების პროგრამაში. პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული პირი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული სისტემაში www.worknet.gov.ge (ისევე როგორც შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის სხვა სერვისებით სარგებლობისთვის). სამუშაოს მაძიებელი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში 2016 წლის 12 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით და გაევლო დამატებითი რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა სისტემაში დარეგისტრირებულმა 2 123-მა სამუშაოს მაძიებელმა, სწავლა დაიწყო 1 995-მა სამუშაოს მაძიებელმა, ხოლო დაამთავრა 1 804-მა. სასწავლო პროცესი დაიწყო სექტემბრის მეორე ნახევარში და დასრულდა დეკემბრის ბოლოს. სატელეფონო გამოკითხვით დადგინდა, რომ 2016 წელს დასაქმდა 201 სამუშაოს მაძიებელი, 2017 წელს კი, დასაქმებულების რიცხვს დაემატა 126 კურსდამთავრებული. გარდა ამისა, სტაჟირების კომპონენტის ფარგლებში, 12-მა ორგანიზაციამ სტაჟირებით აიყვანა სისტემაში დარეგისტრირებული 47 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 22 შშმ პირი. 2016 წელს დასაქმდა 3 შშმ პირი, ხოლო 2017 წელს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 18 სამუშაოს მაძიებელს. ამდენად, ამჟამინდელი მონაცემებით, ჯამში დასაქმდა 248 პირი. თუ რა საბიუჯეტო სახსრები იხარჯება კონკრეტულად მომზადება-გადამზადების პროგრამაზე, სახელმწიფო ბიუჯეტში არ ჩანს.

თუ დაგეგმილი და მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორებით ვიხელმძღვანელებთ, ამ დროისთვის მიღებული შედეგი აკმაყოფილებს საბაზისო მაჩვენებლებს. საბაზისო მაჩვენებლით, www.worknet.gov.ge-ზე უნდა დარეგისტრირებულიყო 45 000 სამუშაოს მაძიებელი და წარდგენილიყო 3 500 ვაკანსია. რეალურად, 2016 წელს ჯამში დარეგისტრირებული იყო 50 534 სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებლებმა წარადგინეს 3 980 სამუშაო ადგილი. პროფესიული მომზადება-გადამზადების და სტაჟირების შედეგად უნდა დასაქმებულიყო (საბაზისო მაჩვენებლით) 10-15%, რეალურად კი, (წინასწარი მონაცემებით) დასაქმდა 248 ადამიანი, ანუ 13.8%.

 

დასკვნა

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში 2016 წელს რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი 50 534 სამუშაოს მაძიებელს, დამსაქმებლების მხრიდან წარმოდგენილი იყო 3 980 ვაკანსია. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია გაიარა 2 123 სამუშაოს მაძიებელმა, წინასწარი მონაცემებით, დასაქმდა 248. ჯამში, შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის ფარგლებში 2016 წელს დასაქმდა 670 პირი. დასაქმებულთა რაოდენობა არ ჩამორჩება პროგრამით განსაზღვრულ ბაზისურ მაჩვენებლებს.

აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა. შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა მოიცავს მომზადება-გადამზადების პროგრამას. 50 000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში – www.worknet.gov.ge-ზე, თუმცა, უშუალოდ მომზადება-გადამზადების პროგრამაში დარეგისტრირდა მხოლოდ 2 123 პირი.

იმის გამო, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ იყო მკაფიოდ გამოყოფილი, რომ worknet-ზე დარეგისტრირებული პირების და მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართულთა დასაქმების მიზნობრივი მაჩვენებელი განსხვავებული პარამეტრებია, პოლიტიკოსი და ფაქტ-მეტრიც (ამ სტატიის თავდაპირველ ვერსიაში) მონაცემების დამუშავებისას შეცდომაში შევიდნენ.

ამდენად, ლელა ქებურიას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

 

რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის პირველი ვარიანტი 2017 წლის 23 ივნისს გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, თავის განცხადებაში დეპუტატი ლელა ქებურია 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და იქ მოცემულ მაჩვენებლებს ეყრდნობოდა. პოლიტიკოსიც და ფაქტ-მეტრიც (განცხადების გადამოწმებისას) შეცდომაში შევიდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ინფორმაციის ბუნდოვნად წარმოდგენის გამო, რომელიც კონკრეტული პროგრამის ეფექტურობის შესახებ არასწორ წარმოდგენას ქმნიდა.

სტატიის პირველი ვერსიის გამოქვეყნებამდე ფაქტ-მეტრმა სცადა დაეზუსტებინა მონაცემები www.worknet.gov.ge-ს  წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრის მეშვეობით, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ, რის შემდეგაც სტატია გამოვაქვეყნეთ, მაგრამ უწყებაში შესაბამისი წერილი მაინც გავაგზავნეთ.

სტატიის პირველი ვარიანტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და სტატიაში გაპარული უზუსტობის შესახებ მიგვითითა. სამინისტროდან შესაბამისი მონაცემების მიღებისთანავე, ფაქტ-მეტრმა სტატია განაახლა, შეიცვალა პოლიტიკოსის განცხადების ვერდიქტიც – სიმართლის” ნაცვლად ვერდიქტის გარეშე”.

გააზიარეთ: