ფაქტ-მეტრის კვლევა
კრიმინოგენური სიტუაცია დამალული სტატისტიკის მიღმა
უკატეგორიოდ
1496 ნახვა
A+
A
A-

საქართველოში მომხდარი დანაშაულების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება და ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის რეალური სურათის დადგენა დღემდე პრობლემას წარმოადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზოგადოებას კრიმინალის სტატისტიკას სრულად აწვდიან, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა არ გაუარესებულა. თუმცა, რეალურად, სახელმწიფო უწყებების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის მეშვეობით ამის გადამოწმება შეუძლებელია.

ბოლო დროს ჩატარებული არაერთი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსახლეობაში გარკვეული ეჭვები არსებობს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი, კრიმინალის დონის ზრდას კატეგორიულად გამორიცხავენ და პირიქით, წინა პერიოდებთან შედარებით, გარკვეული დანაშაულებების (მაგალითად, ყაჩაღობების რაოდენობის) მკვეთრ შემცირებაზეც აპელირებენ.

რას ეყრდნობა ხელისუფლების განცხადებები? არსებობს თუ არა ოფიციალური მონაცემები, რომლებიც ხელისუფლების განცხადებების გადამოწმების საშუალებას იძლევა?

რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ სულ სამი სახის სტატისტიკა არსებობს. დღესდღეობით, სახელმწიფოს ოფიციალურად მხოლოდ ორი სახის სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება აქვს:

  1. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქსტატს ყოველთვიურად უნდა მიაწოდოს სისხლის სამართლის სტატისტიკა, რომელიც საქსტატმა სხვა უწყებების მიერ მიწოდებულ მონაცემებთან ერთად ყოველთვიურ ერთიან ანგარიშში უნდა გამოაქვეყნოს;
  2. შსს-მ საქსტატს კვარტალურად უნდა მიაწოდოს მონაცემები (მათ შორის მონაცემები რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ), რომელიც საქსტატის კვარტალურ ბიულეტენში უნდა გამოქვეყნდეს.

აქედან, 2016 წელს მხოლოდ ერთი სახის – ე. წ. კვარტალური სტატისტიკა გამოქვეყნდა. სტატისტიკის აღნიშნული სახეობები, გარდა პერიოდულობისა, ერთმანეთისგან შინაარსობრივადაც განსხვავებულია. რაც შეეხება მე-3 სახის სტატისტიკას, რომელსაც შსს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს, ეს ფაქტობრივად შსს-ს „კეთილ ნებას“ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი, მართალია პერიოდულობის დარღვევით, თუმცა გასულ წლებში ასე თუ ისე მაინც ქვეყნდებოდა, მაგრამ 2016 წლის იანვრის შემდეგ საერთოდ არ გამოქვეყნებულა.

საქსტატის მიერ გამოსაქვეყნებელი ორივე ტიპის სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულებას, მოცულობასა და პერიოდულობას საქართველოს მთავრობა, „სტატისტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული პროგრამით“, ყოველწლიურად ადგენს.

აღნიშნული პროგრამით, მთავრობამ არაერთხელ (201420152016 წლებში) დაადასტურა 2010 წელს ხუთ უწყებას (შსს, პროკურატურა, სასჯელაღსრულება, სასამართლო, საქსტატი) შორის დადებული მემორანდუმით აღებული ვალდებულება, რომელიც სისხლის სამართლის ერთიანი ანგარიშისთვის შსს-ს სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურად მიწოდებასა და გამოქვეყნებას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის N215-ე განკარგულება „სტატისტიკური სამუშაოების 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, დანართი 1:

image001

თუმცა, აღნიშნული ვალდებულება 2012 წლის იანვრის შემდეგ არ შესრულებულა – საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყოველთვიური ერთიანი ანგარიში მეორე თავიდან იწყება და მხოლოდ სხვა უწყებების მონაცემებს მოიცავს, ხოლო შსს-ს ინფორმაციისთვის განკუთვნილი პირველი თავი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, გამოტოვებულია.

სამთავრობო პროგრამით ასევე გათვალისწინებულია „სამართლებრივი სფეროს შესახებ“ კვარტალური სტატისტიკის გამოქვეყნებაც, სადაც სხვა სახის ინფორმაციასთან ერთად, შსს-ს მონაცემები რეგისტრირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით (დანაშაულების ძირითადი სახეების მიხედვით) უნდა იყოს  ასახული. სწორედ ამ სახის ინფორმაციას  შსს „დანაშაულის კვარტალურ სტატისტიკად“ მოიხსენიებს.

საქართველოს მთავრობის N215-ე განკარგულება „სტატისტიკური სამუშაოების 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, დანართი 1:

image003

თუმცა, კვარტალური სტატისტიკა საკმარის ინფორმაციას არ წარმოადგენს, რომელზე დაყრდნობითაც კრიმინოგენური სურათის დანახვა შესაძლებელი იქნებოდა, რადგანაც ის არ მოიცავს ინფორმაციას კონკრეტული დანაშაულების შესახებ. კერძოდ, ამ სტატისტიკით ვერ დავინახავთ კონკრეტულ კვარტალში ყაჩაღობის, მკვლელობისა თუ ქურდობის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა.

2016 წლის 16 დეკემბერს, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებული პოლიციის ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციად გადაქცევას გულისხმობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მომავალი წლის ბოლოსთვის სპეციალური ვებ-პორტალის შექმნა იგეგმება, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონებისა და რაიონების მიხედვით კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება გახდება შესაძლებელი. ხოლო, აღნიშნული პორტალის ამოქმედებამდე, შალვა ხუციშვილი შსს-ს ოფიციალურ გვერდზე სტატისტიკის ყოველთვიურად გამოქვეყნების პრაქტიკის გაგრძელებას დაგვპირდა.

ასევე, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, მინისტრის მოადგილე არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქსტატის გვერდზე შსს-ს ყოველთვიური სტატისტიკა 4 წლის განმავლობაში არ ქვეყნდებოდა. მან პირობა დადო, რომ აღნიშნულ საკითხს საქსტატთან გაარკვევდა.

ფაქტ-მეტრი დანაშაულის სტატისტიკის თითოეული სახის თაობაზე დეტალურ კვლევას გთავაზობთ:

 

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე (http://police.ge/ge/useful-information/statistics) დანაშაულის სტატისტიკას ორი სახით აქვეყნებდა: ა) მონაცემები შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიხედვით და ბ) ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემები (მასში შედის: შსს-ს, იუსტიციის, ფინანსთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებისა და უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების მონაცემები). დოკუმენტში მოცემულია როგორც კონკრეტულ პერიოდში (თვეების მიხედვით ცალ-ცალკე, ასევე რამდენიმე თვის ერთად) რეგისტრირებული დანაშაულების საერთო რაოდენობა და მათი გახსნის მაჩვენებელი, ასევე, დანაშაულები ცალკეული კატეგორიებისა და მუხლების მიხედვითაა ჩაშლილი.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული დანაშაულების წლიური (ისევე როგორც რამდენიმე თვის ერთად) სტატისტიკა კუმულატიურ მონაცემებს და არა ცალკეულ თვეებში რეგისტრირებული დანაშაულის არითმეტიკულ ჯამს ასახავს. თავის მხრივ, კუმულატიური სტატისტიკა საანგარიშო პერიოდში გარკვეული ცვლილებების (კვალიფიკაციის შეცვლა, ახალი დანაშაულის დამატება, დანაშაულის გახსნა, გამოძიების შეწყვეტა, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, საქმეების გაერთიანება/გამოყოფა/გადაგზავნა) გათვალისწინებით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელს ასახავს. მაგალითად, 2015 წლის იანვარში სულ რეგისტირებული 3 062 დანაშაული იყო, თებერვალში – 3 144, მარტში – 3 150. მათი არითმეტიკული ჯამი 9 356-ს უდრის, ხოლო იანვარ-მარტის კუმულატიური მონაცემების თანახმად, სულ 8 970 დანაშაულია რეგისტრირებული (386 დანაშაულით ნაკლები). ეს ნიშნავს, რომ 386-მა დანაშაულმა გარკვეული ცვლილებები განიცადა და იანვარ-მარტის პერიოდისათის სააღრიცხვო ობიექტს აღარ წარმოადგენს, თუმცა ჩვენთვის ამ ცვლილებების მიზეზები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნული სტატისტიკის სრულყოფილი სახით გამოქვეყნების შემთხვევაში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებოდა არა მხოლოდ რეგისტრირებულ დანაშაულთა ერთიანი რაოდენობა გაეგო (რაც კრიმინოგენური მდგომარეობის შესაფასებლად საკმარის ინსფორმაციას არ წარმოადგენს), არამედ კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებული ცვლილებები გაეანალიზებინა. ასევე, შეძლებდა ენახა, თუ რის ხარჯზე გაიზარდა ან შემცირდა დანაშაულთა საერთო რაოდენობა, გახსნის მაჩვენებელი და ა.შ.

სამწუხაროდ, პრობლემები შსს-ს სტატისტიკის სათანადო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში (მონაცემთა შეუსაბამობა, სტატისტიკის გამოუქვეყნებლობა) არსებობს, რამაც აღნიშნული სტატისტიკის მიმართ საზოგადოების ნაწილის უნდობლობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის აპრილში იანვარ-მარტის სტატისტიკა (ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემები) გამოაქვეყნა. აღნიშნულ სტატისტიკაში მხოლოდ რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა იყო მითითებული. შემდეგი სტატისტიკა 2013 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, რომელიც შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიხედვით რეგისტრირებულ დანაშაულთა 7 თვის მონაცემებს მოიცავდა. დანაშაულები კატეგორიების მიხედვით არც ამ შემთხვევაში იყო ჩაშლილი. 2013 წლის 7 თვის მონაცემებით, შსს-ს ტერიტორიულ დანაყოფებში სულ 16 590 დანაშაული ფიქსირდებოდა. ამის შემდეგ, 2014 წლის ივნისამდე, დანაშაულის სტატისტიკა საერთოდ არ გამოქვეყნებულა.

2014 წლის ივნისიდან დანაშაულის სტატისტიკის (მხოლოდ შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიხედვით) გამოქვეყნება შინაგან საქმეთა სამინისტროს „კეთილი ნებით“ კვლავ განახლდა. „ეს სტატისტიკა სრული ობიექტურობით ასახავს სურათს და ჩვენ დღეიდან გპირდებით,  ვიჩენთ რა კეთილ ნებას, სანდოობის მაღალი დონით მივაწვდით საზოგადოებას მაქსიმალურად ჩაშლილ სტატისტიკას, ყოველთვიური და წლიური შედარებებით. მე გპირდებით და მინისტრი გპირდებათ, რომ ასეთი რეალობა იქნება“, – განაცხადა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ლევან იზორიამ.

მართალია, სტატისტიკის გამოქვეყნება განახლდა, თუმცა ამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოების ნდობის დაბრუნება ბოლომდე ვერ შეძლო, რადგან სტატისტიკაში გარკვეული უზუსტობები შეინიშნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება ნეტგაზეთმა გაამახვილა. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-ივლისის (7 თვის) სტატისტიკაში, 2013 წლის იმავე პერიოდში ნაცვლად 16 590 დანაშაულისა (რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა), 18 170 დანაშაული იყო მითითებული. შესაბამისად, შსს-ს ორი ტიპის სტატისტიკას შორის, რომლებიც ერთი და იმავე პერიოდს ეხება, ცდომილება 1 580 დანაშაული იყო. სამინისტროს განმარტებით, ცდომილება დანაშულების დათვლის მეთოდოლოგიებს შორის სხვაობამ გამოიწვია (ძველი მეთოდოლოგიით უფრო ნაკლები დანაშაული რეგისტრირდებოდა). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალი მეთოდოლოგია 2013 წლიდან უკვე სრულყოფილად ამოქმედდა, შესაბამისად უცნობია, 2013 წლის 7 თვის მონაცემები ძველი მეთოდოლოგიით რატომ დათვალეს.

2015 წლის აპრილიდან შსს-მ არა მხოლოდ შსს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემების, არამედ ყველა უწყების მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო. თუმცა, აღნიშნული პრაქტიკა 2016 წლის იანვრის შემდეგ კვლავ შეწყდა და ამ დრომდე დანაშაულის სტატისტიკა შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 8 ნოემბერს ფაქტ-მეტრმა შსს-ს გამოუქვეყნებელი სტატისტიკის მოწოდების მოთხოვნით მიმართა, რაზეც 5 დეკემბერს ყველა საგამოძიებო უწყებაში რეგისტრირებულ დანაშაულთა იანვარ-სექტემბრის (თვეების მიხედვით) მონაცემები მიიღო. ფაქტ-მეტრი უახლოეს მომავალში აღნიშნულ მონაცემებს სათანადოდ დაამუშავებს და მკითხველს სრულ სურათს წარუდგენს.

შსს-ს ამ სახის სტატისტიკის საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება არ გააჩნია. თუმცა, საინტერესოა, საკითხის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიუხედავად არაერთი ზეპირი დაპირებისა, რატომ არ აქვეყნებს უწყება სტატისტიკას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სრულყოფილი სახით მართლაც არსებობს.

2016 წლის 16 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დანაშაულის სტატისტიკის არსებული მეთოდოლოგია გააცნო. აღნიშნულ შეხვერას ფაქტ-მეტრიც ესწრებოდა. შალვა ხუციშვილის განცხადებით, რადგან სტატისტიკის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ამიერიდან სამინისტრო მას გამოაქვეყნებს.

 

სისხლის სამართლის ერთიანი სტატისტიკა

2010 წლის 30 აპრილს, ხუთ უწყებას (შსს, იუსტიციის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო, სასჯელაღსრულება, საქსტატი) შორის „სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ“ მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც უწყებებმა საქსტატისთვის მემორანდუმით გათვალისწინებული მონაცემების ყოველთვიური მიწოდების, ხოლო საქსტატმა კი, აღნიშნული მონაცემების დამუშავებისა და ერთიანი ანგარიშის სახით ყოველთვიური გამოქვეყნების ვალდებულება აიღეს.

მემორანდუმის თანახმად, ერთიან ანგარიშში შსს ყოველთვიურად რეგისტრირებულ დანაშაულის სტატისტიკას დანაშაულთა კლასიფიკაციის სტანდარტული სქემის შესაბამისად წარმოადგენს. კერძოდ, მოცემული უნდა იყოს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობა, მათ შორის, ძალადობრივი დანაშაულები, განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულები. დანაშაულთა სახეობები წარმოდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის თავების შესაბამისად და ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულები ცალკეა გამოყოფილი. შსს აგრეთვე ინფორმაციას გამოძიების ისეთი ეტაპების შესახებაც წარადგენს, როგორიცაა დანაშაულზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტა და დანაშაულის გადაკვალიფიცირება. გარდა ამისა, ერთიან სტატისტიკაში შსს მხრიდან წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია დაზარალებული პირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ.

ერთიან ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები დადგენილი წესის შესაბამისად მხოლოდ 2010-2011 წლებში ქვეყნდებოდა, ხოლო 2012 წლის იანვრიდან დღემდე, შსს-ს სტატისტიკა არცერთ ყოველთვიურ ანგარიშში აღარ ასახულა.

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქსტატს წერილობით მივმართეთ და უწყებას კონკრეტული კითხვები დავუსვით:

  1. აწვდის თუ არა შსს საქსტატს მემორანდუმით განსაზღრულ მონაცემებს? თუ არ აწვდის, მაშინ როდიდან და რა მიზეზით შეწყდა ამ ინფორმაციის მიწოდება?
  2. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს მხრიდან ინფორმაციის მიწოდება ყოველთვიურად ხორციელდება, მაშინ რატომ არ აისახება ის ერთიან ანგარიშში?

აღნიშნულ კითხვებზე საქტატისგან „პასუხი“ მართალია დროულად მივიღეთ, თუმცა კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა.

საქსტატის პასუხში ვკითხულობთ: „თქვენი 2016 წლის 28 ნოემბრის N309 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ სტატისტიკურ სამუშაოთა 2016 წლის პროგრამის შესაბამისად, საქსტატი ახორციელებს სამართალდამცავი უწყებებიდან მიღებული სტატისტიკის მონაცემების გავრცელებას. მონაცემების მიწოდების ფორმატი და შინაარსი განისაზღვრება უშუალოდ ზემოაღნიშნული უწყებების მიერ. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს“.

ფაქტ-მეტრი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით წერილის შემსრულებელს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაცია არის ამომწურავი და ყველა კითხვაზე დეტალური პასუხია გაცემული. თუმცა, ჩვენს თხოვნაზე, მიეთითებინათ, მათი პასუხიდან  კონკრეტულად რომელი წინადადება რომელ კითხვას სცემდა ამომწურავ პასუხს, უარი მივიღეთ. მოგვიანებით, სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსმა გიორგი კალაკაშვილმა დაგვიზუსტა, რომ პასუხი საქსტატის პოზიციას წარმოადგენს, ყველა კითხვას დეტალურად გაეცა პასუხი და მათი მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მეტი დაზუსტება აღარ მოხდება.

ფაქტ-მეტრმა საქსტატის ერთიან ანგარიშში, შსს სტატისტიკის გამოუქვეყნებლობის მიზეზების გადამოწმების მიზნით, 2016 წლის 8 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. ჩვენ მათ კონკრეტული კითხვა დავუსვით:

„2012 წლის იანვრიდან სისხლის სამართლის ერთიან ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ არის ასახული (მემორანდუმის თანახმად, შსს ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ყოველთვიურად მიაწოდოს საქსტატს). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, ამ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მათთვის მონაცემები არ მიუწოდებია. რა არის ამის მიზეზი? რატომ აღარ აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო საქსტატს ინფორმაციას“?

აღნიშნულთან დაკაშირებით შსს-დან შემდეგი პასუხი მივიღეთ: „რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას, აღნიშნული ხორციელდება კვარტალურად“.

როგორც ჩანს, ისევე როგორც საქსტატი, შსს-ც მხოლოდ ზოგადი და კითხვასთან შეუსაბამო პასუხის გაცემით ცდილოს თავი აარიდოს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას. სწორედ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, როდესაც ოთარ კახიძის კითხვას, ყოველთვიური მონაცემების გამოუქვეყნებლობის მიზეზების შესახებ, გიორგი მღებრიშვილმა უპასუხა, რომ შსს კვარტალურ მონაცემებს აქვეყნებს.

2016 წლის 16 დეკემბერს შალვა ხუციშვილმა ფაქტ-მეტრს განუმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქსტატს როგორც ყოველთვიურად, ისე კვარტალურად უზგავნის მონაცემებს, რომელსაც შემდეგ საქსტატი აქვეყნებს. თუმცა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია საქსტატზე არ მოიძებნება, ჩვენი თხოვნით, მინისტრის მოადგილემ ჩვენივე თანდასწრებით გადაამოწმა საქსტატის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებული სისხლის სამართლის ერთიანი ანგარიშები და დარწმუნდა, რომ 2012 წლის იანვრიდან შსს-ს მონაცემები ასახული არ არის. ამის შემდეგ, მან პირობა დადო, რომ აღნიშნულ საკითხს საქსტატთან დააზუსტებდნენ.

 

დანაშაულის კვარტალური სტატისტიკა

„სტატისტიკური სამუშაოების 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 215-ე განკარგულება შსს-ს და მასთან ერთდ სხვა უწყებებს საქსტატისთვის არა მხოლოდ მემორანდუმით გათვალისწინებული სისხლის სამართლის სტატისტიკის მიწოდებას ავალდებულებს (ერთიანი ანგარიშისთვის), არამედ კვარტალური ინფორმაციის მიწოდებასაც, რომელიც „სამართლებრივი სფეროს შესახებ მონაცემების“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და რომელსაც საქსტატი კვარტალურ ბიულეტენში აქვეყნებს. სწორედ ამ ინფორმაციას მოიხსენიებს შსს „დანაშაულის  კვარტალურ სტატისტიკად“, რომელიც, ამავე განკარგულების თანახმად, შემდეგი სახის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

  • რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა ძირითადი სახეების მიხედვით;
  • მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა (მათ შორის გამოწვეული სიმთვრალით) და მათში დაზარალებულთა და დაღუპულთა რიცხოვნება;
  • ხანძრების რაოდენობა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ტრავმირებულთა რიცხოვნება;
  • ხანძრისგან განადგურებული შენობა-ნაგებობები და ხანძრების შედეგად დაღუპული მსხვილფეხა საქონელი;
  • ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილი დაშაული;
  • ოჯახურ ძალადობაში მონაწილე პირთა რაოდენობა, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენიბა;
  • დაზარალებულ პირთა სტატისტიკური მონაცემები სქესის, ასაკის, მოქალაქეობის მიხედვით.

აღნიშნული კვარტალური სტატისტიკა საქსტატის ვებგვერდზე, კალენდარშია განთავსებული, რომელიც სრულყოფილი სახით მხოლოდ 2015-2016 წლებში გამოქვეყნდა. 2013-2014 წლებში კი, მხოლოდ რამდენიმე სახის ინფორმაციას მოიცავდა, მაგალითად, რეგისტრირებულ ხანძრებსა და ავტოსაგზაო შემთხვევებს, ხოლო რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ ინფორმაცია მათში ასახული არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ მართალია შსს-მ ვებგვერდზე 2014 წლის ყველა საგამოძიებო უწყების ყოველთვიური მონაცემები მხოლოდ 2015 წელს გამოაქვეყნა, თუმცა, დღეს, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ამ მონაცემების სათანადო დამუშავების შედეგად 2014 წლის კვარტალური სტატისტიკა 2015 და 2016 წლების კვარტალურ მონაცემებს შეადარონ.

საქსრტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვარტალური სტატისტიკა ერთი მხრივ შსს-ს მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკისგან განსხვავდება (სადაც დანაშაულების კატეგორიები კონკრეტული მუხლების მიხედვით არის ჩაშლილი), ხოლო მეორე  მხრივ, განსხვავდება მემორანდუმით განსაზღვრული ყოველთვიური სტატისტიკისგან, რომელიც დეტალურ ინფორმაციას უნდა მოიცავდეს, რაც ვითარების სხვადასხვა ჭრილში დანახვის შესაძლებლობას იძლევა. კვარტალური სტატისტიკა არ იძლევა იმ სახის დეტალურ ინფორმაციას, რაც საკმარისი იქნებოდა სრულყოფილი სურათის დანახვისა და გარკვეული დასკვნების გაკეთებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის კვარტალური სტატისტიკით, თვეებისა და დანაშაულის მიხედვით სურათის დადგენა შეუძლებელია. შესაბამისად, მხოლოდ საქსტატზე არსებული კვარტალური მონაცემები შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკას ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო დეტალურ ინფორმაციას მოიცავს.

შესაბამისად, ცხადია, რომ კვარტალური ინფორმაციის გამოქვეყნებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება შესრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესაფასებლად საკმარისი არ არის. თუმცა, სხვა სახის მონაცემების არარსებობის პირობებში ზოგად სურათს მაინც იძლევა, რომლის მიხედვითაც აშკარაა, რომ 2016 წელს (9 თვის მონაცემებით), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია.

გააზიარეთ: