კრიმინალის დონე ქვეყანაში, ბოლო წლებია, მუდმივად ხდება განხილვის საგანი. ერთი მხრივ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკას ის გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები ამძაფრებს, [1] რომელთა გამოძიებაც დღემდე არაა დასრულებული და უამრავ კითხვას აჩენს, მეორე მხრივ კი - აღსანიშნავია მმართველი გუნდის განცხადებები. არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, შემდეგი შეფასება აქვს: „[კრიმინალი] სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გაზრდილია, ზოგგან კლებაა, ეს ჩვეულებრივი თემაა. ეს სულ მოხდება, ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა. სტატისტიკა… კრიმინალი… ხან იზრდება, ხან აკლდება, ჩვეულებრივი თემაა, გასაკვირი რა არის? “.

გომელაურისგან განსხვავებით, უფრო მკვეთრი პოზიცია აქვს მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომლის შეფასებითაც, კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა.

კრიმინალის დონე არის ის თემა, რომლის შესახებაც კითხვებს, წესით, სტატისტიკითა და შესაბამისი კკვლევებით უნდა ვპასუხობდეთ. საქართველოს შემთხვევაში, რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, სურათი რთულია და ვითარების შესაფასებლად, მხოლოდ არსებული სტატისტიკური მონაცემები საკმარისი არაა. ამ სტატიის მიზანია, მკითხველს კრიმინოგენური მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა შესთავაზოს.

თუ 2020 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკურ მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (იანვარი-ივნისი) შევადარებთ, ვნახავთ, რომ რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობა 16.8%-ით შემცირდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ ნახევარში 33 399 დანაშაული დარეგისტრირდა, ხოლო 2020 წელს, იმავე პერიოდში - 27 789. რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 1.22%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, თუ 2019 წლის იანვარ-ივნისში გახსნის მაჩვენებელი 31.06% იყო, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში, იმავე მაჩვენებელმა 32.28% შეადგინა. მიუხედავად ამისა, 2020 წლის ციფრების კონტექსტის გამორიცხვით, გასულ წელთან შედარება, არ შეიძლება, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, რიგ დანაშაულებზე შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა. შესაბამისად, სტატისტიკის უფრო სიღრმისეული მიმოხილვაა საჭირო.

დანაშაულის ცალკეული სახეობების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმეტეს შემთხვევაში რეგისტრირებული დანაშაულის კლება აღინიშნება, ზოგ შემთხვევაში კი - მატება. მაგალითად, უმნიშვნელოდ იკლო სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა საერთო რაოდენობამ (-3.18%). თუმცა, ამ სახეობის დანაშაულებში ისეთი მძიმე დანაშაული, როგორიცაა განზრახ მკვლელობა (+65%), მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირებულია (-16.07%). მიუხედავად ამისა, ამ სახეობის დანაშაულებში მკვეთრადაა მომატებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, კერძოდ, 117-ე მუხლის II-VIII ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები, 47.37%-ითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი 9.05%-ითაა შემცირებული. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პანდემიისას ოჯახში ძალადობის შემთხვევები გლობალურად გაიზარდა, საინტერესოა, რამ იქონია გავლენა საქართველოში მაჩვენებლის, თუნდაც მცირედით შემცირებაზე.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულებმა საერთო ჯამში მოიმატა (+6.8). ამ სახეობის დანაშაულებში განსაკუთრებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა (+16.95) და მუქარის შემთხვევებმა (+19.43) იმატა. ტრეფიკინგის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად, გლობალური პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს.

11%-ით შემცირდა სატრანსპორტო დანაშაული, რაც შესაძლოა, ასევე, პანდემიის გამო მარტიდან შექმნილი ვითარებით აიხსნას. მოგეხსენებათ, პირველ კვარტალში შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილების გარდა, გარკვეული პერიოდით, ზოგადად, მსუბუქი ავტომობილით მოძრაობაზეც გავრცელდა.

რაც შეეხება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ამ სახეობის დანაშაულებმა 20.93%-ით იკლო, ამ შემთხვევაშიც, კორონავირუსის პანდემიის გავლენის გამორიცხვა შეუძლებელია. შეგასენებთ, რომ კომენდანტის საათის დროს, ფაქტობრივად 9 საათის განმავლობაში, ადამიანებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებოდათ.

განსაკუთრებითაა შემცირებული ნარკოტიკებისა (-60.71) და ფსიქოტროპული საშუალებების (-90%) კონტრაბანდა, რაც, ასევე, გლობალური პანდემიის გამო, საერთაშორისო მიმოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს უნდა უკავშირდებოდეს.

დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, გასული წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მაჩვენებელი მხოლოდ 1.95%-ითაა გაზრდილი და 7.97%-ს შეადგენს. 6.56%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი. უმნიშვნელოდ, 1.13%-ითაა შემცირებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გახსნის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ამ სახეობის დანაშაულებში მკვეთრადაა (-18.14%) შემცირებული გაუპატიურების საქმეების გახსნის მაჩვენებელი. უმნიშვნელოდაა გაზრდილი (+0.56%) ნარკოტიკული დანაშაულისა და სატრანსპორტო დანაშაულების გახსნის (+1.15%) პროცენტული მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსები კრიმინოგენურ ვითარებაზე საუბრისას, ხშირად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავენ. ამ მიმართულებით განხილვისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის ზრდის ტენდენცია 2015 წლის შემდეგ არსებობს. განსაკუთრებით მკვეთრი მატება 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც რეგისტრირებული დანაშაულის პროცენტული, მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 53.94%-ით გაიზარდა, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი 18.6%-ით შემცირდა.

გრაფიკი 1: 2013-2019 წლებსა და 2020 წლის იანვარ-ივნისში მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა

ყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიუხედავად არსებული სტატისტიკური მონაცემებისა, სრულყოფილი პასუხის გაცემა კითხვაზე - რეალურად მკვეთრად დამძიმდა თუ, არა - კრიმინოგენური მდგომარეობა 2018 წლიდან, შეუძლებელია. აღნიშნული, ერთი მხრივ, 2018 წლამდე წარმოებული სტატისტიკის მიმართ უნდობლობითაა განპირობებული. უნდობლობის მიზეზი როგორც მმართველი გუნდის ქმედებები, ასევე უმოქმედობაა, რისი არაერთი მაგალითიც გვახსოვს. მეორე მხრივ, შსს-ს არგუმენტიც, რომ 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე გაუმჯობესებულმა აღრიცხვიანობამ და გაზრდილმა მიმართვიანობამ იმოქმედა, აუცილებლად არის მხედველობაში მისაღები.

2018 წლამდე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიმართ უნდობლობა არაერთმა გარემოებამ განაპირობა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის სტატისტიკა წლების განმავლობაში არასტაბილურად ქვეყნდებოდა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში, უწყების მიერ დანაშაულის ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემებიც კი ვრცელდებოდა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 2019 წელს, მისი წინამორბედი მინისტრების შესახებ საუბრისას აღნიშნა: „ალამაზებდნენ. [სტატისტიკას] მეთოდოლოგიის ცვლილება და პრინციპების ცვლილება უნდა დავარქვათ ამას“. მისივე თქმით, რეგისტრაციის ნაწილში, რთულად გახსნად დანაშაულებთან დაკავშირებით არსებობდა პრობლემა, რამდენადაც ასეთი დანაშაულების დაფარვა „ყოველთვის მეტი მოტივაციის საგანს წარმოადგენდა“.

რაც შეეხება შსს-ს არგუმენტს, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 2019 წელს განმარტა, რომ 2018 წელს გაზრდილი დანაშაულის გაზრდილი სტატისტიკა, ერთი მხრივ, დანაშაულის გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით იყო გამოწვეული, მეორე მხრივ კი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობითა და გაზრდილი მომართვიანობით. „რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც“,- განაცხადა მან.

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა, ერთი მხრივ, მართლაც, გაუმჯობესებულ აღრიცხვიანობაზეა დამოკიდებული. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2018 წლამდე სამინისტრო დანაშაულის „შელამაზებულ“ სტატისტიკას გვთავაზობდა, რა გარანტია გვაქვს, რომ ახლა ხდება სათანადოდ დანაშაულის რეგისტრაცია/სტატისტიკის გამოქვეყნება?

იმ შემთხვევაშიც, თუ დავუშვებთ, რომ 2018 წელს დანაშაულის მკვეთრი ზრდა შეცვლილი მეთოდოლოგიის „ბრალია“, ვერ დავასკვნით, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა საგანგაშო არაა. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ „შეულამაზებელი“ სტატისტიკის პირობებშიც კი, 2019 წელს, რეგისტრირებულმა დანაშაულმა 9.78%-ით იმატა.

საბოლოო ჯამში, გასული წლების კრიმინოგენური მდგომარეობის სრულყოფილი ანალიზის გაკეთება, „სტატისტიკის შელამაზების“ მავნე პრაქტიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია. გარდა ამისა, როგორც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა, ქვეყანაში დანაშაულის დონის სწორად შესაფასებლად მნიშვნელოვანია ე.წ. „დაფარული დანაშაულის” კვლევა, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ შეწყდა.

განვითარებულ ქვეყნებში ვიქტიმოლოგიური კვლევის მონაცემები სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ წარმოებული სტატისტიკის „შესავსებად“ გამოიყენება. კვლევისთვის მონაცემები მოქალაქეთა გამოკითხვით გროვდება. აღნიშნული კვლევის უპირატესობა ისაა, რომ მის საფუძველზე ქვეყანაში ვიქტიმიზაციის დონე განისაზღვრება, დგინდება მოსახლეობის გამოცდილება და დამოკიდებულება დანაშაულის, სასჯელისა და მართლმსაჯულების სისტემისადმი.

2010-2012 წლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ვიქტიმოლოგიური კვლევა ყოველწლიურად ტარდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ ამ სახის კვლევების წარმოება შეწყდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ვებ-პორტალი static.pol.ge, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონების და რაიონების მიხედვით, კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია უნდა მიგვეღო, დღემდე არ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ ვებ-პორტალის შექმნის ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს აიღო.

აქედან გამომდინარე, ციფრებზე დაყრდნობით კრიმინოგენურ ვითარებაზე ცალსახა დასკვნის გაკეთება, შეუძლებელია და ამის ორი მთავარი მიზეზია:

1. სხვადასხვა პერიოდები შეცვლილი მეთოდოლოგიის გამო ერთმანეთთან ვერ დარდება;

2. თავად სამინისტროს მაღალჩინოსნების, მათ შორის - მინისტრისა და მისი მოადგილის, განცხადებები სტატისტიკის შესაძლო შელამაზების შესახებ, ნდობას ამ სტატისტიკისადმი ამცირებს.

[1]მიმდინარე წელს გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მათზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

თეგები: