ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს, როგორც შარშან და შარშანწინ, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია წარმოადგენს. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა სახის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები შესრულდა ხულოს მუნიციპალიტეტებში 2016 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით და რა მოცულობის თანხა გაიხარჯა ამ სამუშაოებისთვის.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,2016-2017 წლებში სულ 116 ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდა, რისთვისაც მერიამ ჯამში 5 762 506 ლარი გადაიხადა. აქედან, 37 შემთხვევაში გამოცხადებული იყო გამარტივებული ელექტრონული და ელექტრონული ტენდერები (SPA), 2 684 984 ლარის ჯამური ღირებულების. დანარჩენი 3 077 522 ლარი აუქციონის გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებს (NAT) მოხმარდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ასევე დაბის ტერიტორიაზე განხორციელდა.

გრაფიკი 1: 2016-2017 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომელთა ჯამური ღირებულებაც 50 000 ლარს აღემატება

image001

წყარო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის გახარჯული თანხის ყველაზე დიდი წილი სოფლის კლუბების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მოდის. კლუბები სამ სოფელში - რიყეთში, ხიხაძირსა და ოქრუაშვილებში აშენდა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის გახარჯული მთლიანი თანხის 14.67% შეადგინა.

გრაფიკი 2: 2016-2017 წლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის გახარჯული თანხის შეფარდება მთლიან თანხასთან

Capture

წყარო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა მხოლოდ ორი ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის გაიხარჯა: მერიამ 239 000 ლარი - შპს „თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენთს“ექსკავატორ-დამტვირთველის, ხოლო 178 000 ლარი შპს „მოტორსს“ ავტოცისტერნის მიწოდებისთვის გადაუხადა. მიმდინარე პერიოდში განხორციელებული სხვა სახის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესახებ პასუხში არაფერია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ხულოს მერიამ მომსახურება 60-ზე მეტი კომპანიისგან შეისყიდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამურად 100 ათასზე მეტი ლარი გადახდილია მხოლოდ რამდენიმე კომპანიისთვის.

გრაფიკი 3: კომპანიები, რომლებსაც 2016 – 2018 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ჯამში 100 000 ლარი და მეტი გადაუხადა

3

წყარო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, სამ შემთხვევაში გაუგრძელდა შპს „ენერგოგზას“, რომელმაც ხელშეკრულებები 2016 წლის 2 სექტემბერს გააფორმა. კომპანიას ელექტროგაყვანილობის სამუშაოები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მთაში უნდა შეესრულებინა. სამივე ხელშეკრულების ვადა გაგრძელებულია. ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ იმავე ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზების გამო, შეწყდა ელექტრონული ტენდერი ბაკოში სპორტული მოედნის მშენელობაზე და შესყიდვა განხორციელდა განმეორებითი ტენდერით. ასევე, საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო ტენდერი შეწყდა გურძაულის სპორტული მოედნის მშენებლობაზე და ამ შემთხვევაშიც შესყიდვა განხორციელდა განმეორებით განხორციელებული ტენდერის საშუალებით. ორივე ობიექტზე, მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამუშაოები დასრულებულია. კიდევ ერთ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა შპს „შუქურას“, რომელსაც ღორჯომის წყალსადენის მოწყობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. აღნიშნული კომპანია 2 970 ლარით დაჯარიმდა. ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გეგმაში აღნიშნული ღონისძიებისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსები გამოყოფილი არ იყო არც 2017 წლის გეგმაში. თუმცა, ხულოს მერიის მიერ მოწოდებულ მონაცემებში მითითებულია, რომ კომპანიას ხელშეკრულება 2016 წლის ბოლოს შეუწყდა.გამოდის, რომ ღორჯომის წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები არც შარშან და არც მიმდინარე წელს არ განხორციელებულა. ჩვენ ამ საკითხის დასაზუსტებლად დავუკავშირდით ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მერიის წარმომადგენელს, თემურ ირემაძეს. მან ჩვენი ვარაუდი დაადასტურა და გვითხრა, რომ 2016 წლის დეკემბერში შეწყვეტილი პროგრამა დღემდე დასრულებული არ არის. მისივე თქმით, კომპანიას, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში, დარჩენილი ჰქონდა უმნიშვნელო რაოდენობის სამუშაოები, თუმცა, რადგან ვადაში ვერ ჩაეტია, მას შემსყიდველმა კონტრაქტი მაინც შეუწყვიტა. თემურ ირემაძემ განმარტა, რომ სამუშაოები ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალმა“ უნდა დაასრულოს, თუმცა ამ ეტაპზე ორგანიზაცია სხვა ლოკაციებზე მუშაობს და ღორჯომის წყლის სისტემისთვის ჯერ ვერ მოიცლის.

რაც შეეხება 2018 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ეს მონაცემები არ მოგვაწოდა არც მას შემდეგ, რაც ჩვენ პრესსამსახურს დავუკავშირდით და მოწოდებული არასრულყოფილი ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვეთ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი