ირაკლი კობახიძე: დაანგრიეს ბათუმის სტადიონი. ქალაქი, რომელსაც აქვს ასეთი საფეხბურთო ტრადიციები, წლების განმავლობაში დატოვეს სტადიონის გარეშე. რომ არა ჩვენს დროს დაინიციირებული და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტი, ბათუმს დღესაც არ ექნებოდა სტადიონი.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ბათუმის ცენტრალური სტადიონის ნაწილი ჯერ კიდევ 2002 წელს დაანგრიეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი, 2006 წელს, ქონება საერთოდ გასხვისდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორმა სასტუმრო „კემპინსკის“ მშენებლობა დაიწყო. მაშინდელი ხელისუფლება მოსახლეობას ახალი არენის აშენებას დაჰპირდა. თუმცა „ნაცმოძრაობამ“ ბათუმელებს პროექტი, რომელშიც 1 მლნ ლარი გადაიხადა, 2012 წელს წარუდგინა. მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილს სააკაშვილმა ობიექტის საძირკველში კაფსულა ჩადო კიდეც. იმავე წელს ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდა, რომელმაც პროექტის განხორციელების პროცესი შეაჩერა და სამი წლის განმავლობაში, სტადიონის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ დაპირების დონეზე ნარჩუნდებოდა. 2015 წლის ნოემბერში კი აჭარის მთავრობამ საზოგადოების წინაშე ახალი პროექტის პრეზენტაცია მოაწყო და პირობა დადო, რომ მშენებლობა 2016 წელს დაიწყებოდა, ხოლო 2018 წელს დასრულდებოდა. თუმცა პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო და ობიექტი 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა. სტადიონის მშენებლობაში 119 339 805 ლარია გადახდილი.
ამდენად, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სტადიონი მართლაც დაინგრა, თუმცა პრემიერი ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ 18-ათასიანი სტადიონის ტრიბუნების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 2002 წელს, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დაანგრიეს. განცხადების მეორე ნაწილში კი პრემიერი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ სტადიონის პროექტი შეიძინა და მშენებლობის დაწყებაც დაგეგმა. ამგვარად, პრემიერის განცხადება სიმართლის ნაწილს შეიცავს, თუმცა დანარჩენ ფაქტებს უგულებელყოფს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ანალიზი:
2024 წლის 22 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „დაანგრიეს ბათუმის სტადიონი. ქალაქი, რომელსაც აქვს ასეთი საფეხბურთო ტრადიციები, წლების განმავლობაში დატოვეს სტადიონის გარეშე. რომ არა ჩვენს დროს დაინიციირებული და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტი, ბათუმს დღესაც არ ექნებოდა სტადიონი“.
ბათუმის ცენტრალური სტადიონი თავდაპირველად 18 000 მაყურებელს იტევდა. 2002 წელს, ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში, ტრიბუნის ნაწილი დაანგრიეს, რადგან უხარისხოდ იყო აშენებული, გასახდელებში წყალი ჩადიოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2006 წელს, სტადიონი გაიყიდა და მის ადგილას სასტუმრო „კემპინსკის“ მშენებლობა დაიწყო.
ახალი სტადიონისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ პროექტი შეისყიდა და 2012 წელს საზოგადოებას მაკეტიც წარუდგინა. უფრო მეტიც, სააკაშვილმა, მომავალ ფეხბურთელებთან ერთად, საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულაც ჩადო. იმავე წელს არჩევნებით მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ არსებული პროექტი დაიწუნა. მას შემდეგ, სტადიონის მშენებლობის თემა ყოველ წელს აქტიურდებოდა, თუმცა მხოლოდ საუბრის დონეზე. ოპოზიციამ აჭარის მთავრობის დაპირებულ სტადიონს „მცოცავი სტადიონი“ შეარქვა, რადგან ობიექტის ასაშენებლად მოაზრებული ტერიტორია რამდენჯერმე შეიცვალა.
2015 წელს აჭარის მთავრობის იმჟამინდელმა მინისტრმა ახალი პროექტის პრეზენტაციაზე თქვა, რომ 2018 წლის ბოლოს ბათუმს ახალი სტადიონი ექნებოდა. 2015 წელს შეიქმნა შპს „სტადიონი“, რომელსაც პროექტის განხორციელება დაევალა (სინამდვილეში, აღნიშნული საწარმო 2012 წელს დაფუძნდა და დასაწყისში შპს Boulvard trading-ი ერქვა. მოგვიანებით, სახელწოდება შეიცვალა და ჯერ - შპს „სტადიონი“, ხოლო შემდეგ შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ეწოდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. კომპანია პასუხისმგებელია არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე. „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა, რომ ამ კომპანიის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში).
საბოლოოდ, პრეზენტაციაზე დადებული პირობაც არ შესრულდა. პროექტის განხორციელება 2018 წელს კი არ დასრულდა, არამედ მხოლოდ დაიწყო. ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე (მიწის ნაკვეთის ს/კ 05.27.05.027) 20000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, შპს „სტადიონმა“ 99 448 409 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ გააფორმა. ახალი სტადიონი 2020 წლის 27 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. პანდემიის გამო, ღონისძიებაზე დასწრება შეზღუდული იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები და ვეტერანი ფეხბურთელები მაინც მონაწილეობდნენ. საინტერესო დეტალია, რომ ახალი სტადიონის მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის მხოლოდ გახსნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2021 წლის მაისში გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულებაც გაიზარდა და შემსყიდველმა მიმწოდებელს 119 339 805 ლარი გადაუხადა.
ამდენად, ბათუმმა ახალი სტადიონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მერვე წელს მიიღო. აქედან გამომდინარე, განცხადების ის ნაწილი, რომ სტადიონი ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაინგრა, მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ნგრევის პროცესი ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის პერიოდში დაიწყო და 2006 წელს მთლიანად დაინგრა, ახალი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით. სხვათა შორის, ამ მიზნით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ბათუმის სასპორტო სკოლაც დაინგრა. ამ გადაწყვეტილებას არაერთი სპორტული გუნდი და კლუბი უარყოფითად შეხვდა. ახალი კომპლექსი კი დაპირებულ ვადაზე გაცილებით გვიან აშენდა. ასევე ბათუმს დღემდე არ აქვს ახალი საცურაო აუზი და ყინულის არენა. აქედან გამომდინარე, ცალსახად იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სტადიონი დაინგრა და რომ არა ახალი ხელისუფლება, ის არ აშენდებოდა, არასწორია, რადგან პროექტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდეც არსებობდა (თუმცა, სხვა ფორმით) და „ნაცმოძრაობა“ მშენებლობის დაწყებასაც გეგმავდა.
დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები ბათუმის ახალ სტადიონთან მიმართებით, გაეცანით „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1-სა და სტატია 2-ს.