ხელისუფლებამ სეტყვის საწინააღმდეგო აპარატი არ გამოიყენა
მეტწილად სიმართლე
1182 ნახვა
A+
A
A-

“ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, “წელს კახეთში დაახლოებით 30-მდე სოფელი დაისეტყვა. 2013 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად სეტყვის საწინააღმდეგო აპარატის შეძენა დაასახელა, რაშიც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. მას შეეძლო 95%-ით შეემსუბუქებინა სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი, თუმცა ამ წლებმა დაგვანახა, რომ დანადგარებს რეალურად არავინ იყენებს. ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებას აპარატის ჭურვები საკმარისი რაოდენობით არ აქვს, ის რაოდენობა კი, რაც აქვთ, გამოუსადეგარია. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ გუშინ [15 მაისს] 6 გასროლა მოხდა, თუმცა ამან ღრუბელი ვერ გაფანტა”.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის მაისიდან ამოქმედა. რეგიონის მასშტაბით, სულ 83 ერთეული ავტონომიური საცეცხლე-სარაკეტო დანადგარი განთავსდა. სისტემის დამონტაჟება სსიპ “დელტამ” განახორციელა, სამუშაოებზე ჯამში 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული სისტემის დახმარებით კახეთში სეტყვის შედეგად მიღებული ზარალი 80-90%-ით შემცირდებოდა. სსიპ “დელტას” ინფორმაციით, სისტემამ 2015 წელს წარმატებით იმუშავა და სეტყვის შესაძლო შემთხვევების 97% თავიდან იქნა აცილებული.

წელს, იმის გამო, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ ფუნქციონირებდა, კახეთის ათზე მეტი სოფელი დაისეტყვა და მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა. გაირკვა, რომ სისტემის უმოქმედობის მიზეზი ღრუბელის გასაფანტი სპეციალური რაკეტების არქონა იყო. გასულ წელს, რაკეტების შეძენა ბულგარეთსა და მაკედონიაში ხდებოდა, 2016 წელს კი სსიპ “დელტამ” ჭურვების წარმოება თავად გადაწყიტა, თუმცა თავდაცვის სამინისტროდან წარმოებისთვის საჭირო თანხის დაგვიანებით გამოყოფის გამო პროცესი შეფერხდა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით სამინისტროს წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, თუმცა პროცესის შეფერხების მიზეზი არ დაუსახელებიათ.

სსიპ “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, საქართველოში წარმოებული რაკეტის ფასი 150 ლარს შეადგენს, რაც რამდენჯერმე უფროა იაფია მის უცხოურ ანალოგთან შედარებით. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროდან თანხის გეგმის მიხედვით გადმორიცხვის შემთხვევაში, რაკეტების დამზადება დროულად მოხდებოდა და მოსალოდნელ სეტყვას თავდაცვითი სისტემა სრულ მზადყოფნაში შეხვდებოდა. 16 მაისს, თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აღნიშნული საკითხის შესწავლა დაევალა, რასაც ორი დღის შემდეგ სსიპ “დელტას” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. თავდაცვის სამინისტრო დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას მოკვლევის დასრულების შემდეგ გეგმავს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კი მუშაობა ნაწილობრივ 24 მაისს განაახლა.

აქვე, ინფორმაციისთვის, უნდა აღვნიშნოთ, რომ სამეცნიერო წრეებში არსებობს ეჭვები სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მოსაზრებით, მსგავსი სისტემა თანხისა და რესურსების ფუჭი ხარჯვაა, რადგან მას შესაბამისი ეფექტი არ აქვს. თუმცა, არსებობენ საწინააღმდეგო მოსაზრების მხარდამჭერებიც, რომლებსაც სისტემის ეფექტურობაში ეჭვი არ ეპარებათ. მომავალში, ფაქტ-მეტრი ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლას შეეცდება.

 

დასკვნა

მიმდინარე წლის გაზაფხულზე (24 მაისამდე) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენება პრაქტიკულად არ მომხდარა, ვინაიდან ღრუბელის გასაფანტი რაკეტების რაოდენობა საჭიროზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას სსიპ “დელტა” და თავდაცვის სამინისტრო ადასტურებენ. გიორგი ბოტკოველის მიერ დასახელებული მონაცემები, სისტემის განთავსების ხარჯებთან და ეფექტურობასთან დაკავშირებით, თითქმის სრულ თანხვედრაში მოდის ოფიციალურ ინფორმაციასთან. ბოტკოველი არაზუსტია, როდესაც სისტემის გაუმართაობას წარსული წლების მაგალითზე ასაბუთებს, ვინაიდან 2015 წელს სისტემა არაერთხელ იქნა გამოყენებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ბოტკოველის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

გააზიარეთ: