მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელს რეგიონში, მათ შორის ევროპაშიც, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება.

ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, აქვთ თუ არა ჩვენი რეგიონის ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან და ასევე მიმოიხილა, როგორი ტენდენციაა ვაჭრობის მხრივ საქართველოს და ჩინეთს შორის.

თავისუფალი ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის საბაჟო ტარიფების და რაოდენობრივი შეზღუდვების (ქვოტები) გარეშე ვაჭრობას ნიშნავს. საქართველოს მთავრობას ჩინეთთან სწორედ ასეთი ვაჭრობის რეჟიმის მიღწევა სურს და მოლაპარაკებების დაწყებისათვის მზად არის. თავისუფალი ვაჭრობა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის ზრდას და დივერსიფიცირებას, რაც ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. დღეისთვის, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, დსთ-ის ქვეყნებთან (გარდა რუსეთისა) და თურქეთთან.

ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის ქსელის ინფორმაციით,

ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობა აქვს ასეანის (ASEAN) ქვეყნებთან (ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მიანმა, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი, ვიეტნამი), ჰონგ კონგთან, სამხრეთ კორეასთან, პაკისტანთან, ჩილესთან, პერუსთან, კოსტა რიკასთან, ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, ისლანდიასთან და შვეიცარიასთან. თავისუფალი ვაჭრობის დამყარებაზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს არაბულ ქვეყნებთან (ბაჰრეინი, კუვეიტი, ომანი, ყატარი, საუდის არაბეთი და არაბთა ემირატები), იაპონიასთან, ნორვეგიასთან, შრი ლანკასთან და მალდივებთან. ჩინეთი მოლაპარაკებების დაწყებას განიხილავს ინდოეთთან, კოლუმბიასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან.

გამოდის, რომ ჩვენს რეგიონში ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობა მართლაც არ აქვს არცერთ ქვეყანასთან და თუ საქართველო მოლაპარაკებების ეტაპებს სწრაფად გაივლის, პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში. ევროპას რაც შეეხება, ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობა უკვე აქვს შვეიცარიასთან და ისლანდიასთან, ხოლო ნორვეგიასთან მოლაპარაკებების ეტაპზეა. ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს ევროკავშირთან და ეს არც განიხილება. საქართველოს პარალელურად ჩინეთი განიხილავს მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

2010

წლიდან ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტი სწრაფად იზრდება (გრაფიკი 1). თუ 2009 წელს ის 6 მლნ დოლარს შეადგენდა, 2014-ში 90.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

გრაფიკი 1:

საქართველოს ექსპორტი ჩინეთში, მლნ დოლარი

image001 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ასევე, სწრაფად იზრდება ჩინური პროდუქციის საქართველოში იმპორტი (გრაფიკი 2). 2009 წელთან შედარებით ის 2014-ში 4-ჯერ გაიზარდა.

გრაფიკი 2:

ჩინური პროდუქციის იმპორტი საქართველოში, მლნ დოლარი

image002 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015

წლის იანვარ-ივლისში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 421 მლნ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი ბრუნვის 7.6%-ია. შედეგად, ჩინეთი ვაჭრობის მოცულობით საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორია და მხოლოდ თურქეთს და აზერბაიჯანს ჩამორჩება.

იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში ძირითადად სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე (40 მლნ დოლარი) და ღვინოზე (3 მლნ დოლარი) მოდის. ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულ იმპორტში კი ყველაზე დიდი წილი გამომთვლელ მანქანებს, საოჯახო ტექნიკას და ავეჯს უჭირავს.

აღსანიშნავია, რომ ჩინური პროდუქცია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია და თუნდაც საბაჟო ტარიფების გავლით იოლად აღწევს ყველა ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის საქართველოშიც. მეორე მხრივ, ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ნიშნავს ქართული პროდუქციისთვის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის ბაზრის მნიშვნელოვნად გახსნას.

დასკვნა

მსოფლიო მასშტაბით, ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობა 21 ქვეყანასთან აქვს, ხოლო 10 ქვეყანასთან მოლაპარაკებების ეტაპზეა. ამ ქვეყნებიდან არცერთი არ არის საქართველოს რეგიონში შემავალი ქვეყანა. ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, თუმცა აქვს შვეიცარიასთან და ისლანდიასთან, ხოლო ნორვეგიასთან მოლაპარაკებების ეტაპზეა.

საქართველოს და ჩინეთს შორის ვაჭრობას სწრაფად მზარდი ტენდენცია აქვს, რის შედეგადაც, ჩინეთი ვაჭრობის სიდიდით საქართველოს რიგით მესამე პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება საქართველოს ექსპორტის მოცულობის ზრდაში დაეხმარება, იმპორტზე კი ნაკლებ გავლენას იქონიებს, რადგან ჩინური საქონელი სატარიფო ბარიერების პირობებშიც მაღალ კონკურენტუნარიანია და ამასთან, საქართველოს ზოგადად ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი აქვს, საბაჟო ტარიფი 0%-დან 12%-მდეა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი