შიდა ქართლი, გორი
გორის მერიას ტრანსპორტის განყოფილება აქვს, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავს, შესაბამისად, ამ სამსახურის არსებობა რესურსების ფლანგვაა
ვერდიქტის გარეშე
636 ნახვა
A+
A
A-

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ლია ჩლაჩიძემ განაცხადა: „ჩვენ [გორის მერიას] გვაქვს ტრანსპორტის განყოფილება, მაგრამ არ გვყავს მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს არაფრით არ შეიძლება“.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი თავად ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელს, არჩილ განჯელაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი ნამდვილად არ ჰყავს და ჯერ არც შემოყვანა განიხილება. „რაც შეეხება განყოფილების საქმიანობას, ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია მუნიციპალური ტრანსპორტის ზედამხედველობა კი არის, მაგრამ იქ არის კიდევ სხვა ფუნქციები: საგზაო მოძრაობის რეგულირება, საგზაო ნიშნების პროექტების შექმნა, დახაზვები და კიდევ სხვადასხვა ფუნქცია. შესაბამისად, განყოფილების არსებობა  გაუმართლებელი არ არის“.

ქალაქ გორის მოსახლეობას ორი კერძო სატრანსპორტო კომპანია – შპს „გორიტრანსი“ და შპს „დუდუ +“ ემსახურება. ამ კომპანიების ოპერირებას მუნიციპალიტეტი არ არეგულირებს.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ გორის მერია 9 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება. აქედან ერთ-ერთი „ეკონომიკური განვითარების სამსახურია“, რომლის ერთ-ერთ ქვედანაყოფს „ტრანსპორტისა და გარე რეკლამის განყოფილება“ წარმოადგენს. ამ სამსახურის ფუნქციებში შედის:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დაგეგმარება, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენა;

ბ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ტენდერების მომზადება და ნებართვის გაცემა;

გ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების პროექტების შემუშავება და მიღება;

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, დგომის/გაჩერების რეგულირება და შესაბამისი მონიტორინგი;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების დარეგისტრირება, შესაბამის სამინისტროებთან და სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობა.

2014 წლის 2 აგვისტოს N8 განკარგულებით, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხას ამტკიცებდა, ეკონომიკური განვითარების სამსახურში მთლიანად 21, ხოლო უშუალოდ ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილებაში 4 თანამშრომელი მუშაობდა. ზემოხსენებულ განკარგულებაში ცვლილება კიდევ რამდენჯერმე შევიდა და უკანასკნელი ცვლილებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ყველა ქვედანაყოფში მთლიანად 17, ხოლო უშუალოდ ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილებაში 3 თანამშრომელი მუშაობს.

რაც შეეხება ქალაქ გორის მერიის ბიუჯეტიდან ამ განყოფილებისთვის გამოყოფილ თანხას, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ „ტრანსპორტის განყოფილებას ცალკე  ბიუჯეტი არ აქვს. მერიის მთლიანი ბიუჯეტიდან ამ განყოფილებას მხოლოდ თანამშრომლების ხელფასებისა და პრემია-დანამატებისთვის გამოყოფილი თანხა ხმარდება“. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზემოხსენებული განყოფილებისთვის 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 26 ივნისის ჩათვლით, ხელფასებისა და პრემია-დანამატების სახით ბიუჯეტიდან სულ 88 010 ლარი გაიცა.

რაც შეეხება ტრანსპორტის განყოფილების საქმიანობას, მერიის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის სამსახურში აცხადებენ, რომ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების გადახედვა განყოფილების შექმნის შემდეგ, 2015 წლიდან დაიწყო.

არჩილ განჯელაშვილის თქმით, 2015 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები შეიცვალა და ახალი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების გაკეთება გახდა საჭირო. „მაშინ სამუშაოები შპს „გზაჯვარედინმა“ ჩაატარა და 300-მდე საგზაო ნიშანი დამონტაჟდა“.

გორის მერიის ინფორმაციით, საგზაო ნიშნების დამონტაჟების პროცესი 2016 წელსაც გაგრძელდა. „ეკონომიკური განვითარების სამსახურმა, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით მოამზადა პროექტი, სადაც მთელი ქალაქის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულ და დასამონტაჟებელი ნიშნები იყო დათვლილი. შემდეგ აირჩა ის უბნები, სადაც ახალი ნიშნები უნდა გაკეთებულიყო და საბოლოოდ კიდევ 300 ნიშანი დამონტაჟდა“.

რაც შეეხება საგზაო მონიშვნებს, 2016 წლის სექტემბერში გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ასფალტის საფარის დახაზვის ტენდერში შპს „ჰორიზონტმა“ გაიმარჯვა და 13 ოქტომბერს სამუშაოების შესრულების ვალდებულებაც აიღო, თუმცა კომპანიის მიერ დახაზული მონიშვნები ორი თვის შემდეგ წაიშალა, რისთვისაც მას ჯარიმა და  სამუშაოების ხელახლა ჩატარების ვალდებულება დაეკისრა, რისი შესრულებაც კომპანიამ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.

გორის მერიის ეკონომიკურ სამსახურში აცხადებენ, რომ საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების სამუშაოები ცენტრალურ უბნებში მთლიანად გაკეთებულია.

რაც შეეხება პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ქალაქ გორში პარკირების საკითხები მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 მარტის დადგენილებით რეგულირდება და კონტროლს გორის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „გორის სერვისჯგუფი“ ახორციელებს.

 

დასკვნა

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს დადგენილებით, გორის მერიის „ტრანსპორტისა და გარე რეკლამის განყოფილების“ ერთ-ერთი ფუნქცია მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებაა.
ლია ჩლაჩიძის თქმით, მერიას მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავს და განყოფილების არსებობაც გაუმართლებელია. ქალაქს რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავს, თავად „ტრანსპორტისა და გარე რეკლამის განყოფილების“ ხელმძღვანელი არჩილ განჯელაშვილიც ადასტურებს, მაგრამ მისი თქმით, ვინაიდან მათ საქმიანობაში სხვა ფუნქციებიც შედის, განყოფილების არსებობა გაუმართლებელი არ არის. როგორც ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, ამ სამსახურის ფუნქციებში ნამდვილად შედის სხვა საკითხებიც, მაგალითად, პარკირება, საგზაო ნიშნების დამონტაჟება, მონიშვნების გაკეთება და ა.შ. მიუხედავად ამისა, ცალსახად რთულია იმის თქმა, უნდა არსებობდეს თუ არა აღნიშნული სამსახური.

ამდენად, ფაქტ-მეტრი ლია ჩლაჩიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

გააზიარეთ: