გაზეთი ფაქტ-მეტრი
ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხზე ხელისუფლების პოზიცია ისევ გაურკვეველია
უკატეგორიოდ
1164 ნახვა
A+
A
A-

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას მუსლიმი თემი 1990 წლიდან ითხოვს, თუმცა მუდმივად წინააღმდეგობას აწყდება. ადგილობრივ მუსლიმებს სურთ, ჰქონდეთ საკმარისი სალოცავი სივრცე და რელიგიურ დღესასწაულებზე ლოცვის აღვლენა ღია ცის ქვეშ არ უწევდეთ. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დღის წესრიგში 2008 წლიდან დადგა. 2012 წელს კი, მეჩეთის ასაშნებლად შესაფერისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხელისუფლება მთელი ამ ხნის განმავლობაში ან დუმს, ან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. მუსლიმებმა ცოტა ხნის წინ ახალი მეჩეთისთვის მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს, თუმცა ხელსუფლებისგან მხარდაჭერას ისევ ელიან.

არაერთგვაროვანია საკითხის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც. მისი ნაწილი ახალი მეჩეთის აშენებაში თურქული ექსპანსიის საფრთხეს ხედავს. ასეთ შეხედულებებს ზოგჯერ, განსაკუთრებით არჩევნების წინ, პოლიტიკოსებიც გამოხატავენ.

რამდენად რეალურია არსებული საფრთხე, რა ბარიერები არსებობს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით და რატომ არ აფიქსირებს კონკრეტულ პოზიციას ამ საკითხთან მიმართებით არც ცენტრალური ხელისუფლება და არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, გაუგებარია. ფაქტია, რომ დღემდე ეს თემა განსჯის საგანია და დროდადრო განსაკუთრებით აქტიურდება.

მიმდინარე წლის დასაწყისში „ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“ შეიქმნა, რომელმაც განაცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობაში მხარდაჭერის მოთხოვნას, 12 000-ზე მეტი ხელმოწერით, საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებას გაუგზავნიდა. მუსლიმმა თემმა ეს დაპირება შეასრულა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია. სექტემბერში საინიციატივო ჯგუფმა საზოგადოებას აუწყა, რომ შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომელიც ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის ქუჩის #49-ში მდებარეობს და ხელისუფლებას კვლავ მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართა. ამ მხარდაჭერას და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას ქართველი მუსლიმები დღემდე უშედეგოდ ელოდებიან.

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ამ ბოლო დროს არავითარი კომუნიკაცია არ შემდგარა. მუსლიმი თემი, ტარიელ ნაკაიძის თქმით, მეჩეთის პროექტს ელოდება და როგორც კი ის მზად იქნება, მშენებლობა დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ თემმა მიწა უკვე შეიძინა, ის ხელისუფლებისგან ტერიტორიის გადაცემას მაინც ითხოვს, რადგან თვლის, რომ ამის კანონიერი უფლება გააჩნია. ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს, რათა ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ხელი არ შეეშალოს. „ახალი მეჩეთი კიდევ ერთი საკულტო ნაგებობა არ არის, მას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  ჩვენ არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, რომ პოზიცია დავთმოთ. ვიმუშავებთ, რომ დისკრიმინაციული მიდგომა აღმოვფხვრათ არა მხოლოდ მუსლიმი, არამედ ყველა რელიგიის მიმართ“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ. მან ასევე დააფიქსირა თავისი მოსაზრება ქვეყნის სეკულარული მოწყობის თაობაზე და აღნიშნა, რომ რელიგიისა და სახელმწიფო ხელისუფლების გამიჯვნას უჭერს მხარს.

ფაქტ-მეტრმა სცადა, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძისგანაც მიეღო. მისმა პრესსამსახურმა გვითხრა, რომ მთავრობის მეთაური მის დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესებით იყო დაკავებული და ერთი კვირა მაინც, კომენტარს ვერ გააკეთებდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მას კითხვები გავუგზავნეთ და ვთხოვეთ, პასუხები ელექტრონული ფორმით მოეწოდებინა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხოდ დაგვტოვა, მისმა პრესმდივანმა კი ერთი კვირის შემდეგ გვიპასუხა, რომ პატარაძე ახლად დანიშნულია და ჯერ კომენტარს ვერ გააკეთებს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დღიდანვე იცნობს. ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა: „ზოგადად, არც მეჩეთის მშენებლობაზე და არც სხვა ტიპის სალოცავების მშენებლობის გამო საქართველოში ხმაური არასდროს ყოფილა. ის, რაც ბათუმში მოხდა, იყო გამოწვეული ხელისუფლების მხრიდან, თითქოს ქართველებს ტოლერანტობა გვაკლია და ველურები ვართ“. ამ განცხადებამდე ბათუმში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობის ნაწილი ზოგადად ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებოდა, ნაწილი კი კონკრეტულად სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობას. ამ მეორე ჯგუფში მუსლიმი თემის წარმომადგენლებიც იყვნენ. ისინი თვლიდნენ, რომ მეჩეთი უნდა აშენებულიყო, მაგრამ არა აზიზიეს სახელობის. მათთვის დამპყრობლის სახელის ამ მიზნით გამოყენება კატეგორიულად მიუღებელი იყო. საზოგადოების ნაწილს არ მოსწონდა საქართველოსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმებაც, რომელიც ნაცვალგების პრინციპს ეფუძნებოდა და ბათუმში მეჩეთის აშენების სანაცვლოდ, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ქართულ მონასტერს რესტავრაცია ჩაუტარდებოდა. ამ შეთანხმებას საქართველოს საპატრიარქოც ეწინააღმდეგებოდა. ხელისუფლება კი ცალსახად ადასტურებდა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი გადაწყვეტილი იყო. არსებობდა შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ არსებული მეჩეთი გაეფართოვებინათ. მოგვიანებით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და კვლავ ახალი მეჩეთის აშენების თემა გააქტიურდა.

მიუხედავად ამისა, მუსლიმი თემის მოთხოვნა დღემდე არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლებამ თავისი გაურკვეველი პოზიციით შექმნა საფუძველი, რომ მუსლიმ თემს მეჩეთის ასაშენებლად საჭირო მიწა შემოწირული ფულით ეყიდა. ფაქტ-მეტრთან საუბარში ერთ-ერთმა მუსლიმმა ქართველმა აღნიშნა, რომ ერჩივნა, ეს ქართულ სახელმწიფოს გაეკეთებინა და ამით საქართველოს განსხვავებული რელიგიის მქონე მოქალაქეებისა და ქრისტიანების მიმართ თანასწორი დამოკიდებულება გამოეხატა. როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას იზიარებდა 2014 წელს შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც აცხადებდა, რომ ახალი მეჩეთი ქართულ სახელმწიფოს ქართული ფულით უნდა აეშენებინა. ხელისუფლებამ  ვერც ამჯერად შეძლო დანაპირების შესრულება და საკითხი კვლავ ღიად დარჩა.

იმავე წელს მუსლიმმა თემმა ხელისუფლებისგან შენობების გადაცემა მოითხოვა, რომლებშიც სასწავლებელსა და რეზიდენციას განათავსებდა. მათი სურვილი იყო, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ღირსეულად მიეღოთ და ეჩვენებინათ, რომ ამ ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიაა და ყველა რელიგიის მიმართ სახელმწიფო თანასწორ პოლიტიკას ახორციელებს. რაც შეეხება სასწავლებელს, მისი დანიშნულება ის იქნებოდა, რომ ხარისხიანი რელიგიური განათლება მუსლიმ ახალგაზრდებს თავიანთ სამშობლოში მიეღოთ და ამისთვის უცხოეთში გამგზავრება აუცილებელი არ ყოფილიყო. მოგვიანებით, ხელისუფლებამ თემს ასეთი ფართი გამოუყო.

აჭარის კულტურულ ძეგლთა დაცვის სამმართველომ 800 000 ლარად შეისყიდა პროექტი, რომლის განხორციელებაც, თემის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელს გახდის, მეჩეთს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს, მოიშალოს შენობის ერთ მხარეს კომერციული დანიშნულებით გამოყენებული ფართები, მოიხსნას ტიხრები, გაკეთდეს კიბე, რომელიც ძირითად სალოცავ სივრცეს მეორე სართულთან შეაერთებს, შიდა ეზოს თავზე კი მოძრავი სახურავი დამონტაჟდეს, რომელიც წვიმის დროს გადაეფარება. ამით სალოცავი სივრცე გაიზრდება და გაერთიანდება. ბუნებრივია, ეს ახალი მეჩეთის აშენების საკითხს არ მოხსნის, მხოლოდ უკვე არსებულის რაციონალურად გამოყენებასა და მლოცველთათვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნას გულისხმობს.

ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიციას (ან პოზიციის უქონლობას) როგორც ადგილობრივი მუსლიმები, ისე მართლმადიდებლების ნაწილი კრიტიკულად აფასებენ. ჩვენთან საუბრებში ისინი აღნიშნავენ, რომ თუ ხელისუფლება დროს გაწელავს და მუსლიმი თემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ამით სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას გამოიწვევს.

გააზიარეთ: