აჭარა, ბათუმი
ბათუმის სტადიონის მშენებლობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეაჩერა
სიმართლე
1394 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ეთერში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: “ბათუმის სტადიონისთვის 2012 წელს 2 მლნ ლარი იყო ბიუჯეტში, 1 მლნ 100 ათასი გახარჯული იყო, 900 ათასი უკან დააბრუნეს და საერთოდ შეაჩერეს პროექტი”.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2012 წლის სექტემბერში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა. ბათუმს წელიწადნახევარში ახალი სტადიონი უნდა ჰქონოდა. იმდროინდელმა ხელისუფლებამ სტადიონის პროექტში 1 მლნ ლარი გადაიხადა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ სტადიონის მშენებლობის პროექტი შეაჩერა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, სტადიონის ღირებულება 35 მლნ აშშ დოლარი იქნებოდა და 35 ათას მაყურებელს დაიტევდა. მისივე აზრით, პროექტი ახალმა ხელისუფლებამ სიძვირის გამო დაიწუნა.

სტადიონის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში ხელახლა 2015 წელს დადგა. აჭარის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობა თორმეტმა კომპანიამ მიიღო, გამარჯვებული კი ესპანური კომპანია Iberproex engineering & project management გახდა.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, ესპანურ მხარეს 50 დღიან ვადაში უნდა წარედგინა საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური დასკვნა, რაც არ მომხდარა. ამ და სხვა პირობების დარღვევის გამო, აჭარის მთავრობამ ხელშეკრულება გააუქმა და პირგასამტეხელოს სახით კომპანიისთვის 12.5 ათასი ლარის დაკისრება განიზრახა. თავის მხრივ, ესპანური კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნული ქმედება კანონის უხეშ დარღვევად და სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლად შეაფასეს.

მოგვიანებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი ხელახლა გამოაცხადა და ახალი პროექტის შერჩევა გადაწყვიტა.

2015 წლის ნოემბრის ბოლოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ საზოგადოებას 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის ავტორი თურქული კომპანია BAHADIR KUL ARCHITECTS იყო. ამავე დღეს, ბალაძემ სტადიონის მშენებლობის გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მშენებლობის  პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 12.9 მლნ ლარი გამოიყო. საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური სტადიონის ასაშენებლად ჯამში 36.5 მლნ ლარია განსაზღვრული. ფაქტ-მეტრთან საუბარში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნუგზარ ძნელაძემ განაცხადა, რომ თურქული საპროექტო კომპანია ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა, მის მიერ წარმოდგენილი პროექტი კი სრულად აკმაყოფილებს UEFA-ს სტანდარტებს. პროექტი დადებითად შეაფასეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც.

სტადიონის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს “სტადიონი” შექმნა და მას პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტი კრიტიკულად შეაფასეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა. მათი თქმით, შპს-ის შექმნა კორუფციისა და სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურების რისკს ზრდის.

ამ ეტაპზე დარჩენილია სამშენებლო საზედამხედველო კომპანიის გამოვლენა, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადდა. სტადიონის მშენებლობა კი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

 

დასკვნა

ბათუმის ახალი სტადიონის პირველი პროექტი “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს შეიმუშავა და ასაშენებელი ადგილიც განსაზღვრა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ უკვე მომზადებული პროექტი მიუღებლად მიიჩნია და 2015 წელს ხელშეკრულება ესპანურ საპროექტო კომპანიასთან გააფორმა, რომელიც მალევე გააუქმა და არჩევანი თურქული კომპანიის პროექტზე შეაჩერა.

“ნაციონალური მოძრაობა” 35 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობას აპირებდა, რაც 35 მლნ აშშ დოლარი დაჯდებოდა. ამჟამინდელი პროექტით კი, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 36.5 მლნ ლარია.

სტადიონის მშენებლობა დროში მართლაც გაიწელა და თავდაპირველად დაანონსებულ ვადებში ვერ მოექცა. სტადიონის ახალი პროექტი უკვე მომზადებულია, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დაწყებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ვარშალომიძის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: