აჭარა, ბათუმი
ბათუმის მერი დაგვპირდა, რომ ზაფხულში ქალაქს ელექტროავტობუსები ეყოლებოდა, თუმცა პირობა არ შეასრულა
სიმართლე
2425 ნახვა
A+
A
A-

გიორგი კირთაძემ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა და ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, განაცხადა: “ქალაქის მერი დარწმუნებული იყო, რომ შემოიყვანდა ელექტროავტობუსებს. ის ასახელებდა კონკრეტულ თარიღს, არა უგვიანეს ზაფხულისა. ამბობდა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთანაც (EBRD) ყველაფერი მოგვარებულიაო. თუ ეს არ იყო წინასაარჩევნო ცრუ დაპირება, სადაა ეს ავტობუსები”? კირთაძემ ასევე აღნიშნა, რომ მან ეს ინფორმაცია EBRD-თან პირადად გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულება ამ დრომდე გაფორმებული არ არის.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერმაკოვი აჭარის ტელევიზიის გადაცემაში – “პირისპირ” (18.11.2015) სტუმრობისას საზოგადოებას დაპირდა: “უკვე გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ მომდევნო წლის ზაფხულისთვის, შეიძლება მანამდეც, უფრო ადრეც, პროცედურები როგორც მოგვცემს საშუალებას, ბათუმს ეყოლება დაახლოებით 20 ერთეული ადაპტირებული ტრანსპორტი, რომელიც იქნება ელექტროტრანსპორტი”. ამავე განცხადებაში მან თქვა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმება მიღწეულია.

თუმცა, როგორც ენმ-ის მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ ქალაქ ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, არჩილ ვანაძემ განაცხადა, მერს იმ გადაცემაში ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

მიმდინარე წლის აპრილში ელექტროავტობუსების ჩამოყვანის თემამ მედიაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა – შპს “ბათუმის ტრანსპორტის” დირექტორმა პაატა დუმბაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა EBRD-ის დასკვნას ელოდება, რომლის საფუძველზეც გადაწყდება, ქალაქის სატრანსპორტო ქსელი ელექტროავტობუსებით თუ “ევრო 5″ დიზელზე მომუშავე ავტობუსებით დაკომპლექტდება. მისივე თქმით, ახალი ტრანსპორტი შშმ პირებზე იქნება ადაპტირებული, იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით და როგორც ტექნიკურად, ისე ფინანსურად ყველაფერი გათვლილი იქნება. ამჯერად, ახალი ტექნიკის შემოყვანის სხვა თარიღი დასახელდა – პაატა დუმბაძე ამბობდა, რომ ახალი ავტობუსები ქალაქს წლის ბოლოს ეყოლება.

ფაქტ-მეტრის კითხვას, რა ეტაპზეა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და დაწყებულია თუ არა ელექტროავტობუსებისთვის სპეციალურად აღჭურვილი პარკირების მოწყობა, პაატა დუმბაძემ უპასუხა, რომ ასეთი სამუშაოები არ ხორციელდება და ჯერ მხოლოდ EBRD-თან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. მან უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რადგან, მისივე თქმით, მოლაპარაკებები კონფიდენციალურია.

გიორგი კირთაძის თქმით, მან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან პირადად მოიპოვა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერიასთან ამ საკითხზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. ფაქტ-მეტრი გიორგი კირთაძის განცხადების ამ ნაწილის გადასამოწმებლად EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა. ბანკის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ბანკის წესებიდან გამომდინარე როგორც ბათუმის მერიასთან შეთანხმების ფაქტს, ასევე გიორგი კირთაძესთან საუბარს ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.

 

დასკვნა

როგორც გიორგი კირთაძე ამბობს, მერმა ბათუმის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ 2016 წელს, არაუგვიანეს ზაფხულისა, ბათუმში ელექტროავტობუსებს შემოიყვანდა. მოპოვებული ინფორმაციით, კირთაძის განცხადების პირველი ნაწილი დადასტურდა – 2015 წლის 18 ნოემბერს გიორგი ერმაკოვი, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის ტელევიზიაში სტუმრობისას მოსახლეობას მართლაც აძლევდა პირობას, რომ ბათუმში 2016 წლის ზაფხულში 20 ახალ, ადაპტირებულ ელექტროტრანსპორტს შემოიყვანდა. ფაქტია, რომ დღემდე ტრანსპორტი შემოყვანილი არ არის და, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდეც ეს ვეღარ მოესწრება. სიმართლეა ისიც, რომ ხელშეკრულება ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ამ დრომდე არ გაფორმებულა.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: