ბოლო სამ წელში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ 1 431 ლარითაა გაზრდილი, ხოლო აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხარჯი გაზრდილია 104 403-ით
სიმართლე
1212 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ საქართველოს პარლამენტს საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის მიმართ შენიშვნები გამოთქვა “დევნილთა პარტიამ”. პარტიის განცხადებით, “აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა უსინდისოდ ტყუის, როდესაც სამინისტროების გაუქმების ხარჯზე თანხების გამოთავისუფლებაზე და ამ თანხების სამედიცინო და სოციალური პრობლემებისკენ მიმართვაზე საუბრობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ 1 431 ლარითაა გაზრდილი, ხოლო აფხაზეთის მთავრობის ხარჯი გაზრდილია 104 403 ლარით. 415 ათასი ლარის ნაცვლად გამოთავისუფლებულია 622 ათასი ლარი და მიმართულია ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდისა და ხელმძღვანელი პირების ხელფასებისკენ”.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2015 წელს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 13.4 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 7.8 მილიონი შრომის ანაზღაურების, ხოლო 2.5 მილიონი საქონლისა და მომსახურების შეძენისთვის იყო გამოყოფილი. 2013 წელს აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის ხარჯები 12.6 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2013-2015 წლების განმავლობაში აფხაზეთის მთავრობის საბიუჯეტო ხარჯები 807 ათასი ლარით გაიზარდა.

 

ცხრილი 1: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები (2013-2015 წლები)

  2013 2014 2015 ცვლილება
2013-2015
ხარჯები 12 629 435 13 438 323 13 436 801 807 366
მომუშავეთა რიცხოვნობა 684 783 633 -51
შრომის ანაზღაურება 8 372 755 7 859 155 7 750 580 -622 175
საქონელი და მომსახურება 1 937 169 2 603 748 2 513 775 576 606

წყარო: აფხაზეთის ა/რ 2015 წლის ბიუჯეტი

 

მიმდინარე წელს, მთლიანობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდგომში ა/რ) ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ხარჯი 2013 წელთან შედარებით 622 ათასი ლარით, ხოლო 2014 წელთან შედარებით 108.6 ათასი ლარით შემცირდა. ასევე, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც.

მიუხედავად იმისა, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯი საერთო ჯამში შემცირდა, თუ ხარჯებს ცალკეული სტრუქტურების მიხედვით განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ზოგიერთ მათგანში შრომის ანაზღაურების და ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ეს იმითაა გამოწვეული, რომ 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცალკეული სტრუქტურები გაუქმდა და გამოთავისუფლებული თანხის ნაწილი ბიუჯეტის ამ მუხლებში გადმოვიდა.

 

ცხრილი 2: შრომის ანაზღაურების და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა (2014-2015 წლები)

ხარჯები შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება
დევნილთა საქმეების დეპარტამენტი 234 005 168 760 65 245
მთავრობის აპარატი 81 610 80 860 750
უმაღლესი საბჭო 45 424 22 150 26 274
სულ 361 039 271 770 92 269

წყარო: აფხაზეთის ა/რ 2015 წლის ბიუჯეტი

 

მიმდინარე წელს ყველაზე მეტად ხარჯები დევნილთა საქმეების დეპარტამენტს, აფხაზეთის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს გაეზარდათ. მთლიანობაში, სამივე სტრუქტურის მიმდინარე ხარჯები წინა წელთან შედარებით 361 ათასი ლარით გაიზარდა, საიდანაც 272 ათასი ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდაზე მოდიოდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სტრუქტურებში მომუშავეთა რიცხოვნობა არ გაზრდილა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯების მატება ხელფასების ზრდამ გამოიწვია.

როგორც აღვნიშნეთ, 2015 წელს აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურული ორგანოების გარკვეული ნაწილი – განსაკუთრებულ დავალებათა სამინისტრო, რეგიონული მართვის სამინისტრო და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების სამინისტრო გაუქმდა. 2014 წელს აღნიშნული სტრუქტურების დაფინანსებისთვის 840 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, შესაბამისად, მთლიანობაში, გაუქმებული აპარატების ხარჯზე გამოთავისუფლებულმა თანხამ 840 ათასი ლარი შეადგინა.

 

ცხრილი 3: 2015 წელს გაუქმებული სამინისტროები და მათი დაფინანსება 2014 წელს

გაუქმებული სამინისტროები სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსება
2014 2015
განსაკუთრებულ დავალებათა 37 470 0
რეგიონული მართვის 342 542 0
სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების 459 946 0
გამოთავისუფლებული სახსრები 0 839 958

წყარო: აფხაზეთის ა/რ 2015 წლის ბიუჯეტი

 

თუმცა, 2014 წელს ასევე შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული, ნდობის აღდგენისა და შერიგების სამინისტრო, რომლის დაფინანსებაც მიმდინარე წელს 22.7 ათასიდან  327.4 ათას ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სტრუქტურული ცვლილებებიდან მიღებულმა წმინდა ეკონომიამ 512.5 ათასი ლარი შეადგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ყველაზე მაღალი დაფინანსება განათლებისა და კულტურის სამინისტროს აქვს და 3.1 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის 22.4%-ია. დაფინანსების მიხედვით, მეორე და მესამე ადგილზე აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მთავრობა არიან, შესაბამისად 1.8 და 1.7 მილიონი ლარით, რაც საერთო ასიგნებების 12.5%-ია.

მიმდინარე წელს აფხაზეთის მთავრობის ხარჯების დასაფინანსებლად 1 661 910 ლარია გამოყოფილი. 2013 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 1 557 507 ლარი იყო. შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობის ხარჯი 2013 წელთან შედარებით 104 403 ლარით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის დანახარჯების 74% (1.6 მლნ ლარი) შრომის ანაზღაურების დაფინანსებისთვისაა განკუთვნილი.

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2015 წელს 789 350 ლარითაა განსაზღვრული, საიდანაც 781 350 ლარი მიმდინარე ხარჯებია. 2013 წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 795 275 ლარს შეადგენდა, საიდანაც 782 781 ლარი მიმდინარე ხარჯებისთვის იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ბოლო სამი წლის მანძილზე 5 925 ლარით შემცირდა.

 

დასკვნა

2015 წელს აფხაზეთის მთავრობაში შემავალი გარკვეული სამინისტროების გაუქმების ხარჯზე მიღებულმა ეკონომიამ 840 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 327 ათასი ლარი ნდობისა და შერიგების სამინისტროს დაფინანსებას მოხმარდა, ხოლო დარჩენილი თანხა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულზე გადანაწილდა.

მიმდინარე წლის ბიუჯეტით, ყველაზე მაღალი დაფინანსება განათლების სამინისტროს (3.1 მლნ), აფხაზეთის მთავრობის უმაღლეს საბჭოს (1.8 მილიონი) და აფხაზეთის მთავრობას (1.7 მლნ ლარი) აქვთ გამოყოფილი. აფხაზეთის მთავრობის ხარჯები 2013 წელთან მიმართებაში 104.4 ათასი ლარით გაიზარდა. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, მისი ბიუჯეტი 2013 წელთან შედარებით 5 925 ლარით შემცირდა.

მიმდინარე წელს ყველაზე მეტად ხარჯები დევნილთა საქმეების დეპარტამენტს, აფხაზეთის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს გაეზარდათ. მთლიანობაში, აღნიშნული უწყებების ხარჯები 361 ათასი ლარით გაიზარდა, საიდანაც შრომის ანაზღაურების ხარჯი 272 ათასი ლარით იზრდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მომუშავეთა რიცხოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში არ გაზრდილა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა ხელფასების მატებით არის გამოწვეული.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, “დევნილთა პარტიის” განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: