2017 წლის პირველ სამ თვეში ბინაში შეიარაღებული შეღწევით ყაჩაღობის 20-მდე შემთხვევა მოხდა, რომელიც დასრულდა ლეტალური შედეგით, ან სხეულის დაზიანებით
ნახევრად სიმართლე
348 ნახვა
A+
A
A-

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა საქართველოში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ისაუბრა. „იანვრიდან მარტის ჩათვლით მოხდა 20-მდე შეიარაღებული ყაჩაღობა ბინებზე, რომელიც დასრულდა ან ლეტალური შედეგით, ან სხეულის მძიმე დაზიანებით. ასეთი მძიმე ვითარებაა დღეს კრიმინალთან დაკავშირებით, რომელიც ღრმავდება, მწვავდება“, – განაცხადა კანდელაკმა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2017 წლის 5 მაისს საქსტატმა 2017 წლის ინავრ-მარტში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. აღნიშნული სტატისტიკა ყაჩაღობათა რაოდენობას ცალკე არ გამოყოფს და ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა საერთო რიცხვშია გაერთიანებული.

გარდა აღნიშნული სტატისტიკისა, 2017 წლის რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ სხვა სახის მონაცემები არ გასაჯაროებულა. შესაბამისად, მხოლოდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია გადამოწმდეს, ყაჩაღობის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა 2017 წლის იანვარ-მარტში.

ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით მივმართეთ და 2017 წლის იანვარ-მარტში ყაჩაღობის (მათ შორის, ბინაში შეღწევით ყაჩაღობის) მუხლით (სსსკ, მუხლი 179) რეგისტრირებულ შემთხვევათა შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოვითხოვეთ. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტის საანგარიშო პერიოდში სულ ყაჩაღობის 99 შემთხვევა, მათ შორის ბინაში შეღწევის 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ცხრილი 1: 2017 წლის იანვარ-მარტში რეგისტრირებულ ყაჩაღობათა რაოდენობის კუმულატიური სტატისტიკა

დანაშაულის სახეობა 2017 წელი
სულ რეგისტრირებულია გახსნილია გახსნის %
ყაჩაღობა მ.179 99 64 64.65 %
მათ შორის ბინაში შეღწევით მ.179 –III გ 10 9 90%
საცავში ან სადგომში შეღწევით მ.179 – II ა 8 7 87.5%

 წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

რაც შეეხება გიორგი კანდელაკის განცხადების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც ბინაში შეღწევით ყაჩაღობები ლეტალური შედეგით ან სხეულის მძიმე დაზიანებით დასრულდა, ამის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან შსს ამ სახის მონაცემებს არ ამუშავებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით: „შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკისა და მონაცემთა მართვის სამმართველოში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებისა და არა დანაშაულის გარემოებათა მიხედვით. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი (ყაჩაღობა) არ ითვალისწინებს მაკვალიფიცირებელ გარემოებად (ნაწილის/ქვეპუნქტის სახით) აღნიშნული დანაშაულის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელბის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, დანაშაული დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით“.

ფაქტ-მეტრი შეეცადა თავად გიორგი კანდელაკთან გადაემოწმებინა, თუ რას ეყრდნობოდა მისი განცხადება, თუმცა, სამწუხაროდ, მისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

მართალია, ბინაში შეღწევით ყაჩაღობათა რიცხვის ზრდა თუ კლება კრიმინოგენური მდგომარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, თუმცა მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული დანაშულის მიხედვით მსჯელობა მაინც არ არის მიზანშეწონილი და სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა. ამასთან, კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესების დასადგენად არც ის ფაქტებია (ქურდობის, ყაჩაღობის, მკვლელობის და ა.შ. ცალკეული შემთხვევები) საკმარისი, რაც გიორგი კანდელაკმა სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა. კრიმინალის აბსოლუტურად აღმოფხვრა შეუძლებელია და, რა თქმა უნდა, კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში ყოველთვის იქნება ცალკეული დანაშაულის რამდენიმე შემთხვევა. კრიმინოგენური მდგომარეობის შეფასება მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულთა სრულყოფილი სტატისტიკის არსებობისა და მისი მრავალმხრივი გაანალიზების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-მარტში, ზოგადად რეგისტრირებულ დანაშაულთა ზრდასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ როგორია იანვარ-მარტში რეგისტრირებულ ყაჩაღობათა სტატისტიკა წლების მიხედვით.

 

ცხრილი 2: 2013-2017 წლებში იანვარ-მარტში რეგისტრირებულ ყაჩაღობათა რაოდენობის კუმულატიური სტატისტიკა

2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი
სულ, ყაჩაღობა 154 87 85 71 99
ბინაში შეღწევით 5 6 6 2 10
ბინაში შეღწევით ყაჩაღობის პროცენტული მაჩვენებელი 7.7 % 5.22% 5.1 % 1.42% 9.9%

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

ცხრილი 2-ის თანახმად, იანვარ-მარტის საანგარიშო პერიდოში ყაჩაღობის ფაქტების ყველაზე დიდი რაოდენობა 2013 წელს დაფიქსირდა, 2014-2016 წლებში კი, ანალოგიურ პერიოდში, ყაჩაღობათა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.

რაც შეეხება 2017 წლის იანვარ-მარტს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყაჩაღობათა რაოდენობა 28 ერთეულით გაიზარდა, ხოლო ბინაში შეღწევით ყაჩაღობის რაოდენობა 8 ერთეულით. 2017 წელს, 2013 -2016 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით,  ბინაში შეღწევით ყაჩაღობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

დასკვნა

2017 წლის იანვარ-მარტის საანგარიშო პერიოდში სულ ყაჩაღობის 99 შემთხვევა, მათ შორის ბინაში შეღწევის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გიორგი კანდელაკის მიერ დასახელებული რიცხვის (20 შემთხვევა) ნახევარს წარმოადგენს. აღნიშნული განსხვავება მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2013-2016 წლებში, იანვარ-მარტში ბინაში შეღწევით ყაჩაღობის მაქსიმალური რაოდენობა ექვსია. შესაბამისად, ამ ტიპის დანაშაულის შემთხვევაში 10 ერთეულით მეტის დასახელება, არსებითი შეცდომაა. იგულისხმა თუ არა დეპუტატმა “ბინაში შეღწევაში” საცავში ან სადგომში შეღწევის შემთხვევებიც (8 შემთხვევა), ეს ჩვენთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლების იანვარ-მარტის პერიოდში ბინაში შეღწევით ყაჩაღობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი სწორედ 2017 წელს დაფიქსირდა (9.9%), რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8.48 პროცენტული პუნქტით აღემატება. შესაბამისად, მართალია, გიორგი კანდელაკი შემთხვევათა რაოდენობის დასახელებისას ფაქტობრივ შეცდომას უშვებს, თუმცა, მისი განცხადების კონტექსტი მსგავსი შემთხვევების ზრდის შესახებ, დასტურდება.

რაც შეეხება დეპუტატის განცხადების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც ბინაში შეღწევით ყაჩაღობები ან ლეტალური ან სხეულის მძიმე დაზიანებით დასრულდა, ამის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან შსს ამ სახის მონაცემების არ ამუშავებს. ამ ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია ვერც პოლიტიკოსისგან მივიღეთ (მასთან კომუნიკაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად).

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

გააზიარეთ: